როგორ ამოვიყვანოთ ღვინის ლაქა ნებისმიერი ზედაპირიდან

მნიშვნელოვან დღესასწაულზე გახურებული სტუმრები ღვინით სავსე ჭიქას შემთხვევით ხელს კრავენ და თეთრ სადღესასწაულო სუფრაზე ლაქები ჩნდება. ან ფურშეტის დროს, იქ მყოფი ადამიანი მის გვერდით მდგომს აწვდის ჭიქას, და ღვინო პერანგზე ან კაბაზე იღვრება. როგორ მოვიქცეთ? იმისათვის, რომ სამოსი არ გაფუჭდეს, სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო.

მეთოდები ღვინის ახალი ლაქების ამოსაყვანად

ლაქების მოცილების მეთოდები ქსოვილის ტიპზეა დამოკიდებული. ისინი განსხვავდება ტილოს კაბებისა და ნეილონის პერანგებისთვის.

როგორ ამოვიყვანოთ ღვინის ლაქა ბამბისა და ტილოს ქსოვილებისგან? 

ბამბის მასალისგან ღვინის ლაქის მოსაშორებლად ყველაზე გავრცელებული გზა სუფრის მარილია. მას ოდნავ ასველებენ წყლით ფაფისებრი მასის მისაღებად. ამ მასას უსვამენ ქსოვილის დალაქავებულ მონაკვეთს. ღვინო სველ მარილში შეიწოვება. გაშრობის შემდეგ, ფაფა მშრალი ქაღალდის ხელსახოცით იწმინდება. იმ შემთხვევაში, თუ ღვინის ლაქა ბოლომდე არ არის გამქრალი, მომდევნო ავტომატურ რეცხვაზე იგი სრულიად გაქრება.

კიდევ ერთი გზა ლიმონმჟავას გამოყენება გახლავთ. დასაწყისისთვის, ღვინის ლაქა უნდა გაშრეს. შემდეგ, მატერიის დალაქავებულ ადგილს გაჭრილი ლიმონი წაუსვით, შეეცადეთ ეს რბილად გააკეთოთ, რომ დალაქავების არეალი არ გაიზარდოს. დღესასწაულის დასრულების შემდეგ დალაქავებული ქსოვილი გარეცხეთ და ლაქაც უკვალოდ გაქრება.

როგორ გავწმინდოთ კაპრონის, აბრეშუმისა და ნეილონის სამოსი? 

დალაქავებული პერანგი ან მაისური უნდა გაიხადოთ. ქსოვილზე ღვინით გაფუჭებული ადგილი სპირტისა და თხევადი საპნის ნაზავით დაამუშავეთ. შემდეგ ეს მასა ქსოვილიდან მოაშორეთ, სამოსი კი სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

შეგიძლიათ ლაქის ამოყვანა ძმარმჟავის ხსნარით სცადოთ. თუ ლაქა ბოლომდე არ გაქრება, რეცხვის შემდეგ მისი კვალიც კი აღარსად დარჩება. თუ შესაფერისი საშუალებები ხელთ არ გაქვთ, დალაქავებული სამოსი უნდა გაიხადოთ და ცივ გამდინარ წყალში გაავლოთ.

როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს ღვინის ძველი ლაქები?

თუ ღვინის ლაქა დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდა პერანგზე ან კაბაზე, და ამ დროის განმავლობაში სამოსი არ გარეცხილა, არსებობს ძველი კვალის გასუფთავების გზები:

  • თუ დაბინძურებული ნივთი აბრეშუმის ან ბეწვის საფუძველზეა დამზადებული, გამოიყენება არაყის ნაზავი – 3 წილ არაყს უმატებენ გლიცერინს და ამიაკს 1 წილად. ლაქას ნახევარი საათის განმავლობაში ალბობენ, შემდეგ კი ტანსაცმელს მანქანაში რეცხავენ;
  • ბეწვის ტანსაცმელს რძით ამუშავებენ. პირველ ეტაპზე, ლაქას თბილ რძეს ასხამენ. შემდეგ მთლიან სამოსს ცივ რძეში ალბობენ და ნახევარი საათით აყოვნებენ. ამის შემდეგ, ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში ბეწვისთვის ჩვეულ რეჟიმზე რეცხავენ;
  • ბამბის ქსოვილიდან ღვინის ლაქის მოშორება ყველაზე ადვილია. იგი ქვაბზე იჭიმება ისე, რომ ლაქა ქვაბის შუაგულში აღმოჩნდეს. შემდეგ ჩაიდანში ადუღებენ წყალს და კარგად ადუღებულ წყალს ლაქაზე ასხამენ. ლაქა შესამჩნევად ფერმკრთალდება.
  • ბამბის ტანსაცმელიც ასევე წყლისა და სოდის ხსნარით იწმინდება. ერთ ლიტრ წყალში ყრიან 3 ს.კ. სოდას. ხსნარს უნდა მოურიოთ და მასში დალაქავებული ტანსაცმელი ჩადოთ. შემდეგ კი იგი სარეცხ მანქანაში გარეცხოთ.

როგორ ამოვიყვანოთ ღვინის ძველი ლაქები ფერადი ქსოვილებიდან?

ფერადი სამოსისთვის, ღვინის ლაქების ამოსაყვანად სპეციალური მეთოდები არსებობს:

  1. ფერადი ქსოვილებიდან ღვინის ლაქის ამოყვანაში მარგანეცის ხსნარი დაგეხმარებათ. მასში უნდა ჩაალბოთ დალაქავებული ადგილი 5 წუთით, შემდეგ მოამზადოთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. ერთ ჭიქა გრილ წყალში უნდა ჩაასხათ 1 ჩ.კ. წყალბადის ზეჟანგი. ხსნარში ბამბის დისკი დაასველეთ და ლაქა დაამუშავეთ. ეს მეთოდი დელიკატური ქსოვილებისთვის არის შესაფერისი.
  2. ძალიან პოპულარულია კვერცხისა და გლიცერინის ნაზავით წმენდის მეთოდიც. მათ თანაბარი პროპორციით ურევენ ერთმანეთში. შემდეგ ნაზავში ბამბის დისკს ავლებენ და ამით ლაქებს ამუშავებენ. ამ მანიპულაციების შემდეგ, სამოსი ირეცხება.
  3. ესპანეთში ცნობილია წმენდის ორიგინალური მეთოდი. წითელი ღვინის ლაქას თეთრ ღვინოს ასხამენ. შემდეგ სამოსს ხელით ავლებენ მინერალურ წყალში. თუ ღვინო ჯინსებზე გადაგევლოთ, მაშინ სავსებით საკმარისი იქნება, თუ მას საპნიან წყალში ჩაალბობთ. და შემდეგ შარვალს სარეცხ მანქანაში გარეცხავთ.

როგორ ამოვიყვანოთ ღვინის ლაქა თეთრი სამოსიდან?

თეთრი სამოსიდან ღვინის ლაქების ამოსაყვანად აუცილებელი არ არის ტანსაცმელი სამრეცხაოში მიიტანოთ. უბრალოდ გამოიყენეთ საშინაო საშუალებები:

  1. თუ ლაქას ლიმონის წვენს დაასხამთ და ცოტა ხნით ასე გააჩერებთ, მაშინ ლაქა ძალიან გაფერმკრთალდება;
  2. თეთრი პერანგი ან ჩვეულებრივი მაისური ჯერ ცივი წყლით გაჟღენთილი ღრუბელით უნდა გაწმინდოთ. შემდეგ სახეხი ჩაალბოთ საპნიან ხსნარში და ამით დაბინძურებული მონაკვეთი დაამუშავოთ;
  3. სუფრიდან ლაქების მოშორებას ამიაკი შეუწყობს ხელს. ამიაკში ჩაალბეთ ქსოვილის დალაქავებული ადგილი, შემდეგ კი სუფრა ბავშვის საპნით გარეცხეთ;
  4. ნაზავი გახეხილი სამრეცხაო საპნისა და წყალბადის ზეჟანგისგან მზადდება. მას ლაქაზე უსვამენ და გარკვეული დროით აჩერებენ, სანამ ღვინის ლაქა არ გაქრება;
  5. დაბოლოს, შეგიძლიათ შეიძინოთ ლაქების ამომყვანი საშუალება ღია ფერის თეთრეულიდან. მაგრამ მათ შეძენამდე წაიკითხეთ, გამოდგება თუ არა შერჩეული პროდუქტი ღვინის ლაქების ამოსაყვანად და როგორ უნდა გამოიყენოთ იგი.

ღვინის ლაქების ამოსაყვანად, ტანსაცმელი ცივ წყალში უნდა გარეცხოთ. თუ საშინაო საშუალებები პრობლემას ვერ გაუმკლავდნენ, ქიმწმენდას უნდა მიმართოთ.

როგორ მოვაშოროთ ღვინის ლაქები ხალიჩებს და რბილ ავეჯს?

ყველაზე ეფექტური მეთოდები:

  1. ხალიჩაზე არსებული ლაქა წყლით უნდა დაასველოთ და ზემოდან მარილი მოაყაროთ. მარილი თანდათანობით შეიწოვება ქსოვილში, ამიტომ მას რამდენიმეჯერ აყრიან ლაქაზე. პროცესს 10 საათი დასჭირდება. როდესაც მარილი ღვინოს შეიწოვს და გაშრება, ჭუჭყი მტვერსასრუტით უნდა გაასუფთაოთ;
  2. ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, ხალიჩები სოდის მეშვეობითაც იწმინდება;
  3. ძმრიან ხსნარს წყალში სარეცხ ფხვნილს უმატებენ. იღებენ 2 ღრუბელს. პირველს მომზადებული ნაზავით ასველებენ და დალაქავებულ ადგილებსამუშავებენ. შემდეგ ლაქას მშრალი ღრუბლით წმენდენ. პროცესს მანამდე იმეორებენ, სანამ ლაქა არ გაქრება. შემდგომ დალაქავებულ ადგილს ცივი წყლით რეცხავენ და აშრობენ;
  4. თუ ხალიჩა ძველია და მისი ხასხასა ფერი უკვე გამქრალია, ღვინის ლაქა შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგით დაამუშაოთ. ღრუბელს ძლიერად ნუ დააჭერთ. შემდეგ ხალიჩის დალაქავებული ადგილი წყალბადის ზეჟანგისგან გრილი წყლით ჩამორეცხეთ;
  5. ლიმონის წვენი უნდა შეურიოთ წყალს თანაბარი პროპორციით. ხსნარი პულვერიზატორში ჩაასხით და დაალბეთ ღვინის ლაქა. იგი გაუფერულდება და 30 წუთში საერთოდ გაქრება.

რბილ ავეჯს წითელი ღვინის ლაქებისგან კვერცხისა და გლიცერინის ნაზავით ასუფთავებენ. შემდეგ ზედაპირს მშრალად წმენდენ და ცივი წყლით რეცხავენ. ტანსაცმელზე ან ხალიჩაზე წითელი ღვინის გადაღვრის შემთხვევაში არ არის აუცილებელი დაუყოვნებლივ ქიმწმენდაში წასვლა. სახლშიც მოიძებნება საშუალებები, რომლებიც ლაქებს გაანადგურებს.