დიზაინერული შეცდომები, რომლებსაც პატარა ბინაში უშვებენ

როდესაც ცოტა მეტი სივრცის მიღებას და საკუთარი პატარა საცხოვრებელი სახლის გემოვნებიანად გაფორმებას ვცდილობთ, ჩვენ ზოგჯერ ვუშვებთ სერიოზულ შეცდომებს, რომლებიც ცხოვრებას გვირთულებს და აფუჭებს ჩვენი ბინის ინტერიერს. საცხოვრებლის მოწყობისას ხშირად ვირჩევთ ავეჯის ჩვეულებრივ წყობას და ვიყენებთ გაცვეთილ შტამპებს ან ვცდილობთ პატარა სივრცეში დავატიოთ ყველაფერი, რაც დიდი სახლის ინტერიერში გვინახავს.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ პატარა ბინის ინტერიერში ყველაზე გავრცელებული შეცდომების შესახებ. მაგრამ დღეს ჩვენ არა მხოლოდ გისაყვედურებთ, არამედ ალტერნატივას შემოგთავაზებთ.

პატარა ბინის ინტერიერის დიზაინი

1. ნახატებიანი კედლები

შპალერი ან კაფელი პატარა ნიმუშებით ან, პირიქით, ძალიან დიდი ნახატებით, ნამდვილად არ არის საუკეთესო იდეა პატარა ბინისთვის. ასე ოთახი ვიზუალურად უფრო პატარა ჩანს, და ფსიქიკაზეც ზემოქმედებს.

თუ უბრალო ერთტონალობიანი კედლები არ მოგწონთ, გირჩევთ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი კედელი ან კუთხე აქცენტისთვის. გამოიყენეთ მოკრძალებული გეომეტრიული ნიმუშები, საშუალო ზომის ყვავილები ან სხვა მოდური ნახატები.

2. ბევრი ავეჯი

რა თქმა უნდა, ყველას გვსურს ოთახში დავატიოთ დივანი, კარადა, კომოდი, კოსმეტიკის მაგიდა, წიგნების სტელაჟი. ყოველთვის გვეჩვენება, რომ სივრცის კომპეტენტური ორგანიზება უამრავ ავეჯს მოითხოვს. მაგრამ მცირე ზომის ბინაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა განათავსოთ ბევრი ავეჯი. რადგან საცხოვრებელი უფრო მეტად ძველი საგნებით და ობიექტებით გადავსებულ სხვენს დაემსგავსება და მეტიც, ასეთ სივრცეში გადაადგილებაც რთული იქნება.

მინიმალიზმი პატარა ბინის საუკეთესო მეგობარია. ის მოდური და თანამედროვეა. პრობლემის გადაჭრაში მრავალფუნქციური ავეჯი დაგეხმარებათ. საწოლი თაროებით ან სულაც ისეთი, რომელიც კარადაში იმალება. მაგიდა, რომელიც მარტივად ტრანსფორმირდება ქალის სილამაზის კუთხედ. და, რაღა თქმა უნდა, რაციონალურობა: თუ სახლში არ მუშაობთ, მაშინ საწერი მაგიდის დადგმას აზრი არ აქვს.

3. დეკორატიული ელემენტების სიმრავლე

ფერწერული ტილოები, ფოტოები, სტატუეტები – ეს უხეში შეცდომაა არა მხოლოდ მცირე ზომის ბინებში. დეკორი დეკორის გულისთვის საცხოვრებელ სახლს სუვენირების მაღაზიად აქცევს.

საკმარისია მხოლოდ 1-2 შესაბამისი ნახატი, ერთი ხალიჩა და რამდენიმე ფიგურა ან სანთელი. ასე ბინა გაცილებით ფართო და მყუდრო იქნება. და დასუფთავებაც ნაკლებ დროს წაგართმევთ.

4. მრავალფენიანი ფარდები

ფარდებს შეუძლიათ დაამშვენონ ყველაზე მოსაწყენი ინტერიერი ან მთელი ძალისხმევა და ხარჯები წყალში ჩაგიყაროთ. მრავალფენიანი ფარდები საკმაოდ უხეშად გამოიყურება პატარა ოთახებში, ასევე ვიზუალურად ამცირებს სივრცეს. მეტიც, ისინი უკვე მოდიდან გადადის და მათ იშვიათად იყენებენ უზარმაზარ აგარაკებზეც კი, მხოლოდ მაშინ, თუ ამას ინტერიერის დიზაინი მოითხოვს.

ყურადღება მიაქციეთ თანამედროვე სელის ტილოებს და ჟალუზებს. ან შეარჩიეთ ნათელი წულის სწორი ფარდები, რომლებიც შუქის 50%-ზე მეტს ატარებს.

5. დიდი ზომის ჭაღები

მასიური ან ძალიან პატარა ჭაღები – ორი უკიდურესობა, რომლებიც პატარა ბინებს არ შეესაბამება. მეტისმეტად დიდი ჭაღი იატაკამდე ჩამოვა, პატარა კი კვადრატული მეტრების ნაკლებობაზე გააკეთებს აქცენტს.

უმჯობესია ჭაღების ნაცვლად ჩასამონტაჟებელი ჰალოგენები გამოიყენოთ, შეავსოთ ოთახის განათება მიმართულებითი ბრას, იატაკის სანათების ან მაგიდის სანათების გამოყენებით. ხოლო თუ ჭაღს იყენებთ, მაშინ დამხმარე ნათურებზე, გარდა ჩასაშენებელისა, უმჯობესია უარი თქვათ.

6. ფერების მრავალფეროვნება

პატარა ბინაში სხვადასხვა ფერის, პრინტებისა და ტექსტურის გაერტიანება ზოგიერთ დიზაინერსაც კი არ გამოსდის, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვეულებრივ მაცხოვრებლებზე. მრავალი ფერი დასაშვებია მხოლოდ დიდ ბინებში. ასე რომ, არ არის საჭირო ცხოვრების გართულება.

არსებობს ფერების კომბინაციის წესი – ერთდროულად არა უმეტეს სამი ფერისა. ხოლო ძირითადი ფერის ჩრდილების რაოდენობა ნებისმიერი შეიძლება იყოს. მაგალითად, პასტელის კრემისფერი – ძირითადი, ხოლო აქცენტისთვის ზურმუხტისფერი და იასამნისფერი.

7. ღია სტელაჟები

ღია სტელაჟები ბინას შემატებენ მოცულობას და გააცოცხლებენ ინტერიერს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საინტერესო კომპოზიციით იქნება შეკრებილი. ხშირად თაროები სხვადასხვა ფორმისა და ზომის შეუსაბამო აქსესუარებითაა დატვირთული.

უფრო დიდი ყურადღება დაუთმეთ თაროებზე ნივთების განლაგებას. თუ ეს თქვენთვის რთულია, აირჩიეთ ვარიანტები კარებით ან კომბინირებული. როდესაც ღია თაროები ნაკლებია, წესრიგის შენარჩუნებაც უფრო ადვილია.

8. ფერადი იატაკი

ფერად იატაკს შეუძლია სივრცის გაფართოება, თუ ავეჯის დანარჩენი ნაწილები ერთ ფერშია შერჩეული. სხვა შემთხვევებში, იგი პატარა ზომის ბინას კიდევ უფრო პატარას გახდის. უმჯობესია აირჩიოთ ერთი ტონალობის იატაკი. იგივე ეხება ხალიჩებსაც.

9. თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციები და მობათქაშებული ჭერი

დაივიწყეთ მობათქაშებული და მრავალფენიანი ჭერები პატარა ზომის ბინაში. ისინი ჭერს უფრო დაბალს ხდის და ოთახის ზომასაც ამცირებს.

შესაფერისი ვარიანტია მაღალი ჭერის პლინტუსი და ლავგარდანი. შეგიძლიათ ისინი კედლის ფერში შეღებოთ, რათა ვიზუალურად გაზარდოთ ისინი და ჭერი აამაღლოთ. ან საერთოდ უარი თქვათ მათზე. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სარკისებრი გასაჭიმი ჭერი მსუბუქ ფერებში.

ნებისმიერი ბინა, ზომების მიუხედავად, უნდა იყოს მყუდრო და ვრცელი. თქვენ სახლში თავს თავისუფლად და კომფორტულად უნდა გრძნობდეთ. ამიტომ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს შენიშვნები და თქვენი საცხოვრებელი უფრო მყუდრო გახადეთ.