უცნაური სასტუმროები, რომლებში დასვენებაც ნამდვილ თავგადასავლად იქცევა

ხშირად, სასტუმრო უბრალოდ ღამის გასათევი ადგილია, ტურისტები კი შთაბეჭდილებებს ახალი ქვეყნისა თუ ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით იღებენ. ნომერში მხოლოდ კომფორტს ველით – ცხელი წყალი, კომფორტული საწოლი, სუფთა თეთრეული და წესრიგი ოთახებში. თუმცა, არსებობს ისეთი სასტუმროები, რომლებიც იმ სასტუმროთა სტანდარტული სახეობებისგან გამოირჩევა, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ფანჯრიდან გადაშლილი ხედებით განსხვავდება. მათი კოზირი უჩვეულო ადგილმდებარეობაა, იქ ცხოვრება კი ნამდვილი თავგადასავალია.

1. ლევიტაცია: Crane Hotel Faralda, ჰოლანდია

Crane Hotel Faralda-ს მშვენიერება მის უჩვეულო ექსცენტრიკულობაშია. სასტუმროს ფანჯრებიდან იშლება შესანიშნავი ხედი ამსტერდამის ცენტრსა და პორტზე. ხოლო მაშინ, როცა ქარიშხალი ამოვარდება, ამწე ტრიალს იწყებს, რის გამოც, ფანჯრის ხედი იცვლება.

ლუქს კლასის ორსართულიანი აპარტამენტების სტუმართა სამსახურშია: Secret Suite, რომელიც სამანქანე განყოფილებაშია, Free Spirit Suite, რომელიც ზედა სართულზეა, და Mystique Suite – ქვედა სართულზე. სულ ზემოთ მოწყობილია სტუდიო, რომელიც იდეალურია წვეულებებისთვის, და სპა-აუზი გათბობით. ზემოთ სტუმრებს ორი პანორამული ლიფტი აიყვანს.

საინტერესო ინფორმაცია Novate.ge-სგან: სასტუმრო Crane Hotel Faralda ძალიან პოპულარული ადგილია სხვადასხვა ივენთის მოსაწყობად. აქ ღონისძიებები გაუმართავთ ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა Heineken, Louis Vuitton, Red Bull, Hennessy.

2. წყალქვეშ: The Manta Resort, ტანზანია

თავს ერთდროულად კაპიტან ნემოდ და რობინზონ კრუზოდ იგრძნობთ, თუ დაისვენებთ სატუმრო Manta Resort-ში, ნომერში Underwater Room. იქ მოსახვედრად, პირველ რიგში, უნდა მიაღწიოთ კუნძულ პემბაზე, ზანზიბარის არქიპელაგში, ხოლო შემდეგ, ტურისტებს ამისამართებენ ოკეანის აკვატორიაში, სანაპიროსთან ახლოს, განმარტოებულ მცურავ ვილაში. ესაა სამსართულიანი შენობა ოთხმეტრიანი სიმაღლით, რომლის ქვედა ნაწილი წყალშია ჩაძირული.

პირველი სართული დასასვენებელ ტერასას უჭირავს, რომელზეც მოხერხებულად გაირუჯებით და დატკბებით ოკეანის ხედით დღით, ხოლო ვარსკვლავებით მოჭედილი ცით – ღამით. მეორე სართულზე განლაგებულია სააბაზანო, მინი-ბარი, სასადილო ზონა და სასტუმრო. მესამეზე კი, წყალქვეშა დონეზე, მდებარეობს საძინებელი უზარმაზარი ფანჯრებით, რომლებიც წყალქვეშა სამყაროს განსაცვიფრებელ ხედებს შლის.

მცურავი ნომერი მჭიდროდაა მიმაგრებული ფსკერს, ამიტომ არ არსებობს იმის რისკი, რომ მას ოკეანის დინება წაიღებს. საკურორტო მომსახურებებისა და გართობის ტრადიციული კომპლექსი ნაპირზეა, ამიტომ, თუ რესტორანში სადილობა მოგინდებათ, მოგიწევთ გაცუროთ ან ტრანსპორტი შეუკვეთოთ. სამაგიეროდ, განმარტოება და დასვენება გარანტირებული გაქვთ!

3. ისტორიაში ჩაძირვა: Museum Hotel Cappadocia, თურქეთი

თუ Crane Hotel Faralda-ს მოკლედ ექსცენტრიკულად დავახასიათებთ, ამ სასტუმროს სრულყოფილად უხდება სიტყვა “უნიკალური”. აქ ყველაფერი ექსკლუზიური და განუმეორებელია, დაწყებული სრულიად პირველყოფილი იერით, სიძველის მომხიბლავი ატმოსფეროთი, დასრულებული მუზეუმის მსგავსი წყობილებით. სასტუმრო განლაგებულია გამოქვაბულებსა და ძველ ნანგრევებში, ხოლო ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენეს ანტიკვარული ნივთები მფლობელის პირადი კოლექციიდან. 30 მდიდრული აპარტამენტი ერთმანეთს არაფრით ჰგავს, თითოეული მათგანი კი წარსულში გადასასვლელი კარის როლს ასრულებს: თითოეულ ნომერში იპოვით რაღაც ძველ ნივთებს. მაგალითად, ნომერში Shepard’s მოწყობილია ცხვრის სადგომის ადგილას და აქ ინახება ცხვრის უძველესი ბაგაც. ანტიკვარულ ნივთებს ნომერ Castle-ში, ხოლო ყურძნის საჭყლეტს – Tandirli Cave-ში იხილავთ.

სიძველის ატმოსფეროსა და შეგრძნების შენარჩუნების გარდა, აპარტამენტებში თანამედროვე კომფორტიც იგრძნობა. აქ ყველაფერია კომფორტული დასვენებისთვის: უსადენო ინტერნეტითა და კონდიციონერებით დაწყებული, მინი-ბარებითა და მდიდრული სააბაზანოებით დასრულებული.

4. პილოტური ცხოვრება: Jumbo Stay Hotel, შვედეთი

მფრინავი რომანტიკის მოყვარულებისთვის საინტერესო იქნება დასვენება სასტუმროში, რომელიც თვითმფრინავ Boeing 747-შია მოწყობილი. ოდესღაც, ბორტი აქტიურად ფრენდა, იდგა რამდენიმე ავიაკომპანიის პარკში, ჩამოწერის შემდეგ კი იგი შეისყიდეს და სასტუმროდ აქციეს. შიდა სივრცის გეგმა სრულად შეცვალეს, სივრცის თითოეული სმ გამოიყენეს.

გარდა ფუზელაჟისა, ფრთაში კომპაქტური (იქ, სადაც მანამდე ძრავები იყო განლაგებული) და სუპერკომპაქტური ნომრებიც კი მოაწყვეს – შასეს ძირითადი სადგამების ნიშებში. ხოლო ყველაზე ძვირადღირებული და უჩვეულო ნომერი პილოტების კაბინაშია. სულ 33 ნომერი გამოვიდა, თითოეული მათგანი საცხოვრებელი ოთახების ყველა სტანდარტს შეესაბამება.

თვითმფრინავის შესაძლებლობები მაქსიმუმამდე აიყვანეს, ფრთაზე ტერასაც კი მოაწყვეს. სასტუმრო სტოკჰოლმის აეროპორტ არლანდას გვერდით მდებარეობს, ილუმინატორებიდან კი თვითმფრინავების აფრენისა და დაფრენის ცქერას შეძლებთ.

5. პატიმრობა: Malmaison Oxford Castle, დიდი ბრიტანეთი

სასტუმრო ოქსფორდის სადგურთის შორიახლო მდებარეობს და ტურისტებს ვიქტორიანული ეპოქის შენობითა და დაპატიმრების თემატიკით იზიდავს Malmaison Oxford Castle განლაგებულია ციხე-სიმაგრეში, რომელიც ოდესღაც საპატიმროდ გამოიყენებოდა. თანაც, აქ არამხოლოდ დამნაშავეებს ამწყვდევდნენ, არამედ სასიკვდილო სასჯელსაც აღასრულებდნენ. ციხე 1996 წელს დაიხურა, შენობა კი გამოისყიდეს და სასტუმროდ აქციეს. რეკონსტრუქციის დროს შენარჩუნდა შენობის ყველა თავისებურება, მეტალის კარები და გისოსები კი ინტერიერთა დეკადენტურ სტილს ჰარმონიულად შეერწყა.

დამსვენებელთა განკარგულებაშია 95 კომფორტული ნომერი, რომლებიც მასიური ავეჯითა და ცივილიზაციის ყველა მიღწევითაა სავსე. ლუდის რესტორანი სასტუმროს წინ გამოირჩევა განუმეორებელი სამზარეულოთი. სურვილისამებრ, აქ იხილავთ ციხის ყოფილ კარცერებს, რომლებიც უცვლელი სახით შეინარჩუნეს.