დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს ფარდული, რომლიდანაც მდიდრულ სასახლეში მოხვდებით

ხელოვნების ნიმუშები, ძვირადღირებული ავეჯი, ხალიჩები, საკოლექციო სამოსი და ფეხსაცმელი, როლექსის საათები, დიდი ოთახები, ძვირადღირებული ინტერიერი… მთელი ეს სიმდიდრე ალან იომანსმა ჩვეულებრივი ბეღელის კედლებში დამალა.

დერბიშირის საგრაფოში უჩვეულო შემთხვევას ჰქონდა ადგილი. პოლიციამ აღმოაჩინა სახლი, რომელიც 15 წლის წინ ოსტატურად დამალეს. ალან იომანსმა 2002 წელს თავი ბანკროტად გამოაცხადა და მთელი ამ წლების მანძილზე გასცემდა დეკლარაციებს, რომ არ გააჩნდა არც უძრავი ქონება და არც შემოსავალი.

ის სახელმწიფო მოხელეებს ეუბნებოდა, რომ დედის ბაღში, ერთ ბეღელში ცხოვრობდა და 380 დოლარზე მეტი ღირებულების ავეჯი არ გააჩნდა. ამავდროულად, ბეღელის კედლებში ნამდვილ სასახლეს აწყობდა.

იმისთვის, რომ მის საიდუმლოს ვერავინ მიმხვდარიყო, სამფლობელო გარედან მწვანე ფიცრებით, ზევიდან კი ძველი მასალებით გადახურა. მეზობლები ფიქრობდნენ, რომ ეს უბრალოდ ბეღელი იყო.

არავინ ამახვილებდა ყურადღებას იქამდე, სანამ ალანი დანაშაულზე არ დაიჭირეს, ნარკოტიკების გაყიდვასთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზნით მიაკითხა პოლიციამ და გამოიძია მისი ადგილსამყოფელი.

ზღურბლზევე დაინახეს მდიდრული ორსართულიანი რეზიდენცია, რომელიც სასახლეს ჰგავდა: ბიბლიოთეკით, სატრენაჟორო დარბაზით და საძინებლებით. იქ ძვირადღირებული ავეჯი, ულტრათანმედროვე ტექნიკა, ექსკლუზიური ხალიჩები და ანტიკვარიატი ელაგა.

ასევე იპოვნეს ოთახი, სადაც ხელოვნების იშვიათი შედევრები, ჩანთების კოლექცია და რამდენიმე როლექსის საათი ინახებოდა.

აღმოჩნდა, რომ ალანი ელექტროენერგიასაც იპარავდა და ახლომდებარე წყაროსთან არაკანონიერად იყო მიერთებული.

ყველაფერი, რაც სახლში აღმოაჩინეს, აუქციონს გადასცეს.