როგორ გამოიყურება საშუალოსტატისტიკური ჰოლანდიელის საცხოვრებელი სახლი

ყოველთვის საინტერესოა სხვა ქვეყნების მოსახლეობის საცხოვრებელში “შეჭყეტა”. ალბათ, თქვენც გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ ჰოლანდიელები. ბევრს იგი, შეცდომით, ქვეყნად მიაჩნია, რეალურად – ჰოლანდია ნიდერლანდების ორი მსხვილი პროვინციის სახელწოდებაა, რომლებიც, თავის მხრივ, ნიდერლანდების სამეფოში შედის.

ბევრს არ აქვს ამ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობა. ხოლო იმისათვის, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლის ჩვეულებრივი რიტმი შეიგრძნოთ, იქ გარკვეული დროით ცხოვრებაა საჭირო. საბედნიეროდ, ბევრი რამის გაგება სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ. სწორედ ამიტომ, Novate.ge-ს რედაქცია დაწვრილებით მოგიყვებათ იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ სამხრეთი ჰოლანდიის პროვინციის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ როტერდამში.

საზღვარგარეთული ცხოვრება

დასაწყისისთვის, უნდა აღვნიშნოთ, რომ როტერდამი ულამაზესი ქალაქია. დედაქალაქ ამსტერდამისგან განსხვავებით, იგი გაცილებით მშვიდია. მასში არსებობს მრავალბინიანი კორპუსებისა და კერძო სახლების უბნები. ზოგიერთი მათგანი შედგება მრავალი 2-3-სართულიანი სახლისგან, რომლებიც 7-8 ნაწილად დაყოფილ შენობათა კვარტალს ჰგავს.

ჰოლანდიური სახლების შიდა მოწყობაც საკმაოდ საინტერესოა. სახლის პირველი სართული ყველაზე დიდია. ხშირად, აქ განთავსებულია შემოსასვლელი, მისაღები, სააბაზანო, საწყობი და სამზარეულო, რომელიც მცირე ბაღში გადის. ასეთ ბაღს იხილავთ სახლის შესასვლელთანაც. მას ამშვენებს ქანდაკებები, ჰორტენზიები და უამრავი სხვა სახის ყვავილი.

ზოგადად, ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის ბაღი ყოფაცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იქ ბევრს მოჰყავს ხურტკმელი, მოცვი, კიტრი, ჟოლო, ვაშლი და ალუბალი. გარდა ამისა, მათთვის ჩვეულებრივი ამბავია ბაღში სადილობა გრილ ამინდში. ბევრი მაცხოვრებელი იქ ასეირნებს შინაურ ცხოველებს, რითაც ქუჩაში ხანგრძლივ სეირნობას ანაცვლებს.

რაც შეეხება სამზარეულოს, აქაური ოთახი გამოირჩევა მცირე ზომით, რამდენადაც ადგილობრივთა უმრავლესობა უპირატესობას ნახევარფაბრიკატებს ან გარეთ ჭამას ანიჭებს. სამაგიეროდ, ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მეტ დროს ატარებს მისაღებ ოთახში. სწორედ იქ იპოვით ტელევიზორს, კომპიუტერსა და სასადილო მაგიდას.

მეორე სართულზე, როგორც წესი, მეტი ოთახია. იქ შეხვდებით სააბაზანოსა და საპირფარეშოს. საინტერესოა, რომ აქაურებს უყვართ საპირფარეშოში სახუმარო ლექსების ჩამოკიდება. გარდა ამისა, მეორე სართულზე საძინებელიცაა განლაგებული. ზოგიერთი ოთახი საწყობად ან სასტუმრო ოთახადაა მოწყობილი.

მესამე სართულს იკავებს სხვენი. ჩვენი გაგებით, სხვენი უსარგებლო ნივთების საწყობია. თუმცა, ნიდერლანდებში ეს სივრცე სხვანაირად გამოიყენება. იქ ესაა სრულფასოვანი სართული, რომელიც საბავშვო ოთახს ეთმობა.

რაც შეეხება ჰოლანდიურ ბინებს, ისინი, ხშირ შემთხვევაში, შედგება სააბაზანოს, საპირფარეშოს, 2-3 ოთახისა და სამზმარეულოსგან. სამზარეულო, უმეტესწილად, საკმაოდ დიდი ზომისაა. სწორედ მასში თავსდება, მომზადებისთვის საჭირო ნივთების გარდა, ტელევიზორი, სასადილო მაგიდა, რამდენიმე სკამი და ხანდახან დივანიც. ოთახი ვრცელია, ამიტომ ერთ ბინაში შეიძლება დიდი ოჯახი ან რამდენიმე მეგობარი ცხოვრობდეს.

სააბაზანოები, როგორც კერძო სახლში, ისე ბინაში, არ მოიცავს აბაზანას. აქ შემოიფარგლებიან საშხაპე კაბინით, პირსაბანით, სარეცხი მანქანითა და საშრობით.

რაც შეეხება ჰოლანდიელებს

დაბოლოს, გვინდა მცირეოდენი ჰოლანდიელი ხალხის შესახებაც გიამბობთ. მათ ერთგვარი მოდუნება ახასიათებთ. ხშირად, ისინი არ იწუხებენ თავს ახალი ტანსაცმლის ჩასაცმელად, მაღაზიაში გასასვლელად ან ძაღლის გასასეირნებლად. ნიდერლანდელებს შეუძლიათ, ხალხმრავალ ადგილებში საღამურებითა და სახლის ფლოსტებით წავიდნენ. ამასთან, მათ გარეგნობაზე ყურადღებას არავინ გაამახვილებს, რამდენადაც აქ კომფორტია პრიორიტეტული.

ჰოლანდიელების ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ჩვენს პატარა ძმებს – ცხოველებს. ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობა ისჯება ჯარიმით, რამდენიმე ასეული ევროს სახით. მეტიც, სტატისტიკის თანახმად, ჰოლანდიაში არ არსებობს უსახლკარო ცხოველი, რაც, თავისთავად, უკვე ბევრს ამბობს ამ ქვეყნის შესახებ.

ცალკეული აქცენტი უნდა გავაკეთოთ აქაური მოსახლეობის მეგობრულობაზეც. ისინი ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად, რაღაც მისანიშნებლად და გასაღიმებლად, მაშინაც კი, თუ ერთმანეთს პირველად ხედავთ.

უპირობოდ, ჰოლანდიაში ჩასულ ადამიანს მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილება დარჩება, რაც გასაკვირი არაა, რამდენადაც ხალხი უკიდურესად დიდსულოვნად ეპყრობა ყველაფერს, რაც მათ გარშემოა: ადამიანებს, ცხოველებსა და ბუნებას. ამასთან, ფასები ზომიერია, კლიმატი – სასიამოვნო, საინტერესო ადგილებიც თავზესაყრელადაა.

ყოფილხართ ჰოლანდიაში? რა მოგეწონათ ან არ მოგეწონათ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ გამოცდილება.