თუნუქის ქილების მეორე სიცოცხლე: კრეატიული იდეები მათ გამოსაყენებლად

სასმელების, ზეთისხილის, მწვანე ბარდისა და სხვა პროდუქტებისგან დარჩენილი თუნუქის და კალის ქილა, ჩვეულებრივ, პირდაპირ ნაგვის ყუთში იგზავნება. მაგრამ იქნებ მათ სხვა კუთხიდან შევხედოთ? რადგან ქილები წარმოუდგენელი წყაროა სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებისთვის: როგორც ფუნქციური, ისე უბრალოდ სასაცილო ნივთებისთვის.

1. სავარცხლების ჩასადები

თუნუქის ქილისგან შეგიძლიათ გააკეთოთ ძალიან მოსახერხებელი დამჭერი სავარცხლებისა და ფენისთვის. ჭურჭელს ქაღალდი შემოაკარით და დაამაგრეთ კედელზე ან კარადის სახელურზე წებოვანი ლენტის გამოყენებით. ასეთი გადაწყვეტა გაგითავისუფლებთ ადგილს თაროზე, სავარცხლები კი ყოველთვის თქვენს ხელთ იქნება. ფენისთვის მსგავსი დამჭერის გაკეთებას თუ დააპირებთ, იგი კედელზე უფრო მყარად უნდა დაამონტაჟოთ.

2. პირსახოცების შესანახი

აბაზანის ინტერიერი ახალი ფერებით ითამაშებს ორიგინალური პირსახოცების შესანახი ყუთებით. ქილებს აფორმებენ, ხის დაფაზე ამაგრებენ და კედელზე კიდებენ. ასეთი თაროები განსაკუთრებით ლამაზია, როდესაც გაფორმებულია დეკუპაჟის ტექნიკის გამოყენებით.

3. ორიგინალური სასანთლეები

ნებისმიერ ოთახში, განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან ორიგინალური სასანთლეები. არსებობს უამრავი ვარიანტი, თუ როგორ გადააქციოთ თუნუქის ქილა ელეგანტურ დასადგამად. მაგალითად, შეგიძლიათ მის გარშემო დაწნათ ჯუთის ბაწრებით და კიდეები მძივებით და სხვა დეკორით გააფორმოთ. ან გარედან ჯუთის დაწნული ტომარა შემოაკრათ და აჟურული ზოლებით გაკვანძოთ, შემდეგ კი ბაფთა გაუკეთოთ. ასევე შეიძლება დაამზადოთ ორიგინალური მინი სანათი, თუ ქილაზე ნიმუშების ან ასოების პერფორაციას გააკეთებთ და შიგნიდან ქილას ოქროსფრად შეღებავთ, გარედან კი თეთრად. ძალიან ლამაზი იქნება მაგიდაზე რამდენიმე ასეთი სანათი სხვადასხვა ასოებით, რომლებიც ერთ რიგში იქნება დალაგებული და რაღაც სიტყვას შეადგენს.

4. ორგანაიზერი სხვადასხვა ნივთებისთვის

კალის ქილები შესანიშნავია სხვადასხვა მცირე ზომის ნივთების შესანახად: სამზარეულოს ჭურჭლის, სათამაშოების, საკანცელარიო და სხვა წვრილმანი ნივთებისთვის. მათი გაფორმება ადვილია სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით და ძალიან ესთეტიკურად გამოიყურება. ქილები შეგიძლიათ ცალ-ცალკეც დაალაგოთ ან რამდენიმე ცალი ერთად დაამაგროთ დაფაზე ან სხვა ნივთზე და ერთგვარი კომპოზიცია შექმნათ.

5. ორგანაიზერი ავტოფარეხისთვის

თუნუქის ქილებისა და პლასტმასის მილის ნარჩენებისგან შეგიძლიათ დაამზადოთ მოსახერხებელი ორგანაიზერი ლურსმნების, ხრახნებისა და სხვა წვრილმანების შესანახად. ავტოფარეხის ან სახელოსნოს კედელზე უნდა დაამონტაჟოთ მილი – იგი დამჭერის როლს შეასრულებს. მილზე ქანჩიანი ჭანჭიკებით დაამაგრებთ მომჭერ სამაგრებს და შემდეგ მათზე კონტეინერებს ჩამოკიდებთ.

6. ორგანაიზერი ლენტებისთვის

ხელსაქმის მოყვარულ ქალბატონებს საქმეს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს უბრალო ორგანაიზერი, რომელიც მარტივად მზადდება თუნუქის ქილისგან. ჭურჭელს უნდა გაუკეთოთ ნახვრეტები, შიგნით უნდა მოათავსოთ ლენტის მორგვები და ბოლოები ნახვრეტებიდან გამოაძვრინოთ. ქილა შეიძლება ლენტების ფერებში შეღებოთ, ეს გაგიმარტივებთ სასურველი ფერის ლენტის პოვნას.

7. სანათები აგარაკისთვის

აგარაკზე ყოველთვის გამოგადგებათ თუნუქის ქილებისგან დამზადებული მინი-სანათები. ასეთი სანათები ელექტრობის გამორთვის დროს ძალიან გამოსადეგია და ისინი ვერანდაზე რელაქსაციისთვის მყუდრო ატმოსფეროს შექმნიან. თუ ქილებს სახელურსაც მიამაგრებთ, მიიღებთ ორიგინალურ ფარნებს, რომელთა გადაადგილებასაც შეძლებთ.

8. დეკორაცია აგარაკის ღობისთვის

თუნუქის ქილებისგან შეგიძლიათ გააკეთოთ გვირგვინი ღობის გასაფორმებლად. ან სცადოთ არა გვირგვინის, არამედ რაიმე სხვა ფიგურის დამზადება, მაგალითად, შეაგროვოთ ქილები ვარსკვლავების ფორმით. თუ ჭურჭელს მიმზიდველ ფერებში შეღებავთ, ასეთი დეკორაცია ძალიან ლამაზი იქნება. ხოლო როდესაც ხელნაკეთი დეკორაცია მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ უბრალოდ გადააგდოთ იგი ან ახლით ჩაანაცვლოთ.

9. დრენაჟი

გაზიანი სასმელებისთვის განკუთვნილი კალის ქილები მებაღეებს ძალიან გამოგადგებათ. მათგან შესანიშნავი დრენაჟის დამზადებაა შესაძლებელი ღრმა ქოთნებში მცენარეების დარგვისას. ოდნავ დაჭეჭყილი ქილები ქმნიან “ჰაერის” ჯიბეებს, რომლებიც ნიადაგისთვის სასარგებლოა და არ ამძიმებს ქოთნებს.

10. გრილი

ძალიან მარტივი მეთოდი 5 წუთში გრილის გასაკეთებლად – უნდა აიღოთ თუნუქის ქილა, გაჭრათ (მაგრამ არა ბოლომდე) ზოლებად და გადაკეცოთ ისინი. მიღებული კოსტრუქცია ფოლგით დაფაროთ, მასში ჩადოთ რამდენიმე გაღვივებული ნაკვერცხალი და ზემოდან გისოსი მოათავსოთ. სულ ესაა, ახლა შეგიძლიათ მასზე ძეხვი, ბოსტნეული და სხვა პროდუქტი მოამზადოთ.

11. გასართობი ბავშვებისთვის

ალბათ ბავშვებს მოეწონებათ პატარა ოჩოფეხებზე სიარული. პატარებისთვის მცირე ზომის კალის ქილებია შესაფერისი, მოზარდებისთვის კი უფრო ფართო და მაღალი. ასევე, ქილისგან შეგიძლიათ გააკეთოთ სათამაშო ბარაბანი, ამისთვის, მათზე ტყავის ან სხვა შესაფერისი ქსოვილის მასალა უნდა გადაჭიმოთ.

12. საბავშვო ბოულინგი

ეს ძალიან კარგი იდეაა ბავშვების გასართობად. თუნუქის ქილები ბოულინგის ბოთლებად გამოიყენეთ, ბურთის ნაცვლად კი ჩოგბურთის ბურთი გამოიყენეთ. ჭურჭლის შეღებვა ბავშვსაც შეუძლია, ასევე შეგიძლიათ ქილებზე ქულების დასათვლელად ციფრებიც დახატოთ.

13. ყვავილების ქოთნები

თუნუქის ქილები ადვილად შეიძლება ვაქციოთ ქოთნებად ყვავილებისა და სხვა მცენარეებისთვის. მიმზიდველი გარეგნობის საკითხი მარტივად წყდება, მაგალითად, შეღებვით. დრენაჟისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კიდევ ერთი ჭურჭელი, რომელსაც ყოველთვის ნაგვის ყუთში ვათავსებთ – პლასტმასის ბოთლის ნაჭრები.