როგორ მოვიქცეთ, თუ პიკნიკზე ფუტკარმა, ბზიკმა ან კრაზანამ გვიკბინა

ყველას უყვარს ზაფხული კარგი ამინდის, მსუბუქი ტანსაცმლის, სეზონური ხილ-ბოსტნეულის და, რა თქმა უნდა, თბილ აუზსა და ზღვაში ბანაობის გამო. თუმცა, მას ერთი მინუსი აქვს – მწერები, რომლებიც ცდილობენ თითოეულ გამვლელს უჩხვლიტონ. რა უნდა გააკეთოთ, თუ თავად გახდით ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანის მსხვერპლი? ჩვენ მოგიყვებით, როგორ განიკურნოთ სწრაფად მტკივნეული ნაკბენისგან.

1. სიმპტომები და შედეგები

როგორც წესი, ერთჯერადი ნაკბენი სხეულისთვის კრიტიკული არ არის, თუმცა, მკურნალობის უგულებელყოფა არ ღირს. ტოქსიკურ შხამს ქოშინის, თავბრუსხვევის, კრუნჩხვების, ცხელების, გულისრევის, ღებინების გამოწვევა შეუძლია, მძიმე შემთხვევებში კი, ცნობიერების დაკარგვასაც იწვევს. თუ მწერების შეტევა მოხდა ენაზე ან ხორხის არეალზე, ამან შეიძლება ხრჩობა, სულის შეხუთვა გამოიწვიოს. ფუტკრები, ბზიკები და კრაზანები ელვის სისწრაფით იჩხვლიტებიან. ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ, როდესაც კბენა ხდება, სანამ დამახასიათებელი გამოვლენები არ იჩენს თავს.

შესაძლო სიმპტომები:

  • ძლიერი, მკვეთრი და მწველი ტკივილი
  • კანის სიწითლე
  • შეშუპება
  • ჭინჭრის ციება
  • მაღალი ტემპერატურა
  • ღებინება, გულისრევა
  • თავის ტკივილი
  • კრუნჩხვები

ნაკბენ ადგილებზე სათანადო მოვლით, ჯანმრთელი ადამიანები რამდენიმე დღეში იკურნებიან. თუ მწერი პირველად გიკბენთ, ალერგია შეიძლება არ წარმოიქმნას. თუმცა, შემდგომ ჯერზე მისი განვითარება სავსებით შესაძლებელია.

ზოგი ადამიანისთვის ნაკბენი სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ამან შეიძლება ანაფილაქსიური შოკის პროვოცირება მოახდინოს. ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ცნობიერება და მრავალი ორგანოს ფუნქციონირება შეუფერხდეს.

2. პირველადი დახმარების ზომები

1. ამოიღეთ ნესტარი

კრაზანა დაუყოვნებლივ არ ტოვებს “კვალს” კბენის შემდეგ. ფუტკრისთვის დამახასიათებელია მოუვითალო ნესტარი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოიშოროთ. დეზინფექცია ჩაუტარეთ ჭრილობას და სამკურნალო ინსტრუმენტს. დაზიანებული ტერიტორიის დასამუშავებლად გამოგადგებათ წყალბადის ზეჟანგი, სპირტიანი ხსნარები, იოდი ან ნაკბენი ადგილი საპნით ჩამოიბანეთ; ინსტრუმენტისთვის გამოიყენეთ ნებისმიერი სპირტი. ნესტარის ამოღების შემდეგ არ არის საჭირო შხამის გამოყოფა, რადგან შესაძლოა ჭრილობაში ინფექცია შეიჭრას.

2. თავიდან აიცილეთ ინტოქსიკაცია და ალერგიული რეაქციების განვითარება

ფუტკრები, ბზიკები და კრაზანები საკმაოდ შხამიანები არიან, და მათი ნაკბენის შედეგები შეიძლება უკიდურესად უარყოფითად აისახოს დაზარალებულის მდგომარეობაზე. ალერგიული ადამიანებისთვის ასეთი დაზიანებები განსაკუთრებით საშიშია, რადგან ამან შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესება გამოიწვიოს.

რეკომენდაციები:

– დალიეთ ბევრი ტკბილი სითხე (წყალი, ცხელი ჩაი)

– თუ დაზიანებულ ადგილზე შეშუპება ჩამოყალიბდა, მასზე ცივი სათბურა ან სველი პირსახოცი დაიდეთ, შხამის შთანთქმის შესაჩერებლად

– გააკეთეთ ხსნარი 1 ჩ.კ. სოდითა და ერთი ჭიქა წყლით, ჩაალბეთ მასში სუფთა ქსოვილი და დაფარეთ დაზიანებული ტერიტორია 15-20 წუთის განმავლობაში

– თუ ჭრილობაზე გაჟღენთილ შაქარყინულს დაიდებთ, ეს შხამის გამოწოვას შეუწყობს ხელს

– ალერგიის განვითარების თავიდან ასაცილებლად, დალიეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი (“კლარიტინი”, “სუპრასტინი” და ა.შ.)

3. ანესთეზირება და შეშუპების მოხსნა

შეშუპება სხეულის ბუნებრივი პასუხია ტოქსიკურ გამღიზიანებელსა და კანის საფარის დაზიანებაზე. ის აძლიერებს ტკივილს და შეუძლია ხელი შეუშალოს სხეულის მოძრაობას.

რეკომენდაციები:

– დაზიანებულ ადგილზე 30 წუთის განმავლობაში ცივი კომპრესი ან ქსოვილში გახვეული ყინული დაიდეთ. მეორე ვარიანტი – წყალში ცოტა ძმარი და სპირტი გააზავეთ, ნაზავში პირსახოცი ჩაალბეთ და ჭრილობაზე დაიდეთ

– ლიმონის კომპრესი ხელს შეუწყობს ტკივილის აღმოფხვრას. გამოწურეთ ნახევარი ლიმონი და შეურიეთ ცოტაოდენ გრილ წყალს

– ჭრილობაზე გადაჭრილი პომიდვრის, ხახვის, ვაშლის ან ნივრის ნაწილი დაიდეთ

– დანაყეთ ოხრახუშის ახალი ფოთლები და დაიმაგრეთ დაზიანებულ ადგილზე, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალძარღვას ან კალანჰოეს ფოთლები

– დაიმუშავეთ ჭრილობა “Fenistil”-ით ან “Psilo-balm”-ით

– წყალში ჩააწეთ “ვალიდოლის” ტაბლეტი და დაიმაგრეთ ნაკბენ ადგილზე

– თუ შეშუპება ძლიერია, მიიღეთ დიმედროლი

– შეურიეთ ერთმანეთს მცირეოდენი ძმარი და წყალი, დაიტანეთ ნაზავი ნაკბენზე, რათა გათავისუფლდეთ სიწითლისგან და შეიმსუბუქოთ ტკივილი. ასევე ამ ნაზავით შეგიძლიათ გაჟღენთოთ ბამბის დისკები და რამდენიმე საათის განმავლობაში გაიჩეროთ ნაკბენ ადგილზე

– კანის საფარზე წაისვით კალენდულას ან მრავალძარღვას სააფთიაქო ნაყენი

მიაქციეთ ყურადღება!

  1. მკურნალობის დროს კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მიღება, რომელსაც შეუძლია შეშუპების გაზრდა.
  2. თუ ალერგიული ხართ მწერების ნაკბენზე, წლის საშიშ პერიოდში ყოველთვის ატარეთ თან სამედიცინო პასპორტი თქვენს პირად მონაცემებთან ერთად, ასევე, სამედიცინო ისტორია და მკურნალი ექიმის კონტაქტები. აგრეთვე, თან ატარეთ საჭირო პრეპარატები, რომლებიც ალერგიული რეაქციის შემცირებას შეუწყობს ხელს.
  3. იმ შემთხვევაში, როდესაც შეშუპება რამდენიმე დღის განმავლობაში არ მცირდება, არამედ იზრდება, ჩნდება გაცილებით სერიოზული სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

3. რჩევები კბენის თავიდან ასაცილებლად

ხშირად ჩვენ თავად ვართ დამნაშავე მწერების განრისხებაში.  დაიცავით ეს წესები, რომ შეამციროთ დაზიანების რისკი.

  1. თუ სახიფათო მწერების მახლობლად ხართ, არ მოიქნიოთ ხელები, რადგან ასეთი ჟესტი მათთვის განიხილება როგორც აგრესია, ანუ, თავდასხმის საბაბი.
  2. ფუტკრებზე ნეგატიურად მოქმედებს ოფლის სუნი, ამიტომ მათ შეიძლება გიკბინონ, რათა აუტანელ არომატს თავი დააღწიონ. შეეცადეთ ცხელ დღეებში თავი შორს დაიჭიროთ სკებისა და მწერების შეგროვების სხვა ადგილებისგან.
  3. თუ თქვენთან ფუტკარი ან კრაზანა მოფრინდა, არ დაპანიკდეთ. შეგიძლიათ ფრთხილად ჩამოაგდოთ მწერი მიწაზე ცხვირსახოცით ან პირსახოცით. უმჯობესია მშვიდად გაბრუნდეთ და ნელა გაშორდეთ მას.

ზოგჯერ თქვენ შეიძლება ვერც კი გაიაზროთ, რომ მწერი რაღაცით გამოიწვიეთ. მთავარია სწრაფად შეაფასოთ სიტუაცია და დაყოვნებლივ მიიღოთ საჭირო ზომები.