ჩვევად გაქვთ ქვების ერთმანეთზე დალაგება? აი, რა საფრთხეს უქმნით ამით გარემოს

ქვების ერთმანეთზე დაწყობის ჩვევა უძველესი დროიდან მოყოლებული არსებობს – ადამიანები მათ მონუმენტებად იყენებდნენ, რათა უცხო გარემოში არ დაკარგულიყვნენ. თუმცა, ახლა ეს აქტივობა ჰობად და საკუთარი გრძნობების გამოსახატავ მედიტაციურ პრაქტიკად იქცა. ეს იდელური განტვირთვის საშუალებაა, თუმცა ბუნების დამცველები ამ ტრენდს საკმაოდ საზიანოდ მიიჩნევენ და ამის მიზეზად ასეთ პრობლემებს ასახელებენ:

ეს ვნებს ცხოველებსა და მცენარეებს

ქვები ბევრი პატარა არსების საცხოვრებლის ნაწილია, მათ შორის ხვლიკების, კიბორჩხალების და მწერების. როდესაც ადამიანები ქვების გადაადგილებას იწყებენ, ამით შეიძლება ამ არსებების სახლის სახურავს ანგრევდნენ. ზოგიერთ არსებას სჭირდება ქვები წყლის შესანახად, ზოგიერთი მათგანი ქვებით თავს იცავს მონადირეებისგან და ცუდი ამინდისგან, ზოგიერთ მათგანს კი ისინი რეპროდუქციაშიც კი ეხმარება.

გარეული ბუნების ნატურალური პროცესების დარღვევა

მაგალითად წყაროებში თითოეული ქვა სავსეა მცენარეებითა და მიკროორგანიზმებით, რომელიც მათზე ცხოვრობენ. მათი გადაადგილებით თქვენ შესაძლოა ნატურალური და სათუთი ეკოსისტემის ბალანსი დაარღვიოთ. საკმარისი ქვების გადადებამ შესაძლოა უფრო სწრაფი ეროზია და წყლის ნაკადის სიჩქარის და მიმართულების შეცვლაც კი გამოიწვიოს.

ეს აბნევს მოლაშქრეებს

ბევრი ეროვნული პარკი იყენებს ქვის გროვებს მოლაშქრეებისთვის გზის გასაკვლევად დამაბნეველ ბილიკებზე. თუმცა, ახლა ისინი ადვილად იბნევიან, რადგან პარკებში არსებობს ქვების გროვები, რომელიც ოფიციალური ნავიგაციის სისტემის ნაწილია და ასევე ქვების ორნამენტები, რომლებიც მოგზაურებმა გასართობად ააგეს. ამიტომ მოლაშქრეებს შეიძლება ძალიან გაუჭირდეთ გზის გაკვლევა.

ეს არღვევს ბუნებაში ყოფნის მთავარ ეტიკეტს

ბუნების დათვალიერებისას ერთ-ერთი მთავარი ეთიკური წესის მიხედვით ჩვენ გვევალება, რომ გარემოში ჩვენი კვალი არ დავტოვოთ. როდესაც ადამიანები ბუნების წიაღში ხელოვნური ქვების გროვებს ტოვებენ, მათ შემდეგ იქ მისული სხვა ტურისტებისთვის ასეთი ძეგლები გრაფიტის მსგავსად გამოიყურება, რაც მათ ამ ტერიტორიაზე სხვა ადამიანების არსებობაზე მიანიშნებს. ასეთ დროს ძნელია გარეული ბუნების სიუცხოვითა და ხელშეუხებელი სილამაზით ავთენტურად დატკბობა.