კიეველმა მამაკაცმა კორპუსის სახურავზე კერძო სახლი ააშენა. ჯარიმა 10 წლის შემდეგ გამოუწერეს„

ჯერ კიდევ ათი წლის წინ, მოხერხებულმა კიეველმა მამაკაცმა გადაწყვიტა, ჰქონოდა საკუთარი გარაკი, მიწის ნაკვეთით… პირდაპირ იმ მრავალსართულიანი ბინის სახურავზე, რომელშიც ცხოვრობს. მთელი ამ დროის მანძილზე, მოყვარული მიწათმოქმედი ამ ტერიტორიაზე ბაღს აშენებდა და მშვიდად ცხოვრობდა, სანამ საქმეში სამართალდამცავი ორგანოები არ ჩაერია. მათ ასეთი თვითნებობა არ მოეწონათ. პენსიონერს უკვე გამოუწერეს ორი ჯარიმა, თუმცა, იგი ჯიუტად ცდილობს თავისი შენობების დაკანონებას, ამასთან, მას მხარს უჭერს სახლის ყველა მაცხოვრებელი და სამშენებლო ნებართვების კომიტეტის თავმჯდომარეც კი.

ბატონ პეტრეს დამსახურებით, ერთი შეუხედავი მრავალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებმა სახელი მთელ კიევში გაითქვეს, თუმცა ფრიად უცნაური გზით. მიწათმოქმედების დიდი მოყვარული, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილმა მოსამსახურემ, ხოლო ამ ეტაპზე პენსიონერმა მამაკაცმა გადაწყვიტა, აგარაკი დ ნაკვეთი თავისივე ბინასთან ახლოს მოეწყო.

მისი ერთოთახიანი ბინა პირდაპირ 12-სართულიანი კორპუსის სახურავის ქვეშაა, ხოლო მამაკაცს გაუჩნდა აზრი, კერზო სახლი ღია ცის ქვეშ, დიდ სიმაღლეზე აეშენებინა. მან შეძლო და “აგარაკზე” ასასვლელი უშუალოდ ბინიდან გააკეთა.

დასაწყისისთვის, ბატონმა პეტრემ გაარემონტა სახურავის ის ნაწილი, რომელზეც სახლის მოწყობა განიზრახა. საფარი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო, იგი წვიმასაც ატარებდა, შესაბამისად, “ბაღისა და ნაკვეთის” რწყვას ვერ აიტანდა. სახურავის არასახარბიელო მდგომარეობის გათვალისწინებით, პენსიონერმა ჩაატარა ყველა საჭირო საიზოლაციო სამუშაო, დააგო რუბეროიდის ორი სქელი ფენა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა სახლის მშენებლობას.

შემდეგ, მამაკაცმა საზაფხულო სააგარაკე სახლი დსპ-ს ფილებით ააწყო, გარკვეული დროის შემდეგ კი სრულყოფილად ააშენა. კანონი რომ არ დაერღვია (ბინის გარეთ კომუნიკაციების გაყვანა), მამაკაცმა არ მიიყვანა სახლამდე ისეთი კომფორტები, როგორებიცაა წყალი, კანალიზაცია, ელექტრობა ან გათბობა, თუმცა საყვავილეები და თხრილები გააკეთა.

იმპროვიზებულ აგარაკზე ცხოვრების 10 წლის მანძილზე, კარლსონმა – ასე ეძახიან მას ბინის მაცხოვრებლები – მთელი ბაღი გააშენა. მის ნაკვეთზე ადგილი ჰპოვა ძველმა აბაზანამ, წვიმის წყლის შესანახავად, რადგან პეტრე და თავისი ცოლი აქ ზრდიან მწვანილს, სეზონურ ბოსტნეულსა და ყვავილებს.

იმისათვის, რომ ქალაქის ღია პანორამით დამტკბარიყვნენ, სახლთან ახლოს მოაწყვეს დასასვენებელი ზონა მაგიდითა და სკამებით, აგრეთვე, ბაღის საქანელებით. ახლა ოჯახს შეუძლია, სუფთა ჰაერზე ისადილოს ან ივახშმოს და სტუმრებიც კი მიიღოს. ოჯახის ზრუნველმა მამაკაცმა მოასწრო ინსტრუმენტების ფარდულის მოწყობაც, თეთრეულის დასაფენი თოკების დამაგრებაც. ამ მომენტისთვის, მან დაამზადა ბოძები ღობისთვის, თავისი “ნაკვეთის” შემოსაღობად. შესაძლოა, ეს უკანონოა, თუმცა ლოგიკური მაინცაა, იმის გათვალისწინებით, რომ სიმაღლე საკმაოდ დიდია და ასეთი სეირნობა ყოველთვის უსაფრთხო არაა. აქ ხომ შეიძლება სტუმრები ბავშვებით მოვიდნენ.

სად იყურებოდა საზოგადოება და მმართველი კომპანია, რომელიც ამ სახლს ემსახურება? არავის გაკვირვებია, როცა კარლსონის ნაკვეთისა და მიშენების გამო ხმაური დაიწყო. სახლის ყველა მაცხოვრებელმა იცოდა ამ უჩვეულო აგარაკის შესახებ, ბევრი მათგანი სტუმრადაც მოდიოდა და ტკბებოდა მწვანილებსა და ყვავილებს შორის დასვენებით. ბევრსაც უფიქრია, რომ მსგავსი მიშენება თავადაც გაეკეთებინა.

მაგალითად, ეკატერინა ივანოვი აღიარებს: “დიდი ოჯახი გვაქვს, პირველ სართულზე კი პატარა ბინა გვაქვს. დამატებითი მეტრები არც ჩვენ გვაწყენდა.” მიუხედავად ზოგიერთი მაცხოვრებლისა და თავად პეტრეს ასეთი აზრისა, სნკ-ს თავმჯდომარე ივანე ბასიუკი ამბობს: “დესნიანის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თუმცა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბატონ პეტრეს, რომ აგარაკი არ დაუნგრიონ. მე სახლში ვიყავი, ყველაფერი შევამოწმე, მაცხოვრებელთან პრეტენზიები არ მაქვს. მან ხომ, სანამ მშენებლობას დაიწყებდა, სახურავი თავისი ხარჯებით გაარემონტა. სახლში კი არავითარი კომფორტი არაა, უბრალოდ ორი სამმეტრიანი ოთახი.”

სპეციალური ორგანოების მიერ (10 წლის შემდეგ!) შემოწმების შედეგად, სახურავზე აშენებული სახლის მფლობელ პენსიონერს 2 ჯარიმა გამოუწერეს. აგრეთვე, მას მისცეს წერილობითი ნებართვა, თუნდაც დროებითი, მაგრამ მაინც სახლისა და აგარაკის დემონტაჟის შესახებ. კიეველებს ამაზე მოულოდნელი რეაქცია ჰქონდათ, პეტრემ დაიწყო დოკუმენტების შეგროვება თავისი აგარაკის დასაკანონებლად. ცოტა ხნის წინ გაიმართა სახლთაშორისი შეკრება, რომელზეც მოგროვდა ხელმოწერები იმის დასამტკიცებლად, რომ მისი სახლი და აგარაკი ხელს არავის უშლის და მოსახლეობას პრეტენზია არ გააჩნია.

ამასთან, ეს “ეზო” არ უშლის ხელს რომელიმე კომუნიკაციასთან ან სათადარიგო გასასვლელთან მისვლას. მიწათმოქმედთა ოჯახი არ აპირებს უბრალოდ დანებებას, რადგან ამ 10 წლის მანძილზე მათ დიდი ძალისხმევა და სახსრები ჩადეს, ასევე, ბედნიერი წლები სწორედ ამ აგარაკზე გაატარეს. კარგია, რომ ადამიანს ასე უნდა შრომა, თუმცა, აიტანს კი მრავალსართულიანი ბინების დაზიანებული სახურავები ასეთ მიშენებებს, კარლსონობის ყველა მსურველმა რომ ააშენოს მსგავსი სახლი?

ჩვენი რედაქციის ცნობა: რამდენადაც კიევის (და არამარტო) საცხოვრებელი ფონდის ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებისა და წესების მიხედვით, აკრძალულია ნებისმიერი ტიპის მშენებლობა მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე, თუ ისინი პროექტით არაა გათვალისწინებული, შედევრების დემონტაჟი ევალება მას, ვინც ისინი ააშენა. არც ერთი სახელმწიფო უწყება არ გასცემს ნებართვას აუზების, ღამის კლუბების, აგარაკების, ნაკვეთებისა და მსგავსი ობიექტების მოწყობას, რამდენი ხელმოწერაც არ უნდა შეგროვდეს.

თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა დაუკანონდეს თუ არა კიეველ კარლსონს თავისი ნაჯაფარი?