8 ადგილი ბინაში, რომელთა გაფორმებაც გვავიწყდება, შემდეგ კი ვნანობთ

ფიქრობთ, რომ თქვენი ბინა იდეალურია? ან პირიქით, მუდმივად ეძებთ შესაძლებლობას ინტერიერში ცოტა კომფორტი დაამატოთ? თუ მეორე კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნებით, გთავაზობთ რამდენიმე ადგილის ჩამონათვალს, რომლებსაც ინტერიერის დეკორაციისას უყურადღებოდ ვტოვებთ. გამოასწორეთ ეს გაუგებრობა – თქვენი ბინა მაშინვე გარდაიქმნება ახალი ფერებით და იგი გაცილებით საინტერესო გახდება.

1. შემოსასვლელი

ყველაზე ხშირად, შემოსასვლელში მინიმალური ავეჯი და დეკორაცია გვხვდება, რადგან ოთახის პატარა ფართობი არ იძლევა საშუალებას მასში ყველაფერი დავატიოთ, რაც საჭიროა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დერეფანი ნებისმიერი ბინის სავიზიტო ბარათია, ადგილი, რომელსაც პირველად ხედავენ ჩვენი სტუმრები, და თავად ჩვენც, როდესაც სახლში ვბრუნდებით. ასე რომ, დაე ამ ოთახმა გაახაროს ჩვენი თვალი და შეგვიქმნას კარგი განწყობა. თუ ფართომასშტაბიანი დეკორაციისთვის საკმარისი ადგილი არ გაქვთ, კედლები მაქსიმალურად გამოიყენეთ. მათზე შეგიძლიათ დაკიდოთ ფოტოები, ნახატები ან მოდური პოსტერები. არ დაგავიწყდეთ ლამაზ ჩარჩოში ჩასმული სარკის შეძენა – ის არა მხოლოდ დერეფნის პრაქტიკული შემადგენელი ელემენტი გახდება, არამედ დაამშვენებს ინტერიერს და ოთახის სივრცეს ვიზუალურად გააფართოვებს.

კიდევ ერთი ვარიანტია ჩამოკიდოთ რამდენიმე ღია თარო და მათზე წიგნები დაალაგოთ. თუ გადაწყვიტეთ, რომ ოთახი მაქსიმალურად გამოიყენოთ, ჩართეთ თქვენი ფანტაზია. ექსპერიმენტი ჩაატარეთ კედლების ფერით, შექმენით რთული კომპოზიცია აქცენტური შპალერისა და კედლის დეკორის გამოყენებით, ითამაშეთ განათებით. შემოსასვლელის ნათელი და საინტერესო დიზაინი ბინის ატმოსფეროს უკეთესობისკენ შეცვლის, მაგრამ, ამავე დროს, არ იქნება მოსაწყენი, რადგან დერეფანში დიდი დროის გატარება არ არის საჭირო.

2. სააბაზანო ოთახი

უმეტეს ბინებში, სველი წერტილი დიდი ზომებით არ გამოირჩევა, ამიტომ პირველ რიგში გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ სივრცე ერგონომიული და ფუნქციური იყოს. მთავარი ამოცანაა დავატიოთ საჭირო ავეჯი და სანტექნიკა ისე, რომ ოთახი გადატვირთული არ ჩანდეს. გვგონია, რომ სააბაზანო უბრალოდ არ არის შექმნილი დეკორაციისთვის და ის მხოლოდ “ვიზუალურ ხმაურს” შექმნის, რის გამოც ყველა დისკომფორტს ვიგრძნობთ.

სინამდვილეში, ძალიან მნიშვნელოვანია იპოვოთ გადამკვეთი ხაზი ფერად, გადატვირთულ ინტერიერსა და მოსაწყენს, ცარიელ სააბაზანოს შორის, რომელიც უსიცოცხლოდ გამოიყურება. ყურადღება გაამახვილეთ ჩვეულებრივ აქსესუარებზე: პირსახოცები, საშხაპე ფარდა, შამპუნები, ბალზამები, და სხვა თავის მოვლის საშუალებები. შეგიძლიათ ისინი ერთ სტილში შეარჩიოთ, რათა ოთახი უფრო ჰოლისტიკურად და ჰარმონიულად გამოიყურებოდეს. ასევე შეიძლება ინტერიერში დაამატოთ ცოცხალი მცენარეები, რომლებიც მომატებული ტენიანობის პირობებში თავს ნორმალურად გრძნობენ – მაგალითად, ციპერუსი ან ბეგონია. კიდევ ერთი კარგი ვარიანტია ხელოვნური ან გამხმარი ყვავილები.

არ უნდა დაგავიწყდეთ სააბაზანოს კედლების შესახებაც. ინტერიერში მყუდროების დასამატებლად და ამავდროულად თითოეული კვადრატული მეტრის გონივრულად გამოყენებისთვის, ერთმანეთს შეუთავსეთ დეკორი და შესანახი სისტემები. კედლებზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ პატარა თაროები, რომლებიც ერთ ხაზში გაერთიანდება და მათზე პატარა პირსახოცებს, სანთლებს, არომატულ ზეთებს, წყლის პროცედურებისთვის სასარგებლო წვრილმანებს და ა.შ. შეინახავთ.

3. კედელი უნიტაზის უკან

თუ საპირფარეშო ცალკე გაქვთ,ტუალეტის გაფორმებაზეც უნდა იზრუნოთ. დეკორაციისთვის ყველაზე მეტად გამოდგება კედელი უნიტაზის უკან. აქ ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და საჭიროებებზეა დამოკიდებული: შეგიძლიათ დაკიდოთ ორიგინალური პლაკატი, განათავსოთ დეკორაციული თეფშები, აღჭურვოთ რამდენიმე შესანახი თარო. ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ ვარიანტს შეეძლება საპირფარეშოს ინდივიდუალურობა შესძინოს. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველაფერი ერთ სტილში შესრულდეს.

4. ფანჯრის რაფა

ფანჯრის რაფა ინტერიერის ის უნივერსალური ელემენტია, რომელიც ყველა ბინას აქვს და რომლის გამოყენებაც თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი საჭიროებისთვის. ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია ფანჯრის რაფები “შიშველი” დატოვოს და ისინი მხოლოდ ფარდებით დაფაროს. საუკეთესო შემთხვევაში, მათზე ათავსებენ ყვავილების ქოთნებს, უარესში კი – ზედმეტი წვრილმანებით ავსებენ. თუმცა, დიზაინერებს ასეთი მიდგომა არასწორად მიაჩნიათ და გვირჩევენ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ფანჯრის რაფების დეკორაციას, რათა ინტერიერი უფრო მყუდრო და საინტერესო გავხადოთ.

უამრავი ვარიანტი არსებობს, და ყველაფერი მხოლოდ ფანჯრის რაფის ზომებზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ ის ფართოა, ბინის მეპატრონეს შეუძლიათ გამოიყენოს მაგალითი, რომელიც ამერიკაში პოპულარობით სარგებლობს, კერძოდ, მოაწყოს აქ კომფორტული კუთხე დასვენებისთვის ან წიგნების წასაკითხად. თუ ბინაში შესანახი სისტემების ნაკლებობას განიცდით, ფანჯრის ქვეშ შესანიშნავად გამოიყურება თაროები. პატარა ფანჯრის რაფაც კი შეგიძლიათ გააფორმოთ – მაგალითად, ორიგინალურ ქოთნებში ჩარგული ცოცხალი მცენარეებით, ლამაზ ჩარჩოებში ჩასმული ფოტოებით, სანთლებით, წიგნების პატარა გორით. მთავარია – ყველაფერი ერთ სტილში შეარჩიოთ, რომელიც ინტერიერს შეესაბამება და თან მინიმალური რაოდენობის ნივთები გამოიყენოთ.

5. სამზარეულოს კუთხე

მიუკერძოებელი თვალით შეხედეთ თქვენს სამზარეულოს. რა არის განთავსებული კუთხეში? ძველი ყავის მადუღარა, ბურღულეულით სავსე ქილები, კონტეინერების გორა, სანელებლები? მიუხედავად იმისა, რომ მზარეულობა ძალიან საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც საჭიროებს, რომ ყველა აუცილებელი პროდუქტი და მოწყობილობები ყოველთვის ხელთ გვქონდეს, სამუშაო ზონა ლამაზი და კოხტა უნდა იყოს. შენიშვნა – არა ცარიელი. იმისათვის, რომ სიამოვნება მიიღოთ არა მხოლოდ კერძების მომზადებისგან, არამედ სამზარეულოში ყოფნისგანაც, სამზარეულოს კუთხე დეკორაციისთვის გამოიყენეთ. აქ შეგიძლიათ დადგათ მოდური ჭურჭელი, ადვილად მოსავლელი ყვავილი საინტერესო ქოთნით, რომელიც შეგიძლიათ საკუთარი ხელით გააფორმოთ, კულინარიული წიგნები, მაღალი ხარისხის ხისგან დამზადებული საჭრელი დაფების ნაკრები და ა.შ.

6. სამზარეულოს ზედაპირი

სამზარეულოს თემის გაგრძელება: ასევე შეგიძლიათ ლამაზად გააფორმოთ სამზარეულოს ზედაპირიც. მიუხედავად ძლიერი რწმენისა, რომ იგი კერძების მომზადების პროცესებს შორის ცარიელი უნდა დარჩეს, ზოგი დიზაინერი სრულიად განსხვავებულ პოზიციას იკავებს. ისინი თვლიან, რომ სამზარეულოს ზედაპირი შეიძლება და უნდა გავაფორმოთ. მომგებიანი ვარიანტი იქნება, თუ შეიძენთ ფერადი შუშისგან დამზადებულ ორიგინალურ ჭურჭელს და, ნაცვლად იმისა, რომ ისინი კარადაში შეინახოთ, თვალსაჩინო ადგილას მოათავსებთ. იგივე შეიძლება გააკეთოთ ჭურჭლის პატარა კომპლექტით ან სანელებლების პატარა ქილებით.

ექსპერტის მოსაზრება: დიზაინერი ნადია ზოტოვა გთავაზობთ ყველაზე გონივრულ ვარიანტს – ნათელი სურათები, რეპროდუქტიები ან აფიშები. მაგრამ ეს ვარიანტი შესაფერისი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიასახლისი არც ისე ხშირად ამზადებს და სამზარეულოში ცოტა დროს ატარებს.

7. სასადილო მაგიდა

კერძების მიღებას შორის სასადილო მაგიდა ხშირად ცარიელია. მხოლოდ ლამაზი სუფრები და ქსოვილის ბილიკები კი ამ სიტუაციაში ვერ დაგეხმარებათ – ისინი აბსოლუტურად არაპრაქტიკულია, თანაც, უკვე დიდი ხანია გადავიდა მოდიდან. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ არჩევანი ტრადიციულ საყოფაცხოვრებო წვრილმანებზე შეაჩეროთ, როგორიცაა, მაგალითად სამარილეები, ქაღალდის ხელსახოცის ჩასადები ან შუშის ბოთლი ზეითუნის ზეთით. მაგრამ ეს ძალიან მოსაწყენი, პროგნოზირებადი და უბრალოა.

უკეთესია უპირატესობა მიანიჭოთ ლარნაკს. მოდელი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ – ეს შეიძლება იყოს შუშის ვერსია მინიმალიზმის სტილში ან რაღაც უფრო რთული. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პროდუქტი იდეალურად ჯდება ინტერიერში. რაც შეეხება შევსებას, აქ ყველაფერი თქვენს სურვილზე და უპირატესობებზეა დამოკიდებული: მწვანე ფოთლები, გამხმარი ყვავილები, ცოცხალი ყვავილების თაიგული და სხვა. შეიძლება აქცენტი არც თუ ისე ორიგინალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად გარდაქმნის სამზარეულოს, მას უფრო საინტერესოს, მყუდროს გახდის და განწყობას აგიმაღლებთ.

8. ყავის მაგიდა

აქაც იგივე ამბავია, რაც სამზარეულოს მაგიდასთან – სანამ ბინის მეპატრონეები მაგიდაზე ყავას და ორცხობილებს არ დაალაგებენ, მაგიდა ყოველთვის ცარიელია. უკეთეს შემთხვევაში, მასზე წიგნები, ტელევიზორის პულტი ან რამდენიმე ჟურნალია მოთავსებული, რომლებიც დიდი ხანია მოძველდა.

თუ ყავის მაგიდის იერსახე შეცვალოთ, მოიძიეთ ინსპირაცია ლამაზ კოლექციებში, რომლებსაც მსოფლიო დონის დიზაინერები თავიანთ ბლოგებზე აქვეყნებენ. ამრიგად, თქვენ შეძლებთ იპოვოთ საინტერესო წვრილმანები, რომლებიც ორიგინალურ კომპოზიციად გამოგადგებათ. ვინტაჟური ფოტოები, ზღვის ნიჟარებით სავსე ქილები, ძველი ფოტოაპარატი, პატარა ლარნაკი ყვავილებით, ლამაზი მოჩუქურთმებული ყუთი – ვარიანტი უამრავია.