
ცნობილმა დიზაინერმა დონალდ ლოკოკომ ხის ლაბირინთული ინტერიერით, გამორჩეული ინგლისური სტილითა და ვერანდებით ცნობილი რენესანსის დროინდელი სახლი საოცრად მომხიბვლელ თანამედროვე შენობად გადააკეთა. მას სურდა ვაშინგტონში მდებარე შენობისთვის ორიგინალი ჩონჩხის შენარჩუნება და მისთვის უფრო მეტი სივრცის შემატება. ეს მან ყველაზე ეფექტურად სამზარეულოში განახორციელა.
ლოკოკოს სურდა შეექმნა იდეალური გარემო ოჯახისთვის, ბევრი განათებითა და ეზოს ხედით. მისი საოცნებო სამზარეულო თავისუფალი იყო ყველა კარადისგან, თუმცა კვლავ ინარჩუნებდა საკმარის შესანახ სივრცეს. ეს სამზარეულო ოჯახის ოთახად ითვლებოდა, რის გამოც მის შუაში ფართო კუნძული განათავსა როგორც სასაუზმე ადგილი, ირგვლივ კი შუშის თაროები შექმნა, რომლებიც მეტალის ბოძებით იყო გამაგრებული.
სამზარეულოს თაროების სიმაღლე რესტორნებს მოგაგონებთ, თუმცა მათი მიზანი ყოველდღიურად გამოყენებადი ჭურჭელის ერთი ხელის გაწვდენის სიშორეზე შენახვაა. მათი შემაკავებელი მეტალის ბოძები სახლის საძირკველამდე ჩადის და მნიშვნელოვნად ამცირებს ზედმეტად დიდი საკიდების საჭიროებას. ამ ოთახის ინტერიერი სივრცის შენარჩუნებაზეა მორგებული, თუმცა მასში მაინც შეხვდებით პროფესიონალი მზარეულების შესაფერის უმაღლესი ხარისხის მაცივარს, გაზქურასა და მიკროტალღურ ღუმელს, რომლებიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია.
მაცივრის მოპირდაპირე მხარეს მოთავსებული კარი სათავსოში გადის. ეს მოკრძალებული ზომის ოთახი იტევს ფქვილეულს, მარცვლეულს, კონსერვებს და ასევე მასში შეხვდებით ჩაშენებულ ყავის მადუღარას, ორთქლის ღუმელს, პირსაბანს და ჭურჭლის სარეცხს.
მაცივარსა და სათავსოს შორის დერეფნისკენ მიმავალ გზაზე თეფშების კედელს წააწყდებით, რომელშიც ასევე დამალული უჯრებია განთავსებული საწმენდი საშუალებების შესანახად. აქ ასევე დიასახლისის საყვარელი ლუდებით სავსე მცირე ზომის მინიბარის მქონე მაცივარიცაა ჩაშენებული. ამ უნიკალურ ოთახთან ერთად ამ სახლში ასევე დაბლითა სართულებზე ორიგინალურ მარანსაც შეხვდებით. შენობის განახლებისას ეს ოთახი, რომელიც დიზაინერის აზრით ადრე ბომბებისგან დასაცავ თავშესაფარს წარმოადგენდა, ხელუხლებელი დატოვეს და მას მარნის ფუნქცია მიანიჭეს. ამის წყალობით სრულიად ახლებული სახლის გულში მისი ძველი ცხოვრების აღსანიშნავი წერტილი დარჩა.