როგორ გავწმინდოთ სამკაულები: რჩევები ინგლისის სამეფო იუველირისგან

კარანტინის დროს სამკაულების ტარება იშვიათად გვიწევს. სახლში მათ ტარებას კი აზრი არ აქვს. დიდი ხნით შენახვის გამო მათ შესაძლოა პირვანდელი ბზინვარე იერი დაკარგონ, ამიტომ დღეს მოგიყვებით, როგორ გაწმინდოთ თქვენი აქსესუარები საშინაო პირობებში.

როგორ გავწმინდოთ სამკაულები 

თვითიზოლაციის პერიოდში სახლში წესრიგის დამყარება მოვასწარი. გადავარჩიე ძველი ნივთები, ქმართან ერთად გენერალური დასუფთავება ჩავატარე. თანაც, არაერთი. ვფიქრობ, ახლა ჩემს ძვირფასეულობებს დავუთმო დრო. მათ ხომ ასე ძალიან სჭირდება განსაკუთრებული მოვლა.

თქვენთვის შევაგროვე რამდენიმე ხრიკი საშინაო პირობებში ძვირფასეულობების გასაწმენდად. სტატიაში ასევე იპოვით რამდენიმე რჩევას House of Garrand-ისგან – ბრიტანელი მონარქების ოფიციალური სახლიდან.

როგორ გავწმინდოთ ვერცხლი

რა თქმა უნდა, უამრავი მზა საწმენდი საშუალება არსებობს. მაგრამ სინამდვილეში, მათ გარეშეც შეგვიძლია საყვარელ სამკაულებზე ზრუნვა. ვერცხლეულობის გასაწმენდად საუკეთესო საშუალება იქნება ჭურჭლის სარეცხი სითხე. უნდა გააზავოთ რამდენიმე წვეთი სარეცხი ჟელე თბილ წყალში და ვერცხლი მასში ამოავლოთ. შემდეგ რბილი ქსოვილით გაწმინდოთ და სუფთა წყლით გაავლოთ.

“ასე მარტივად?” – იკითხავთ თქვენ. დიახ, მართლაც ძალიან მარტივია. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაზე ადვილი და ეფექტური მეთოდია. სხვათა შორის, იმისათვის, რომ ვერცხლს პირვანდელი ბზინვარება დაუბრუნოთ, შეგიძლიათ საკვები სოდაც გამოიყენოთ. კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ყველას გვაქვს სამზარეულოში.

როგორ გავწმინდოთ ოქრო

gold, jewelry

პრინციპში, იმავე მეთოდს ვიყენებთ, რაც ვერცხლის გასაწმენდად გამოვიყენეთ. მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიუანსი. პირველ რიგში, არ უნდა გამოიყენოთ ძალიან ცხელი წყალი. შეიძლება ოქროს ეს არ მოეწონოს. მეორეც, გირჩევთ ნაწარმი ხსნარში დაახლოებით 15-30 წუთის განმავლობაში გააჩეროთ. ეს არის ოპტიმალური დრო იმისთვის, რომ ოქროულობა ჭუჭყისგან გაიწმინდოს.

ასევე შეგიძლიათ ფრთხილად გამოიყენოთ რბილი ჯაგრისი. მხოლოდ ისე, რომ ნაწარმი არ დააზიანოთ. მოოქროვილი სამკაული განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაიწმინდოს. გასავლებად საცერი გამოიყენეთ – კიდევ ერთი კარგი ხრიკი იმისთვის, რომ სამკაული ნიჟარაში არ გარეცხოთ.

“წმენდის სიხშირე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად ატარებთ სამკაულს, მაგრამ ნაწარმი, რომელსაც ყოველდღიურად ატარებთ, გირჩევთ მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ გაწმინდოთ” – აღნიშნავს სარა პრენტისი, საიუველირო სახლის დირექტორი.

როგორ გავწმინდოთ ძვირფასი ქვები

ბრილიანტის მოვლა ყველაზე ადვილია. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ალმასი – ყველაზე მაგარი ქვაა მსოფლიოში. დანარჩენ ქვებს ბევრად ფრთხილი და აკურატული მოვლა სჭირდებათ.

საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ქვა მრავალსაფეხურიან მოვლას საჭიროებს. მაგალითად, ზურმუტხი განმეორებით უნდა გაიწმინდოს მიკრონაკაწრების შესავსებად. გარდა ამისა, იგი დაუცველია საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მიმართ, ასევე ძალიან მგრძნობიარეა ზეწოლისადმი. მარგალიტი, ბუნებრივი თუ ხელოვნური, წყლიან ხსნარში არ უნდა ჩაალბოთ. წმენდის ოპტიმალური მეთოდი – გაწმინდეთ წყლით დასველებული ყურის ჩხირებით.

დანარჩენი ქვები – საფირონი, ტოპაზა, ტურმალინი – უბრალოდ შეიძლება თბილ საპნიან წყალში გაავლოთ. წმენდის შემდეგ ისინი აუცილებლად კარგად უნდა გაშრეს.

გარდა ამისა, House of Garrand-ის სპეციალისტები გაფრთხილებთ:

“საშინაო პირობებში არ გირჩევთ გამწინდოთ სამკაულები, რომლებიც შეიცავს ზურმუხტს, მარგალიტს, ოპალსა და ფირუზს, რადგან ამ ქვებს პროფესიონალური მეთოდებით გაწმენდა და განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება, დაზიანების თავიდან ასაცილებლად.”

ასე რომ, რამდენჯერმე შეგიძლიათ სახლშიც გაწმინდოთ სამკაულები, მაგრამ ხარისხიანი, სრულფასოვანი წმენდისთვის პროფესიონალის ხელია საჭირო.

როგორ შევინახოთ ძვირფასეულობა

ხელების დაბანის ან შხაპის მიღებისას აუცილებლად უნდა მოიხსნათ სამკაულები. ეს ასევე ეხება სახლის დასუფთავებას. ლითონებისთვის, საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან ან სუნამოებთან კონტაქტი შეიძლება ძალიან საზიანო იყოს. ასევე უმჯობესია ძვირფასეულობა ცალკე შეინახოთ. განსაკუთრებით ძვირფასი ქვები – რადგან მათ შესაძლოა ერთმანეთი დაკაწრონ. ლითონიც განცალკევებით უნდა შეინახოთ ქიმიური ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად.

ვერცხლი სასურველია შეინახოთ რბილი ფეტრით დაფარულ ყუთში შეინახოთ – ის კარგად შთანთქავს ტენს. ასევე დაიცავით თქვენი სამკაულები მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ პროფესიონალური წმენდა. წელიწადში ერთხელ ძვირფასეულობა გამოცდილ იუველირთან მიიტანეთ. წარმატებებს გისურვებთ, დარჩით სახლში და მოუფრთხილდით საკუთარ თავს და სამკაულებს!