როგორ შევქმნათ ბინაში ქალაქგარე სახლის კომფორტი

ყველას არ აქვს საზაფხულო აგარაკი და ქალაქგარეთ დასვენების შესაძლებლობა. მაგრამ, ამაზე არ ღირს ნერვიულობა. ის სიმშვიდე და სიმყუდროვე, რომელსაც ქალაქგარე სახლი გაძლევთ, შეგიძლიათ მეგაპოლისზეც იგრძნოთ. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გადახედოთ რამდენიმე იდეას, რომლებიც საკუთარ ბინაში საჭირო ატმოსფეროს შექმნაში და ბუნებასთან დაახლოებაში დაგეხმარებათ.

იდეა 1: მოაწყვეთ მყუდრო შემოსასვლელი ზონა

მაშინაც კი, თუ აგარაკის თემატიკას დაამატებთ საძინებლის, მისაღები და სამზარეულო ოთახების ინტერიერში, შემოსასვლელს კი პირვანდელ ფორმაში დატოვებთ, ნაკლებად სავარაუდოა, სასურველ მიზანს მიაღწიოთ. მაშ ასე, როგორ გავაფორმოთ შემოსასვლელი სწორად? უპირველეს ყოვლისა, უნდა გახსოვდეთ – დერეფანი დიდი ზომებით არ გამოირჩევა, რაც ნიშნავს, რომ საყვარელი დეტალები და ღია შესანახი სისტემები მაქსიმალური სიფრთხილით უნდა დაუმატოთ, ინტერიერი რომ არ გადატვირთოთ. მაგალითად, თუ ოთახში არის გრძელი სკამი, რომელზეც ჩვეულებრივ ფეხსაცმლის ჩასაცმელად ჯდებით, დადეთ მასზე ბალიშები დეკორატიული პირებით. უმჯობესია აირჩიოთ ნაქსოვი ან ყვავილებიანი პრინტის მქონე ეგზემპლარები.

თუ შემოსასვლელში სხვადასხვა ყუთები და შესანახი კონტეინერები ჭარბობს, ჩაანაცვლეთ ისინი დაწნული აქსესუარებით. ღია კაკვებიან საკიდზე კი შეგიძლიათ ატმოსფერული დეკორი დაამატოთ, რომელსაც ხშირად ნახავთ აგარაკზე – ბადისებური ჩანთა, ნაქსოვი კალათა და სხვა და არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ოთახის მცენარეებით. ისინი კარგად გამოიყურება არა მხოლოდ საცხოვრებელ ოთახებში, არამედ დერეფანშიც. ყვავილების დიდი გაზონი იატაკის კუთხეში, ღია თაროებზე კი პატარა საყვავილე მოათავსეთ. კიდევ ერთი ორიგინალური ვარიანტი – ჩამოკიდეთ კარზე გვირგვინი, რომელიც შობას გაგონებთ.

იდეა 2: შემატეთ ქსოვილი

რასთან ასოცირდება თქვენთვის სააგარაკე სახლის ინტერიერი? ჩემთვის რუსტიკურ სტილთან, რომლისთვისაც დიდი რაოდენობით მყუდრო და კომფორტული ტექსტილია დამახასიათებელი. ჩართეთ ფანტაზია, ინტერნეტში მოძებნეთ ინსპირაციული სურათები და საქმეს შეუდექით! ტექსტილის გადაჭარბება რთულია, მაგრამ თუ მოგეჩვენებათ, რომ ინტერიერი მყუდროდან გადატვირთულ ოთახად იქცა, უბრალოდ აიღეთ რამდენიმე ბალიში. რბილი ზონა შეგიძლიათ მოაწყწოთ კარგად დამაგრებულ ვიწრო ფანჯრის რაფაზე. თქვენ მხოლოდ ზომების შესაბამისი ლეიბი, პლედი და რამდენიმე დეკორატიული ბალიში დაგჭირდებათ.

ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ სამზარეულოთი – მაგიდაზე გადააკრათ “კლეჩატი” გადასაფარებელი, ფანჯარაზე ისეთივე პრინტით ფარდები დაკიდოთ, სკამებზე რბილი ბალიშები მოათავსოთ და არ დაგავიწყდეთ ლამაზი ლარნაკი ცოცხალი ყვავილებით. თუ სამზარეულოს ინტერიერი ღია ფერებშია გაფორმებული, ტექსტილი უნდა იყოს ნათელი, მაგალითად წითელი ან ცისფერი. ასე თქვენ შეძლებთ შექმნათ საჭირო აქცენტი, რომელიც ჰარმონიულად ჯდება არსებულ სივრცეში.

იდეა 3: გააფორმეთ სერვანტის ან სამზარეულოს ღია თაროები

სააგარაკე სალხის მთელი დეკორი, ჩვეულებრივ, სხვადასხვა კოლექციიდან არის შეგროვებული: იქ არ არის ჭურჭლის სრული კომპლექტები, მაგიდის სანათები კი სტილით განსხვავდება ერთმანეთისგან. ამას დიასახლისები მიზანმიმართულად არ აკეთებენ – უბრალოდ, ნივთები წლების განმავლობაში გროვდება სააგარაკე სახლებში და შეიძლება ერთმანეთს საერთოდ არ შეესაბამებოდეს ისინი. მაგრამ ამას განსაკუთრებული ხიბლი აქვს – სწორედ ასეთი მრავალფეროვანი დეკორი ქმნის შესაფერის ატმოსფეროს. ასე რომ, დაივიწყეთ სწორი კომბინაციები და გაიხსენეთ ეკლექციზმის წესები. მისაღები ოთახის სერვანტზე ან ღია თაროებზე დაალაგეთ თეფშები, ფინჯნები, ლამბაქები. ნახავთ, რამდენად საინტერესო გახდება თქვენი ბინა ასეთი დიზაინერული ტექნიკის გამოყენების შემდეგ.

 

იდეა 4: ვინტაჟური ელემენტები – შესანიშნავი არჩევანი

ჩვეულებრივ, ხრუშოვკის და სტალინკების ტიპის ბინებში ძველი საბჭოთა დროინდელი ავეჯის ელემენტები ინახება. უმეტეს შემთხვევაში, მეპატრონეები მათ უსარგებლო ნაგვად თვლიან და პირველივე შესაძლებლობისას მათ თანამედროვე ალტერნატივებით ანაცვლებენ. თუმცა, ნამდვილად აღარ მოგწონთ სერვანტი, ტუმბოები ან ხის მაგიდა, რომლებიც უკვე დიდი ხანია აივანზე იმტვერება? ყურადღებით გადახედეთ მათ: შესაძლოა მათი აღდგენა შეძლოთ საკუთარო ძალებით და ისინი ვინტაჟურ სტილში შესრულებულ ინტერიერის მოდურ ელემენტებად აქციოთ. ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ მრავალი სხვადასხვა დაძველების ტექნიკა და ძველი ავეჯის შეღებვის მაგალითები. საჭიროა მხოლოდ სურვილი, დრო, ფანტაზია და შთაგონება. თუ არ გსურთ ძველ ავეჯს ახალი სიცოცხლე შესძინოთ, უბრალოდ დადგით ისინი თვალსაჩინო ადგილას რამდენიმე ვინტაჟურ დეკორატიულ ელემენტთან ან ჭურჭელთან ერთად. აგარაკზე ხშირად გამოიყენება ასეთი ობიექტები.

იდეა 5: შეიძინეთ ოთახის მცენარეები

ბინაში ქალაქგარე ატმოსფეროს შექმნა წარმოუდგენელია ცოცხალი მცენარეების გარეშე. ხელოვნური ყვავილები არ გამოგადგებათ – მათ შეიძლება მხოლოდ დროებითი ვიზუალური ეფექტი შექმნან. ცოცხალი ყვავილები კი თქვენს ბინას სიმყუდროვეს შემატებენ, ხელს შეგიწყობთ იგრძნოთ სიმშვიდე და მშვიდობა, შექმნიან შეგრძნებას, რომ ნამდვილად აგარაკზე იმყოფებით ბუნების შუაგულში. გარდა ამისა, ოთახის მცენარეები გააუმჯობესებენ მიკროკლიმატს სახლში, გაასუფთავებენ ჰაერს. მათი გამოყენებით შეგიძლიათ გააფრმოთ ღია თაროები, სტელაჟები, საწოლის ტუმბოები, დაკიდოთ ორიგინალური საყვავილე ჭერის ქვეშ ან იატაკზე დადგათ დიდი ლამაზი ქოთანი საყვარელი ყვავილებით.  რაც შეეხება ქოთნებს, მათ არჩევას მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ – სააგარაკე ატმოსფეროს შესაქმნელად საუკეთესო ვარიანტია დაწნული, თიხის, ემალის ეგზემპლარები. ელეგანტურობის და სიბრჭყვიალეების ადგილი კი აგარაკზე არ არის.

იდეა 6: უპირატესობა მიანიჭეთ დაწნულ დეკორს

დაწნული დეკორატიული ელემენტები ყოველთვის ზაფხულთან და აგარაკთან ასოცირდება. ალბათ, სწორედ ამიტომ შეიძლება გახდეს დაწნული კალათები, მაგიდის ხელსახოცები და სხვა წვრილმანი აქსესუარები საბოლოო შტრიხი იმისთვის, რომ ბინამ აგარაკის ხიბლი და შესაფერისი ატმოსფერო შეიძინოს.

გაითვალისწინეთ: დაწნული ავეჯი ასევე შესანიშნავი ავრიანტი იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას ლოჯზე ან აივანზე განათავსებთ. თუმცა, თუ გსურთ სამზარეულო ქანთრის ან პროვანსის სტილში გააფორმოთ, დაწნული სკამები ან სავარძლები იქაც მშვენივრად გამოიყურება.

იდეა 7: მოაწყვეთ აივანი

თუ თქვენს აივანს ჯერ კიდევ ხარახურა და უსარგებლო ნივთების შესანახად იყენებთ, სასწრაფოდ გამოასწორეთ ეს სიტუაცია. ზაფხულამდე ჯერ კიდევ არის დრო, ასე რომ, ყველაფრის მოსწრება შეგიძლიათ. კედლების დეკორაციისთვის უმჯობესია აირჩიოთ მარტივი მასალები, მაგალითად, ფიცრები ან ჩვეულებრივი საღებავი. თუ აივანი არ არის მოჭიქული, მაშინ მთელი ძალისხმევა იატაკის საფარზე უნდა მიმართოთ. აირჩიეთ მასალა, რომელიც ქარის, წვიმის, მზის სხივების მიმართ რეზისტენტულია. იდეალური ვარიანტი იქნება სპეციალური დასაგები ბაღის ბილიკების და ტერასებისთვის. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ავეჯის მოწყობაზე გადადით. აივანზე შესანიშნავი იქნება მაგიდა, სკამები, რამდენიმე თარო წვრილმანების შესანახად და, რა თქმა უნდა, პლედი და რამდენიმე ბალიშიც. თუ აივანზე სასადილო ზონის მოწყობის აზრს ვერ ხედავთ, მაშინ შეგიძლიათ აქ სააგარაკე ბაღის “ფილიალი” მოაწყოთ და ოთახის მცენარეების გაზრდით დაკავდეთ.

იდეა 8: განიტვირთეთ ჰამაკში

ჰამაკი ადამიანებისთვის მკაფიოდ ასოცირდება აგარაკთან და ქალაქგარეთ დასვენებასთან. და მიუხედავად იმისა, რომ იგი გაცილებით შესაფერისია სააგარაკე მიწის ნაკვეთის ბაღში, ქალაქურ ბინაშიც ასევე შეიძლება მისთვის შესაფერიის ადგილის პოვნა. განათავსეთ იგი მისაღებში ან საძინებელში და მაშინვე იგრძნობთ სიმშვიდეს, რელაქსაციას, საკურორტო ატმოსფეროს.

ჰამაკი არ გინდათ? არსებობს შესანიშნავი ალტერნატივა: ჩამოსაკიდი სავარძელი. შეგიძლიათ შეიძინოთ ნაქსოვი კოკონები, ან ქსოვილის ტომრები – რომელიც თქვენ გაგიხარდებათ. ასეთ ავეჯს ჩვეულებრივ ატმოსფეროში სიმსუბუქე და სილაღე შემოაქვს. არ არის საკმარისი ვარიანტები? რას იტყვით ცნობილ ბუშტუკა სავარძელზე ან მყუდრო საქანელა სავარძელზე, რომლებიც შესანიშნავი ადგილი იქნება განტვირთვისთვის? თუმცა გაითვალისწინეთ, რომ უკანასკნელი ვარიანტი საკმაოდ დიდი ზომის იქნება. გარდა ამისა, საქანელა სავარძელი საჭიროებს მნიშვნელოვან სივრცეს განსათავსებლად, ასე რომ, კუთხეში მას ალბათ ვერ დაატევთ.