ძველი ნივთების მეორე სიცოცხლე: 12 კრეატიული იდეა განახლებისთვის

,დრომოჭმული ნივთებისთვის, ჩვეულებრივ, ბოლო ერთია – ნაგვის ურნა. თუმცა, ბევრი მათგანის ფუნქციურად, კრეატიულად და ლამაზად გადაკეთებაც შეიძლება, რითაც ინტერიერისა და ყოფაცხოვრების სასარგებლო დეტალად იქცევა. Novate.ge-ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო იდეების ნაკრებს ძველი ნივთების განახლებისა და გადამზადებისთვის.

1. სანათები

ძველი, უკვე საკვებად უვარგისი საწრეტების გამოყენება შეგიძლიათ კედლისა და ჭერის სანათების აბაჟურების სახით. მათი პერფორირებული ზედაპირი სასიამოვნო, გაფანტულ შუქს ქმნის, მიმზიდველი ნათელი ფიგურებით.

საინტერესო სანათები გამოდის სამზარეულოს სხვა ხელსაწყოებისგანაც. მაგალითად, აგარაკზე ოთხმხრიანი სახეხის ჭაღი მშვენიერი დეკორაცია იქნება. შეგიძლიათ, დაამზადოთ ცალკეული სანათები, თუმცა ხის ფიცარზე მიმაგრებული ოთხი სახეხის კომბინაცია გაცილებით საინტერესო იქნება.

ორიგინალურად გამოიყურება ჭაღი მაგიდის ხელსაწყოებისგანაც. რა თქმა უნდა, ასეთი დეკორაცია ინტერიერის ნებისმიერ სტილს არ მოუხდება, თუმცა, თუ მოუხდენთ, დიზაინის მკვეთრ აქცენტს მიიღებთ.

ბოთლებისგან სანათის გაკეთება უფრო რთულია, რამდენადაც საჭიროა შუშის ჭურჭლის ქვედა ნაწილის ფრთხილად ამოჭრა. სამაგიეროდ, მზა კონსტრუქცია, რომელიც ჯაჭვებზე იკიდება, სამზარეულოს ინტერიერს განსაკუთრებულს გახდის.

ჩვენ უკვე დავწერეთ, როგორ უნდა გაჭრათ ბოთლი სახლის პირობებში სწორად. იხილეთ დეტალური ინსტრუქცია ამ ბმულზე.

2. სახელურები

სუფრის ხელსაწყოები კარისა და უჯრის სახელურების ორიგინალური წყაროა. შეგიძლიათ, კოვზები ან ჩანგლები უცვლელად მიამაგროთ, უბრალოდ ოდნავ მოხაროთ. ან დაამზადოთ უფრო ლამაზი სახელურები, თუ გაასწორებთ კოვზის თასს. ასევე, ჩანგლებისგან მიიღებთ ხელსახოცების ჩამოსაკიდის ორიგინალურ დამჭერსაც.

3. კაუჭები

სუფრის ხელსაწყოები, გასაღები და მსგავსი წვრილმანები შესანიშნავი მასალაა სხვადასხვა ტიპის კაუჭებისა და კავების დასამზადებლად. განსაკუთრებით საინტერესო კაუჭები გამოდის ჩანგლებისგან – მათი კბილებს შეგიძლიათ სასურველი ფორმა მისცეთ.

4. საკიდები

ძალიან ბევრი ნივთი შეიძლება იქცეს საინტერესო საკიდად. მაგალითად, ბაღის ფოცხისგან მიიღებთ ორიგინალურ კავს სამზარეულოს ინსტრუმენტებისთვის. ცომის საბრტყელებელიც კი გამოგადგებათ. შეგიძლიათ, მისი დაბოლოებები ორიგინალურ საკიდებად გამოიყენოთ, ან მთლიანად მიამაგროთ კარადის გვერდითა კედელს და აქციოთ პირსახოცების საკიდად.

5. კერა

ავტომობილის გაცვეთილი ბორბლის შიდა სარტყელი აგარაკზე, ეზოს კერისთვის გამოდგება. მისი მოწყობა დიდ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ, ეზოში გექნებათ მუდმივი ადგილი კოცონისთვის, რომელშიც ცეცხლის დანთება უსაფრთხო იქნება. სარტყელი დადეთ წინასწარ მომზადებულ ფუძეზე და მოაპირკეთეთ გარშემო აგურებით ან დეკორატიული ქვებით.

6. მაგიდა

ძველი მავთულის კალათისგან მიიღება ასეთი ლამაზი და მსუბუქი მაგიდა. უბრალოდ გადააბრუნეთ კალათი, მიამაგრეთ ხის დაფა ან სხვა მკვრივი მასალა და შეღებეთ სასურველ ფერში.

7. საყვავილე

საყვავილეები ძველი ნივთების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა. დასაკიდ ქოთნებად გამოდგება ნივთები, რომლებსაც ღრუ აქვს: ძველი საბურავები, საწრეტები, ჩაიდნები, ფინჯნები, კალათები, ურიკები, თუნუქის ქილები და სხვ. რეზინის ჩექმებიც კი, რომლებიც ბავშვებს აღარ ეტევათ, გამოგადგებათ. მკვეთრი ფერის ფეხსაცმლისგან მიიღებთ საინტერესო საყვავილეებს, რომლებსაც ლანდშაფტურ დიზაინში ხალისი შეაქვს.

სასარგებლო რჩევა: ძველი რეზინის ჩექმები შეგიძლიათ კაშპოდ გამოიყენოთ – უბრალოდ მოათავსეთ მასში ყვავილის პატარა ქოთნები. ან უშუალოდ ფეხსაცმელში ჩარგეთ მცენარეები. ამისთვის, ჩექმიდან უნდა ამოიღოთ ქეჩა, მხოლოდ ცარიელი რეზინი უნდა დარჩეს. ფსკერი დახვრიტეთ რამდენიმე ადგილას, წყალი რომ არ დაგროვდეს, ჩაყარეთ დრენაჟი, გრუნტი და ჩარგეთ ყვავილები.

8. საყურეების სადგამი

სამზარეულოს ხელსაწყოები მართლაც უნივერსალური მასალაა სხვადასხვა დეკორისთვის. ძველი სახეხით მიიღებთ საყურეების დამჭერს. ამისთვის არაფრის გაკეთება არაა საჭირო – უბრალოდ შეღებეთ სასურველ ფერში.

9. დასადგამი-ორგანაიზერი

ძველი თასები, ღრმა თეფშები, ბადისებრი კალათები და საწრეტები შესანიშნავი ბაზაა დასადგამი-ორგანაიზერის დასამზადებლად, სახილეს მსგავსად, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოშიც და სხვა ოთახებშიც მსგავსი კონსტრუქცია არამხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის, არამედ სხვადასხვა ნივთის შესანახავად გამოდგება: ძაფებით დაწყებული, ჭანჭიკებით დასრულებული.

10. სტელაჟი

თანამედროვე კიბეებმა შეავიწროვა ხის მოდელები. ნუ იჩქარებთ ძველი კიბის გადაგდებას. ეს უკვე მზა სტელაჟია, რომლის ზედა თაროებზე ყვავილის ქოთნების, ხოლო ქვედაზე – სათლებისა და მსგავსი ინვენტარის დალაგება შეიძლება. ხოლო, თუ საფეხურებზე რომელიმე მყარი მასალის ფირფიტას მოათავსებთ, სტელაჟს განიერი თაროები გაუჩნდება და უფრო ტევადი გახდება.

11. ჭადრაკი

მაგიდის თამაშების მოყვარულებს შეუძლიათ, ჭადრაკის ან დამკის ფიგურები ძველი მილებისა და მსგავსი ნაწილებით დაამზადონ. ასეთი იდეა პირველად ფრანგ დიზაინერ ერიკ კლავერის გაუჩნდა და განახორციელა კიდევაც. ჭადრაკის დაფა დამზადებულია რკინის კვადრატებისგან, ხოლო ფიგურები აწყობილია ჭანჭიკების, ხრახნებისა და მილებისგან, შეღებილია პრიალა საღებავით.

12. შანდლები

თუ შანდლები არ გაქვთ, თუნუქის ქილების გამოყენება შეგიძლიათ. თუმცა, უფრო ორიგინალურია ძველი მეტალის ძაბრების გამოყენება, თუ ინტერიერი ლოფტის ან სტიმპანკის სტილში გაქვტ გადაწყვეტილი. კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი ამ ფუნქციით – ესაა ჩამჩები, რომლებსაც ნებისმიერ ადგილას დაკიდებთ, ჯამს კი სანთლების ჩასადებად გამოიყენებთ.

თქვენ გამოგიყენებიათ ძველი ჭურჭელი ახალი დანიშნულებით? რამდენად კარგი შედეგი მიიღეთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.