საბჭოთა კავშირიდან გამოყოლილი ჩვევები, რომლებზეც ახლა უარი უნდა თქვათ

სადილზე ბებიაჩემი აუცილებლად ამზადებს სამ კერძს, თან პირველ ულუფასთან პურსაც მაყოლებინებს. დედაჩემი კი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ ხელში შოკოლადების კოლოფი ჩამჩაროს, როცა ექიმთან მივდივარ. “ექიმს პატივს სცემ” – თან დააყოლებს. იფიქრებთ, რომ ასეთ უმნიშვნელო დეტალებში მნიშვნელოვანი არაფერია? კარგად დაფიქრდით – თქვენ გარშემო ადამიანების ქცევები წარსულის გადმონაშთს არ გაგონებთ?

საქმე წარსულის მასობრივ კულტურაშია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. რამდენადაც ეს თემა აქტუალურობას არ კარგავს, Novate.ge-ს რედაქციამ თქვენთვის შეკრიბა და განავრცო 10 ჩვევა, რომლებიც ჩვენი რეგიონის (არამხოლოდ საქართველოს) მოსახლეობას სსრკ-დან გადმოჰყვა. ქვემოთ ჩამოთვლილ ჩვევებს უკვე აღარ აქვთ გამართლებული მიზეზები, ამიტომ გირჩევთ, რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროთ ისინი.

ქცევის ჩვევები სსრკ-დან

პროდუქტის მომარაგება

გასაკვირი არაა, რომ პროდუქტის დეფიციტის დროს, ჩვენი ბებიები და დედები ყველაფერს წინასწარ იმარაგებდნენ. “ჯობს ახლა ვიყიდო, მერე შეიძლება აღარ იყოს” – ეს ლოგიკური ფრაზა ნებისმიერ საბჭოთა ოჯახში ისმოდა. თუმცა, თუ მაშინ მსგავსი ქცევა გამართლებული იყო, ახლა ამ ჩვევას აზრი აღარ აქვს. მაღაზიის თაროები გატენილია ადგილობრივი და იმპორტული საქონლით. ამიტომ, აუცილებელი არაა სამზარეულოს კარადების გავსება ბურღულის, ფქვილისა და შაქრის ათობით შეკვრით.

სამკერძიანი სადილი

მკაცრი გრაფიკის მიხედვით ცხოვრებისას, საბჭოთა ადამიანებიც შესაბამისად იკვებებოდნენ. წახემსებისთვის დრო იშვიათად ჰქონდათ, ამიტომ სადილი მსუყე უნდა ყოფილიყო. სალათი, წვნიანი, სრულყოფილი მეორე კერძი და ტკბილი ფუნთუშა კომპოტით – სასადილო შესვენების სტანდარტული ნაკრები. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პურის გარეშეც არავინ ჭამდა. გასაკვირი არაა, რომ ასეთი მსუყე კვების შემდეგ, ადამიანები უბრალოდ ზედმეტს ჭამდნენ, რაც მათ ჯანმრთელობაზე კარგად არ აისახებოდა. ჩვენს დროში დასანაყრებლად ერთი კერძიც საკმარისია, თანაც, წახემსებისთვის დროს დასაქმებული ადამიანიც ყოველთვის იპოვის. ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსი ნებისმიერი რაციონის წარმატების წინაპირობაა.

ძველი ტანსაცმელი სახლისთვის

ძველი შარვალი და მაისური ქალაქში გასასვლელად ნამდვილად არ გამოდგება, სახლისთვის კი სწორედ რომ შესაფერისია! სწორედ ასეთი პრინციპით იქმნებოდა საბჭოთა ხალხის საშინაო გარდერობი. ასეთი ტანსაცმლის გადაყრა ენანებოდათ, ამიტომ, მას სახლში იცვამდნენ. თუ მსგავსი ნივთები საჭიროზე მეტი იქნებოდა, აგარაკზე გადაჰქონდათ. გეცნოთ? თანამედროვე სამყაროში დიდი ხნის წინ გაჩნდა ძველი ტანსაცმლის გადამუშავების შესაძლებლობა. გარდა ამისა, კარგ მდგომარეობაში არსებული ნივთები სხვებს აჩუქოთ. სახლში კი ყოველთვის უფრო სასიამოვნოა რაღაც ახლის ჩაცმა.

სამუდამო რემონტი

სსრკ-ში რემონტი რამდენიმე წელიც კი გრძელდებოდა. ხან საჭირო შპალერი არ იყო, ხან მოდიდან გადავიდა, ხანაც რა მოხდა… სანამ ერთი ოთახი რემონტდებოდა, მეორეში ახლის გაკეთება ხდებოდა საჭირო. და ასე, დაუსრულებლად… ახლა შეგიძლიათ ნებისმიერი გემოვნების შესაფერისი კედლისა თუ იატაკის საფარი შეიძინოთ, ავეჯისა და სხვა ნივთების უთვალავ რაოდენობაზე აღარაფერს ვამბობ. თუმცა, რატომღაც, ჩვენ მიერ დაგეგმილი რემონტი დღემდე წლების მანძილზე გრძელდება.

ქრთამი, მადლიერების ნიშნად

ადრე ექიმთან ან იურისტთან მისვლა დამატებითი გადასახადის – საყოფაცხოვრებო ქრთამის გარეშე არ გამოდიოდა. განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვა დეფიციტური პროდუქტით ხდებოდა. ასე ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებდნენ და კავშირებს არსებითად აუმჯობესებდნენ. თუმცა, რამდენად საჭიროა ეს დღეს? ყველა საჯარო მოხელე ხომ თავის ხელფასს იღებს. თქვენი პრობლემების გადაჭრა მათი უშუალო საქმეა. ხოლო თუ საქმე კერძო ფირმებთან გაქვთ, მათ დამოუკიდებლად, ჩეკის მიხედვით უხდით. მსგავსი ჩვევა კარგს არაფერს მოიტანს, მხოლოდ დამიანებს შორის მტკიცე ურთიერთობების ილუზიას ქმნის.

რჩევები, რომლებიც არ უთხოვიათ

როცა პირადი ცხოვრება საჯარო ცხოვრების ნაწილი ხდება, უცხო რჩევებს ვერ გაექცევით. თუმცა, ეს უსიამოვნო და არასწორი ჩვევაა. მაშინაც კი, თუ ხედავთ, რომ თქვენი ამხანაგის ცხოვრებაში რაღაც რიგზე ვერაა, ეს მხოლოდ თქვენი სუბიექტური აზრია. ნუ დაარიგებთ რჩევებს, თუ ეს არავის უთხოვია. მსგავსი ქცევა მხოლოდ შეარყევს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან.

“მუქთა” სარგებელი

საშინელი დეფიციტის პერიოდში, ბევრი ნივთი უბრალოდ არ იყიდებოდა. ეს არამხოლოდ პროდუქტს ეხებოდა. ამიტომ, ადამიანებს, ხშირად, რაღაც ნივთები სამსახურიდან მოჰქონდათ. მაგალითად, თუ მაგიდას იქ აღარ იყენებდნენ, ქარხნიდან სახლში მოჰქონდათ. მსგავსი ჩვევები ჩვენს დროშიც აქტუალურია. გაიხედავთ, ოფისიდან რამდენიმე კალამს, ქაღალდს თუ ფაილს წამოიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მათი შეძენა შეიძლება. პარადოქსია!

ნივთების შენახვის სურვილი

კიდევ ერთი ჩვევა, რომელიც ჩვენს დრომდე შემორჩა. თავს დავდებ, გაქვთ ან გქონდათ პარკებით სავსე პარკი. ზოგიერთ თქვენგანს კი დღემდე უდევს კარადაში ქსოვილის ნაჭრებით, ღილებით, ცარიელი შუშის ქილებითა და მსგავსი ხარახურით სავსე პარკები. თუ თავი ამოიცანით, მოიშორეთ ეს უსარგებლო ნივთები. მინიმალიზმი თანამედროვეობის მამოძრავებელი ძალაა. დამეთანხმებით – რა საჭიროა სახლში ის, რაც არასდროს არავის გამოუყენებია?

ურთიერთობის ბარტერული სისტემა

-“ნივთების გადატანაში დამეხმარები? მერე გავსწორდებით!” – მსგავსი სიტუაცია საბჭოთა პერიოდს ახასიათებდა. ხალხს ერჩივნა, დახმარება ნაკლებად ნაცნობი ადამიანებისთვის ეთხოვა, ვიდრე მუშები დაექირავებინა. პირველ რიგში, ასე უფრო იაფად ან უფასოდაც კი გამოძვრება. მეორეც, მსგავსი სიტუაცია ახალი ურთიერთობების დამყარებას უწყობდა ხელს. თუმცა, რეალურად, არაფერიც არ იცვლებოდა. სამწუხაროდ, ურთიერთობის ბარტერული სისტემა დღემდე კარგი ურთიერთობის მხოლოდ და მხოლოდ ილუზიას ქმნის.

მომავლის იმედი

“აი, მერე ნამდვილად კარგად ვიქნებით” – რამდენად ხშირად მოგისმენიათ მსგავსი ფრაზა თქვენი ნათესავების ან უბრალოდ ნაცნობებისგან. ადამიანებს დღემდე სჯერათ, რომ საუკეთესო დრო დადგება მერე, მომავალში, თუმცა ახლა არა. და უბრალოდ ელოდებიან, როდის მოხდება ეს. თუმცა, მუდმივად ცვალებად თანამედროვე სამყაროში ერთ ადგილას ჯდომა და უბრალოდ იმედის ქონა, რომ ციდან კანფეტი, სამსახურში დაწინაურება ან საუკეთესო დრო ჩამოვარდება, დიდი სისულელეა. იცხოვრეთ ახლა და აქ, იმუშავეთ საკუთარ თავზე ყოველდღე – ასე იღბალიც თქვენს მხარეს იქნება.

თქვენ რომელი ჩვევა გეცნოთ ყველაზე მეტად?