
ზეინ პაულსი არ არის ვალდებული ეს გააკეთოს და მას აპარატის გამოყენებაც შეუძლია, მაგრამ იგი მაინც აგრძელებს 78 ლანჩი პირადად მიაწოდოს ყველაზე გაჭირვებულ მოსწავლეებს, რომლებიც კარანტინში არიან გამოკეტილი.
ბრიტანული გრიმსბის დაწყებითი სკოლის პედაგოგი ყოველდღე გადის რვა კილომეტრს, რათა 78 მოსწავლეს უფასო საკვები მიუტანოს. და იგი მზადაა ეს კარანტინის დასრულებამდე აკეთოს.
ზეინი ყოფილი სამხედროა, ფიტნესის მოყვარულია, სკოლაში დირექტორის თანაშემწეს თანამდებობაზე მუშაობს და ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ სპორტულ ღონისძიებებში. რამდენიმე წლის წინ, მან ორი კვირის განმავლობაში თითქმის 2,000 კილომეტრი გაიარა ფონდ Cat Zero-ს მხარდასაჭერად, რომელიც ახალგაზრდა ადამიანებს სამსახურის პოვნაში ეხმარება.
“საკვების მიტანისას, პარალელურად ვამოწმებ, ჩემს მოსწავლეებს ყველაფერი რიგზე აქვთ თუ არა. მინდა, რომ ისინი ქუჩაში რაც შეიძლება ნაკლებად გამოჩნდნენ კორონავირუსის გამო” – ამბობს პაულსი.
ის იცავს დისტანციას, ერიდება ახლო კონტაქტს და არ შედის მოსწავლეების სახლში. მაგრამ ყოველთვის ესაუბრება ბავშვებსა და მშობლებს.
“ზოგი ბავშვი დამატებით საშინაო დავალებებსაც კი მთხოვს” – აღიარებს მასწავლებელი.
78 ლანჩს იგი ზურგჩანთითა და პაკეტებით დაატარებს. ეს არის მძიმე ტვირთი, რომელიც 18 კგ-ს იწონის.
ერთი ბავშვისთვის გამზადებული უფასო ლანჩი მოიცავს სენდვიჩებს, ბისკვიტს, ჩიფსის პაკეტს და ვაშლს. პაულსი ამბობს, რომ მძიმე ტვირთის დისკომფორტი არაფერია იმ მოსწავლეთა მშობლების განსაცდელთან შედარებით, რომლებიც იძულებულნი არიან სახლში თვითიზოლაციაში დარჩნენ.
გრიმსბის სკოლაში დამსწრე ათიდან ოთხი მოსწავლე უუნარო და ხელმოკლე ოჯახებში ცხოვრობენ, ამიტომ სასკოლო ლანჩის მიწოდება მშობლებს საშუალებას აძლევს სახლში შვილებთან დარჩნენ და საკვებისთვის ფულის საშოვნელად სამსახური არ ეძებონ.
მისი “მისიიდან” სამი კვირის შემდეგ, პაულსი უკვე გახდა ადგილობრივი ლეგენდა, თუმცა მას რცხვენია, როდესაც ასე უწოდებენ.
“ჩემი სამუშაო ბავშვებზე ზრუნვა და მათი აღზრდაა”, – ამბობს ის.
მაგრამ ახლა მას მარშრუტზე ხვდება რამდენიმე სამადლობელო პლაკატი, რომლებიც ბავშვებმა დახატეს. ადგილობრივი პოლიციაც კი აღფრთოვანებულია ამ უანგარო მასწავლებლის საქციელით.