
ახლა უფრო და უფრო პოპულარული ხდება დისტანციური მუშაობა, და ამ მიზნებისთვის ბინაში თუ კერძო სახლში თუნდაც პატარა, მაგრამ იზოლირებული სივრცეა საჭირო. მაგრამ ფრილანსერების უმეტესობას არ აქვს საკმარისი საცხოვრებელი ფართი კაბინეტის მოსაწყობად. ამ მიზეზით, ბევრი იწყებს ფიქრს, როგორ გამოვიდეს სიტუაციიდან ისე, რომ უზრუნველყოს ყველაზე იზოლირებული და ამავე დროს კომფორტული სამუშაო პირობები. სწორედ ასე მოიქცა მზრუნველი ქმარიც, რომელმაც ლოჯა ისე გადააკეთა, რომ ცოლს შეუძლია მშვიდად აწარმოოს საბუღალტრო აღრიცხვები საკუთარ ბინაში მოწყობილ მყუდრო კაბინეტში.
დისტანციური მუშაობა სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით თანამედროვე რეალობაში. ყველამ, ვისაც აქვს შესაძლებლობა, დაიკავა ადგილი კომპიუტერთან და თავის პროფესიულ მოვალეობებს სახლიდან გაუსვლელად ასრულებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას არ აქვს შესაძლებლობა ამის გაკეთება კომფორტულ და იზოლირებულ გარემოში. ასეთი სიტუაცია შეექმნა ახალგაზრდა ოჯახს, რომელმაც ახლახან შეიძინა ერთოთახიანი ბინა.
გოგონა, რომელიც სახლში საბუღალტრო აღრიცხვებს აწარმოებდა, იძულებული იყო თავისი საქმე სამზარეულოში შეესრულებინა. მაგრამ მზრუნველი ქმარი ვერ შეეგუა ასეთ ვითარებას, ამიტომ მან ძირითადი ოთახის რემონტის დამთავრებისთანავე დაიწყო ლოჯის გარემონტება, მან იქ ცოლისთვის სამუშაო კაბინეტის მოწყობა გადაწყვიტა. როგორც ჩვენი რედაქციისთვის გახდა ცნობილი, ამ ცვლილებების ავტორმა საკუთარი გამოცდილება სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა, ასე რომ ახლა ყველას შეუძლია გაიგოს, როგორ შეიძლება გავზარდოთ სასარგებლო ფართი მთელი 4 კვადრატული მეტრით და ამასთან მოვაწყოთ შესანიშნავი კაბინეტი.
ახალგაზრდა მამაკაცს უპირველეს ყოვლისა, მოუწია ჩამოენგრია ყველაფერი, რაც მშენებლებმა გააკეთეს. ამავდროულად, მან ჩამოიღო კარისა და ფანჯრების ჩარჩოები ლოჯიდან, რათა ვიზუალურად გაეზარდა სივრცე.
რჩევა: სანამ ლოჯას მისაღებ ან სამზარეულო ოთახთან გააერთიანებდეთ, უნდა მიიღოთ ნებართვა. წესის მიხედვით, ესეც ხელახალი დაგეგმარებაა, მაშინაც კი, თუ ფანჯრის რაფა თავდაპირველ ადგილზე დარჩება. ამიტომ, ამგვარი რეკონსტრუქციის დაწყებამდე კეთდება ახალი გეგმა-პროექტი, რომელზე თანხმობასაც სპეციალური სამსახურები იძლევა და მხოლოდ ამის შემდეგ ღირს ტერიტორიულ საბინაო ინსპექციასთან დაკავშირება, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტის შესწავლის შემდეგ იძლევა ან არ იძლევა ლოჯის და სამზარეულოს/მისაღების გაერთიანების ნებართვას.
მინერალური ბამბისა და პენოპლექსის ტექნიკური და პრაქტიკული მახასიათებლების დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით, იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ბოლო ვარიანტი თბოიზოლაციისთვის ბევრად უკეთესი ვარიანტი იქნებოდა. ამიტომ მამაკაცს თაბაშირის და მინერალური ბამბის მთლიანად მოშორება მოუწია. მათ ნაცვლად მან გამოიყენა 50 მმ სისქის პენოპლექსის დაფები. ისინი მან იატაკზე დააგო, დაამაგრა ფანჯრებისგან გათავისუფლებულ კედლებსა და ჭერზე, მათ შორის არსებული ნაპრალები კი სამონტაჟე ქაფით ამოავსო.
კონდენსაციის და მომავალში ნესტისა და ობის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ახალგაზრდა მამაკაცმა მთელი გამათბობელი დაფარა სპეციალური ოორთქლის ბარიერული მემბრანებით. ამის შემდეგ, მან დაამზადა კარკასი ლითონის პროფილებისგან და კედლებიც და ჭერიც თაბაშირ-მუყაოს დაფებით დაფარა. ვინაიდან კომპიუტერთან მუშაობისთვის საჭირო იყო დენცქვიტები და სათანადო განათება, მან ელექტრო გაყვანილობა გააკეთა. იმისათვის, რომ დენცქვიტების და ჩამრთველების დამონტაჟების შემდეგ წარმოქმნილი ნაპრალები თვალსაჩინო არ ყოფილიყო, მან ისინი უბრალოდ ფითხით ამოავსო, შემდეგ კი მთელი ზედაპირი წყალზე დაფუძნებული საღებავით შეღება. ასე მან კედლები შემდგომი შპალერის ასაკრავად მოამზადა.
ამის შემდეგ, ახალგაზრდა იატაკის მოპირკეთებას შეუდგა. ლამინატის დასაგებად თანაბარი იატაკი იყო საჭირო, ჩვენი ბინები კი ამით არ გამოირჩევა. ამიტომ, მან გადაწყვიტა იგი 10 მმ სისქის ფანერის დაფებით გაეთანაბრებინა. ვინაიდან, წყვილმა გადაწყვიტა ინტერიერი იგივე ტონალობაში გაეფორმებინათ, როგორიც მისაღები ოთახია, ლამინატიც ასეთივე ნათელი-მოყავისფრო ჩრდილების და ტექსტურისა შეირჩა.
როდესაც იატაკი მზად იყო, მხოლოდ შპალერის გაკვრა და საჭირო ავეჯის განთავსება დარჩა. ამ შემთხვევაში, წყვილმა ასეთი პატარა სივრცე დიდი ზომის მაგიდებით ან კარადებით არ დატვირთა. სამუშაო მაგიდისთვის საკმარისი იყო ჩვეულებრივი თაროს დაფიქსირება და იქვე კომფორტული კომპიუტერის სავარძლის მოთავსება. ფანჯრის რაფის ნაცვლად კი, წყვილმა გააკეთა ზედაპირი, რომელიც შეიძლება იქცეს დამატებით მაგიდად ან ბარის დახლად, თუ კაბინეტში ყავის ან ჩაის დალევას გადაწყვეტთ.
და კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი, მათ გადაწყვიტეს კონდიციონერი ლოჯის შორეულ კედელზე დაემონტაჟებინათ, რითაც ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭირეს. გარდა იმისა, რომ ერთადერთი მისაღები ოთახიდან დიდი ზომის ერთეულის გატანა მოხერხდა, ზაფხულობით მეუღლეს საშინელი სიცხე აღარ შეაწუხებს.