ბავშვობის მეგობრებმა მიტოვებული სანატორიუმი შეიძინეს და 7 წელში საცხოვრებელ კომპლექსად აქციეს

ხელოვანი ადამიანების წყალობით, რომლებიც ოცნებებს ხორცს ასხამენ, არაერთი ძველი, ბედის ანაბარა მიტოვებული შენობა იძენს ახალ სიცოცხლეს. ასეთი ბედი ეწია ფინეთის ერთ-ერთ უზარმაზარ მიტოვებულ სანატორიუმს, რომელიც არაერთი ათწლეულის მანძილზე ემსახურა ადამიანებს გამოჯანმრთელებისა და მკურნალობისთვის. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, იგი მაინც მიატოვეს. საბედნიეროდ, ბავშვობის მეგობრებმა, რომლებიც ოცნებობდნენ ერთ დიდ სახლში ცხოვრებაზე, გადაწყვიტეს ამ სანატორიის გარდასახვა და შეაჩერეს მისი ნგრევის პროცესი. ენთუზიასტებს 7 წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ მათი “მზის სასახლე” ფანტასტიკურ საცხოვრებელ კომპლექსად ქცეულიყო.

უზარმაზარი შენობა, რომელიც შესანიშნავ სასახლეს უფრო ჰგავს, დღემდე იქცევს ყურადღებას ყოველი კუთხით. მისი ისტორია, რომელიც შორეული 1925-1928 წლებში იწყება, მოიცავს როგორც მის აყვავებასა და სახელის მოხვეჭას, ისე მივიწყებასა და თითქმის დანგრევასაც. მხოლოდ სკოლის ძველი მეგობრების დამსახურებით, რომლებმაც გრანდიოზულ ავანტურაზე გაბედეს წასვლა, “მზის სასახლემ” ახალი ფუნქცია შეიძინა და ადამიანებს კიდევ არაერთი ათწლეულის მანძილზე მოემსახურება.

Novate.ge-ს ცნობით, თავიდან ეს პომპეზური შენობა მოდერნის სტილში იყო გადაწყვეტილი. იგი მთელი რეგიონის სიამაყედ ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე სოფელ ნასტოლაში იდგა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დასახლება სუფთა ჰაერით, ფიჭვის ტყითა და ბევრი მზიანი დღით გამოირჩევა, გასაკვირი არაა,  რომ აქ აშენდა სამკურნალო სანატორიუმი, რომელშიც მკურნალობდნენ და რეაბილიტაციას გადიოდნენ ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები.

თავიდან, ეს იყო ერთი დიდი კორპუსი, თუმცა, დაავადებების აფეთქებამ და პაციენტების მუდმივად მზარდმა რაოდენობამ ახალი შენობების დამატებაც გახადა საჭირო. სანატორიუმ Salpausselä-ს (ახლა მას აურინკოლინა ჰქვია) თანდათან შემოაშენეს ახალი ფრთები, უკვე მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის კი ეს იყო სხვადასხვა სტრუქტურათა კომპლექსი. ბუნებრივია, სამხედრო მოქმედებებმა ამ შესანიშნავ სანატორიუმშიც შეიტანა თავისი კორექტივები და ფიჭვის ტყის გვერდით მდებარე მზიან ველზე განლაგებული შენობა ჰოსპიტალად იქცა.

ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, უკვე მშვიდობის პერიოდში, ეს ულამაზესი ადგილი გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანთა თავშესაფრად იქცა, ხოლო 1990-იან წლებში აქ ცხოვრობდნენ ახლო აღმოსავლეთელი დევნილები. თუმცა, ისტორია აქ არ წყდება, რამდენადაც სამკურნალო დაწესებულობა, უსარგებლობის გამო, სრულად დალუქეს. მრავალი წლის მანძილზე, ეს კომპლექსი ცარიელი იყო და განადგურებას ექვემდებარებოდა, სანამ კიდევ ერთხელ არ გაიტანეს გასაყიდად.

ამჯერად, განცხადება იხილეს სკოლის მეგობრებმა, მატი პიეტილიამ, ანტი ჰარტმანმა, იარნო ბეკმანმა და ჯოელ მიაკელიამ, რომლებმაც ბავშვობის წლები ნასტოლასთან ახლოს, სოფელ ორიმატილეში გაატარეს. ისინი დიდხანს ოცნებობდნენ ძველი შენობის შეძენასა და ერთად ცხოვრებაზე ოჯახებით, ხოლო, როცა ასეთმა შემთხვევამ კარებზე მიუკაკუნათ, მათი “გიჟური იდეა” რეალურ ჩარჩოებში მოექცა.

მიტოვებული სანატორიუმის რეკონსტრუქციული პროექტი ახალგაზრდებმა 2012 წელს შექმნეს, ობიექტის შეძენისთანავე. რამდენადაც მთავარი კორპუსი ჯერ კიდევ მყარად იდგა, მასიური კედლებით, მაღალი ჭერებით, პომპეზური კიბეებით, მეგობრებმა სცადეს, არ დაეკარგათ ის სტილი, რომელიც არქიტექტორმა ვაინო გუსტავ პალმკვისტინმა (Wäinö Gustaf Palmqvistin) გაითვალისწინა.

ერთადერთი, რაც რადიკალურად შეიცვალა, ესაა დერეფნების სიგანე, რომლებიც უზომოდ დიდი იყო საცხოვრებელი კომპლექსისთვის. ამ სივრცის შემცირების ხარჯზე, გაიზარდა ბინების ფართობი. მეგობრების ოცნების მიუხედავად, აქ ოთხი კი არა, 28 ბინა გამოვიდა! თანაც, რომ არ ჩავთვალოთ დასასვენებელი, სპორტისა და ყველა მაცხოვრებლის შეკრების ზონები.

იმის გარდა, რომ გადაგეგმარებით დიდად არ დაკავებულან, საწყისი სტილის სენარჩუნების მიზნით, მეგობრებმა ზოგიერთი ელემენტისა და კედლების მოსაპირკეთებელი მასალებიც კი არ შეცვალეს. მაგალითად, მათ დატოვეს ძველი მოაჯირები და ხის სახელურები კიბის გასწვრივ – ისინი ხომ 90 წელს ითვლის! გადაწყვიტეს დაეტოვებინათ უზარმაზარი ფანჯრებიც, მხოლოდ ძველი ვარიანტები თანამედროვე და ენერგოეფექტური შუშებით ჩაანაცვლეს. ზოგიერთ ზონაში ნათლად ჩანს კედლის ნაწილები, რომლებიც იმ დროის წითელი აგურითაა ნაგები. სწორედ ის აძლევს უკვე თანამედროვე ინტერიერს განსაკუთრებულ სიმკვეთრეს და ხაზს უსვამს ისტორიული შენობის სტილს.

ზედა სართულების ბინები განსაკუთრებული დაგეგმარებით გამოირჩევა. სანატორიუმის ამ ნაწილს ჭერის სხვადასხვა სიმაღლე და დიდი სხვენი აქვს. ოჯახურმა წყვილმა, რომელმაც გადაწყვიტა, კერა სწორედ აქ მოეწყო, ეს ორიგინალური თავისებურება სრულყოფილად გამოიყენა. მაქსიმალურად რაციონალურად გადანაწილების წყალობით, მათ შექმნეს ინტერიერის უჩვეულო დიზაინი.

როგორც მეოცნებე მეგობრებმა აღიარეს, ყველაზე რთული იყო აივნებზე ბალუსტრადების აღდგენა, რომლებიც გასული საუკუნის შუა ნაწილში შეიცვალა ჩვეულებრივი ბადით, რამდენადაც იმ დროისთვის სანატორიუმში სულით ავადმყოფი ადამიანები ცხოვრობდნენ. იმისათვის, რომ აივნებსა და ტერასებს საწყისი იერი მიეღო, მეგობრებს მოუხდათ სვეტების მოდელირება, ბეტონის ფორმების გაკეთება და საჭირო რაოდენობით ჩამოსხმა დამოუკიდებლად. ამ შრომატევადმა საქმემ წაიღო დიდი დრო და ძალისხმევა, სამაგიეროდ, შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

საჭირო გახდა სარდაფის კეთილმმოწყობაც: აქ მოეწყო ტრენაჟორების დარბაზი, სამასაჟე კაბინეტი, საუნა, ჯაკუზი და საშხაპეები. აგრეთვე, მოაწყვეს მცირე ზომის კინოდარბაზიც, რომელსაც უჩვეულო საცხოვრებელი კომპლექსის მფლობელების გარდა, ამ კორპუსის ყველა მაცხოვრებელი გამოიყენებს. იმის გათვალისწინებით, რომ სანატორიუმი სასოფლო ტერიტორიაზეა განთავსებული, თანაც ფიჭვის ტყის მახლობლად, გარშემო ტერიტორია სრულიად მზადაა დასვენებისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის.

კეთილმოწყობილი შიდა ეზო, საბავშვო მოედნები, საჩრდილობლები და ბარბექიუს ზონები – ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადავიდა, მითუმეტეს სოფელში, რომელთანაც ყველაფერი ახლოსაა.

-“სკოლა სახლიდან რამდენიმე ნაბიჯშია და ჩვენმა შვილებმა აქ უკვე უამრავი მეგობარი გაიჩინეს. ხშირად, თამაშს ეზოში ან უახლოეს ტყეში, გვიან საღამომდე აგრძელებენ. რომ აღარაფერი ვთქვათ ნებისმიერ დროს ბარბექიუს მომზადების შესაძლებლობაზე.” – ამბობს ერთ-ერთი მფლობელთაგანი.

საინტერესო ფაქტი: სანატორიუმის რადიკალურ გარდასახვას მეგობრები 7 წელიწადს მოუნდნენ. სამუშაოთა დიდი ნაწილი მათ დამოუკიდებლად შეასრულეს, რამაც საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვის საშუალება მისცათ.

თქვენ იცხოვრებდით ასეთ სახლში?