რაში გამოვიყენოთ ჩასაცმელად უვარგისი ქურთუკი

ალბათ თქვენც, როგორც ბევრ ადამიანს, კარადაში ძველი ქურთუკი მოგეპოვებათ. არც კი გახსოვთ ბოლოს როდის გეცვათ, მოდიდან გადავიდა, გაფუჭდა ან უბრალოდ მოგბეზრდათ….

არავითარ შემთხვევაში არ გადააგდოთ იგი – ძველი ქურთუკი ისევ გამოგადგებათ! ჩვენ გთავაზობთ ხერხს მისი სასარგებლოდ გარდაქმნისათვის. თუ ინსტრუქციას დეტალურად მიჰყვებით, მიიღებთ საყიდლების ტევად ჩანთას, რომელიც გაცილებით პრაქტიკული იქნება, ვიდრე ნაყიდი.

ჩანთა ძველი ქურთუკისგან

ცოტა ხნის წინ, კარადიდან ყველაფერი გამოვალაგე და ჩემი ახალგაზრდობის ქურთუკი ვიპოვე. გადაგდება დამენანა, ვიფიქრე, ვინმეს მივცემ-მეთქი, მაგრამ ის უკვე მოდაში აღარაა და, დარწმუნებული ვარ, არავინ ჩაიცვამდა.

თავიდან უმკლავო მოსასხამად გადავაკეთე, აგარაკისთვის. საკმაოდ კარგი გამოვიდა, თუმცა არა ისეთი, როგორსაც ველოდი. ხოდა უცებ მომაფიქრდა: ქურთუკისგან ხომ მყარი ჩანთა გამოვა!

მუშაობის პროცესი

1. ქურთუკის ზურგიდან ამოჭერით მართკუთხედი. მისი ზომა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ტევადი ჩანთის მიღება გსურთ. საჭიროა ორი მართკუთხედი ორი გვერდისთვის. მეორე მხარეს ქურთუკის ორივე მკლავისგან მიიღებთ. შემაერთებელი ნაკერი შეგიძლიათ გააკეთოთ სიმეტრიული ან დიაგონალური.

2. ახლა ქსოვილის ნაჭრები სამი მხრიდან უნდა შეკეროთ. იქ, სადაც ჩანთის თასმები იქნება, დატოვეთ 1.5-4 სმ შეუკერავად. შემდეგ მიეცით ფორმა ჩანთის ძირს, დააგვირისტეთ კუთხეები.

3. მიამაგრეთ სახელურები ქინძისთავებით. სარჩულის ქსოვილს ჩანთის ზომის მიხედვით ვკერავთ. აუცილებელია დატოვოთ ნაწილი (დაახლოებით 10-15 სმ) ერთ მხარეს შეკერვის გარეშე, ამოსატრიალებლად.

4. შეაერთეთ ჩანთის ორი ნაწილის წაღმა მხარე შიგნიდან. ჯერ უნდა დააგვირისტოთ ზედა ნაწილი. შემდეგ ამოატრიალეთ ჩანთა ღია ნაწილიდან და შეკერეთ ის. საბოლოო შტრიხი – გააკეთეთ ორი პარალელური გვირისტი თასმისთვის. შეუკერავი 1.5 სმ გვერდებში, გვირისტებს შორის უნდა დარჩეს.

5. თასმების დამაგრების დროა. ისინი ისეთი სიგრძის უნდა იყოს, რომ ჩანთის ყელს შემოუაროს და შესაკრავადაც მორჩეს. ერთი თასმა პირველ ნახვრეტში ქინძისთავის მეშვეობით შედის და, წრის შემდეგ, იქვე გამოდის. მეორე – მეორეში. ისე უნდა გამოვიდეს, რომ ჩანთა შეიკრას, როცა თასმებს მოუჭერთ.

ეს პროცესი რთული არაა და საკმაოდ მოხერხებულ და კომპაქტურ ჩანთას მიიღებთ. თანაც, ის ორმაგი იქნება და ორივე მხრიდან ატარებთ. საინტერესოა, როგორი დიზაინის გამოგივათ თქვენ – ქურთუკები ხომ სხვადასხვანაირია.