სველი წერტილის რემონტი მნიშვნელოვანი მისიაა, რომლის საგულდაგულოდ დაგეგმვაზე ოჯახის ყველა წევრის კომფორტი უშუალოდაა დამოკიდებული. Novate.ge-ს რედაქცია გაგაცნობთ ყველაზე ხშირად დასმულ შეცდომებს, რომლებიც სააბაზანოს დაგეგმვისა და გაფორმების ეტაპზე უშვებენ, აგრეთვე, გთავაზობთ მათ ალტერნატიულ გადაწყვეტილებებსაც. გიამბობთ, თუ რომელი გადაწყვეტილებები აფუჭებს სველი წერტილის ინტერიერსა და პრაქტიკულობას.

შეცდომა 1: ავეჯის განლაგება აბაზანასთან ახლოს

უშუალოდ სან.კვანძის გასაფორმებლად განკუთვნილი ავეჯი, ჩვეულებრივ, სპეციალური წყალამრიდი საშუალებებითაა დაფარული. იგი უძლევს გარე ნეგატიურ ფაქტორებს, მათ შორის, ტემპერატურის ცვლილებებს, ნესტს, თუმცა, მისი ყოველდღიურად წყლით მორწყვა ცუდი აზრია. დროთა განმავლობაში, ეს ავეჯის გაბერვას გამოიწვევს. ნუ დადგამთ კარადას აბაზანასთან მჭიდროდ, რადგან მისი დასველების რისკი რამდენჯერმე გაიზრდება.

როგორ მოვიქცეთ?

როცა სველ წერტილში ავეჯის განლაგებაზე იფიქრებთ, გაითვალისწინეთ, რომ აბაზანასა და ავეჯს შორის ათსანტიმეტრიანი დაშორება მაინც იყოს. სხვათა შორის, ეს თავად მწარმოებლების რეკომენდაციაა. კიდევ ერთი ვარიანტია სანტექნიკასა და ავეჯს შორის შუშის ტიხრის გაკეთება. ამ შემთხვევაში, წყალი ნამდვილად არ მოხვდება ინტერიერის დეტალებზე.

შეცდომა 2: კედლების მოსაპირკეთებლად მუქი პრიალა ფილების გამოყენება

სააბაზანოში ფერთა მუქი გამა ნამდვილად ცუდი გადაეყვეტილებაა, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ეს ოთახი დიდი ზომებით არ გამოირჩევა. შავი, მუქი ლურჯი, ყავისფერი ფერები ვიზუალურად ამცირებს აბაზანის ფართობს და ვიწრო კუბოს ამსგავსებს. კიდევ ერთი მომენტი – მოელვარე ზედაპირი. ასეთ ფილებზე ყველა ლაქა და ჭუჭყი ჩანს, დაწყებული შამპუნის კვალით, დასრულებული კბილის პასტის შეფებით. შედეგად, ალაგებთ არა კვირაში ერთხელ, არამედ ყოველდღე. ცეცხლზე ნავთს დაასხამს ხისტი წყალიც, თუ თქვენს ბინაში ასეთი მოდის: ამ შემთხვევაში, გარდა ძირითადი ჭუჭყისა, კირის ნადებიც გაგაწვალებთ.

როგორ მოვიქცეთ?

შავი პრიალა ფილების ნაცვლად, რომლებიც ინტერიერს ეფექტურად გამოაჩენს, გამოიყენეთ მრავალფეროვანი ტექსტურები, ნამდვილი ქვის იმიტაციით. ფილები აუცილებლად მარმარილოსი არ უნდა იყოს. შეგიძლიათ კირის, ტრავეტრინის იმიტაცია გამოიყენოთ. ამ შემთვევაში, შხეფები, წყლის ლაქები არ გამოჩნდება. სხვათა შორის, ასეთი ვარიანტი იდეალურია სველი წერტილისთვის, რომელსაც ეკოს სტილში აფორმებენ. რაც შეეხება შავს, იგი გამოიყენეთ დეკორში ან სანტექნიკაში, მაგალითად, ასეთი ფერის შემრევი იყიდეთ.

შეცდომა 3: მხოლოდ ღია ან მხოლოდ დახურული თაროების გამოყენება

ღია თაროები ნაკლებ ადგილს იკავებს, არ გადატვირთავს ინტერიერს და ხელმისაწვდომიცაა, თუმცა მათი დიდი მინუსია მტვერი, რომელიც ყველაფერს აჯდება. რაც შეეხება დახურულ კარადებს, ისინი გვიცავს ამ პრობლემებისგან, თუმცა სხვას იწვევს – კარი მუდმივად უნდა აჯახუნოთ, საჭირო ნივთის ასაღებად. გარდა ამისა, ასეთი ავეჯი ზედმეტად ტვირთავს სააბაზანოს სივრცეს.

როგორ მოვიქცეთ?

უმჯობესია, გაითვალისწინოთ როგორც დახურული კარადები, ისე ღია თაროებიც. ღია თაროებზე მხოლოდ ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნივთები დაალაგეთ, ხოლო დანარჩენი – კარადაში. ძალიან ლამაზი იქნება სარკიანი კარადა და ტუმბო ღია თაროებით. თავად აბაზანის ზონაში კი შეგიძლიათ ნიშა გაითვალისწინოთ, სააბაზანოს ნივთებისთვის.

შეცდომა 4: აბაზანის ეკრანში სიღრმის დავიწყება

ეკრანი შესანიშნავი რამაა, რამდენადაც მის უკან მთელი საყოფაცხოვრებო ქიმიის დამალვა შეგიძლიათ. გარდა ამისა, ეს მოწყობილობა ლამაზად შენიღბავს კანალიზაციას, მილებსა და წყალგაყვანილობას, ოთახს კი ესთეტიკურ იერს შეუნარჩუნებს. თუმცა, თუ სტანდარტულ მოდელს შეარჩევთ, ზოგიერთი პროცედურის დროს, თითებით ეკრანს მიეყრდნობით (ვარცლში რეცხვის, თავის დაბანის დროს).

როგორ მოვიქცეთ?

მოდელის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ ეკრანის ქვედა ნაწილში ნიშის ან მცირე შეღრმავების არსებობას (ორივე ვარიანტი საკმაოდ პრაქტიკულია). ასე სხვადასხვა მოუხერხებლობას აიცილებთ თავიდან.

შეცდომა 5: შტეფსელების დავიწყება

ყველაფერი გასაგებია: თუ სააბაზანოში შტეფსელებს არ გაითვალისწინებთ, დაივიწყეთ სარეცხი მანქანის, ფენის, ეპილატორის, თმის უთოსა და სხვა მსგავსი მოწყობილობის კომფორტული გამოყენების შესახებ. ერთი შტეფსელი კორიდორში რას ეყოფა? ყოველ ჯერზე მოგიხდებათ დამაგრძელებლის გამოყენება, რაც საკმაოდ მოუხერხებელია.

როგორ მოვიქცეთ?

იზრუნეთ რამდენიმე შტეფსელის დამონტაჟებაზე, უშუალოდ სააბაზანოში.

შეცდომა 6: მისაწებებელი კაუჭები

საკიდები შეიძლება ძალიან ხარისხიანი და ძვირფასი იყოს, თუმცა, დროთა განმავლობაში, კედელს მოსძვრება და იატაკზე ჩამოვარდება. ასეთი ხანმოკლე ექსპლუატაციის მიზეზი ნესტიანი ჰაერის მუდმივი ზემოქმედებაა.

როგორ მოვიქცეთ?

აირჩიეთ უფრო საიმედო დამაგრება: თვითმჭრელები, დუბელები, თხევადი ლურსმანი და სხვ. ასევე, აუცილებლად გაითვალისწინეთ კაუჭების ადგილიც: დაამაგრეთ ისინი აბაზანასთან და საშრობთან ახლოს, სააბაზანოს ნივთები მომხმარებელთან ახლოს რომ იყოს.

თქვენ დაგიშვიათ მსგავსი შეცდომა? როგორ გამოასწორეთ იგი?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი