
რებეკა პოლსონი თანამედროვე გოგონაა, რომელმაც 30 წელს ახლახან გადააბიჯა. იგი წარმოშობით კოლორადოს შტატის ქალაქ ფორტ-კოლინსიდანაა. ერთ მომენტში, მან გაიაზრა, რომ სავსებით უსარგებლო ნივთები ერტყა გარს: ბევრი ავეჯი, წლობით ნაგროვები წვრილმანი, გამოუყენებელი ჭურჭელი, ტანსაცმელი, სუვენირები… უამრავი ნივთი ყოველმხრივ!
გოგონამ აღიარა, რომ მისი ბინა ანტიკვარის მაღაზიის საწყობს ჰგავდა. ეს ყველაფერი ლამაზი იყო, პოლსონი თავის ნივთებთან მიჯაჭვულობას გრძნობდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ისინი მას ნორმალურ ცხოვრებაში უშლიდა ხელს. ამიტომ, ჩვენმა გმირმა გადაწყვიტა რადიკალური ნაბიჯის გადადგმა. მისი გადაწყვეტილება ნამდვილად შესაშურია.
სახლი ბორბლებზე
რებეკამ გადაწყვიტა, სხვადასხვა ნივთის დაგროვებისადმი მიდრეკილება ძირფესვიანად მოესპო. ამისთვის ეშმაკური ხრიკი მოიფიქრა: დაგროვილი ხარახურა მეზობლებსა და მეგობრებს დაურიგა, თავად კი პატარა ბორბლებიან სახლში გადავიდა. ეს ვიღაცას შეიძლება სიგიჟედ მოეჩვენოს, თუმცა მას ყველაფერი გამოუვიდა.
მან ასეთი პატარა სახლი სპეციალურად აირჩია – იმისათვის, რომ იგი ნივთებით ისევ არ გადაევსო. გოგონამ უბრალოდ აშენებული ბორბლებიანი სახლი კი არ შეიძინა – ამასაც თავისი ისტორია აქვს. როცა კომფორტული ფურგონების ფასებს გადახედა, რებეკამ გადაწყვიტა, საცხოვრებელი თავად აეშენებინა. მან შეიძინა თითქმის განადგურებული სახლი და ბოლომდე დაშალა, შემდეგ კი ფუძეზე ახალი ააშენა.
რებეკა პოლსონმა მშენებლობაში საკმაო გამოცდილება დააგროვა. თავად აირჩია მასალა მომავალი კედლებისთვის – ფანერისა და დსპ-ს ფირფიტები კოლორადოს ცხელი კლიმატისთვის ზედგამოჭრილია. ქალმა ჭერზე ფანჯრებიც გააკეთა.
რებეკამ შესანიშნავი გეგმა შეადგინა თავისი ნივთების გასაჩუქებლად. ფეისბუქზე პოსტების გამოქვეყნებით, იპოვა მათი მსურველები. წიგნები და ტანსაცმელი ძალიან სწრაფად დარიგდა.
მხოლოდ 3 წყვილი ფეხსაცმელი, რამდენიმე სვიტრი, მაისური და ჯინსი – აი, რისგან შედგება მისი ახლანდელი გარდერობი. თავადაც არ სჯერა, რომ მინიმუმამდე დაიყვანა ნივთების რაოდენობა თავის სახლში, რომელიც მანამდე ლამაზი ნივთების ნაგავსაყრელად ექცია.
ჩვენი ისტორიის გმირმა სამახსოვროდ 35 წიგნი დაიტოვა. მას ბავშვობიდან უყვარდა ყველაფრის შეგროვება, თუმცა მიხვდა, რომ მისი ცხოვრება გაცილებით ძვირფასია, ვიდრე რაღაც ნივთები. საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა უსულო საგნებისთვის დიდი სისულელეა. ახლა იგი მაღაზიაში მხოლოდ საჭირო რაღაცების საყიდლად დადის. ხოლო როცა რებეკას მოუნდება რამე ნაკლებად საჭირო ნივთის ყიდვა, ახსენდება, რომ სახლში ამის ადგილი არ აქვს. აი, ასე განიკურნა შოპაჰოლიზმი.
რებეკას სახლში დგას უჩვეულო ტუალეტი – კომპოსტური. მას წყალი არ სჭირდება. ქალს სხვენში სძინავს, აქვს ლეიბი და საწოლის თეთრეულის კომპლექტი. საცხოვრებელს ელექტროენერგიით მზის ბატარეა უზრუნველყოფს.
სახლში არაა ღუმელი და საყინულე, სამაგიეროდ, არის მცირე ზომის მობილური ქურა და მინი-მაცივარი. თავის პატარა სამოთხეს რებეკა ძაღლს უყოფს.
ახლა რებეკა სულ სხვანაირად ცხოვრობს. იგი სასოფლო ადგილას გადავიდა, თავისი სახლის მიწის ნაკვეთზე განთავსება მან ამ მიწის მფლობელ ფერმერს შეუთანხმდა. სამეურნეო საქმეებში დახმარებისთვის, კეთილმა ადამიანებმა გოგონას იქ ცხოვრების საშუალება მისცეს. ოდესღაც, რებეკას ჰქონდა ჰობი – ქსოვდა და, ალბათ, ესაა ის ერთადერთი რამ, რაც ენატრება.
ესაა გასაოცარი მინიმალიზმის მაგალითი სამომხმარებლო ეპოქაში, როცა ადამიანები საკუთარი ნივთების ტყვეებად იქცნენ. ბედნიერება ხომ მათში არაა… თქვენ წახვიდოდით ასეთ ავანტურაზე?