როგორ გადავაკეთოთ ინტერიერი თოკების გამოყენებით: 10 ორიგინალური იდეა

კანაფის თოკის გამოყენებით, ინტერიერში ახალი, საინტერესო დეტალების შემოტანა შეგიძლიათ. ეს შეიძლება იყოს ეკო-სტილის დეკორი ან მკვეთრი, უჩვეულო დეტალები, რომლებიც მომსვლელის ყურადღებას იპყრობს. Novate.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ლამაზი და ორიგინალური იდეების ნაკრებს ამ იაფი და ხელმისაწვდომი მასალის გამოსაყენებლად, სახლის ნებისმიერი ოთახის გალამაზების მიზნით.

1. სარეცხის კალათა

თეთრეულის კალათი პრაქტიკული და ძალიან მოსახერხებელი გადაწყვეტილებაა. აგრეთვე, იგი ინტერიერს ორიგინალურადაც შეავსებს, თუ მას დამოუკიდებლად გაალამაზებთ. ახლა ეკო-სტილი ტრენდულია, ამიტომ კანაფის თოკით მორთვა ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება. ასეთი კალათის დამოუკიდებლად გაკეთება ძალიან მარტივია: აიღეთ სასურველი ზომის ჭურჭელი და შემოაწებეთ თოკები წებოს პისტოლეტით. მეტი კომფორტისთვის, მიამაგრეთ ხის სახელურებიც, შიგნით კი ჩააფინეთ ქსოვილი.

2. უბრალო დეკორი

კანაფის თოკი არამხოლოდ რამეზე შემოსაწებებლად, არამედ უბრალო დეკორისთვისაც კარგია. ამოავსეთ ასეთი თოკით ლარნაკი და სხვა გამჭვირვალე ჭურჭელი, რათა ინტერიერს ერთგვარი უშუალობა დაუმატოთ. თოკის ფერთა სასიამოვნო გამა შესანიშნავად ერწყმის ნებისმიერ ინტერიერს. უჩვეულო ეფექტის მიღება შეიძლება თოკის უთავბოლო გროვითაც, რომელიც უბრალოდ მაგიდაზე, სხვა დეკორთან ერთად უნდა მოათავსოთ.

3. განახლებული ავეჯი

ასეთი თოკის გამოყენებით, ძველ ავეჯს მარტივად განაახლებთ ან ახალს გაალამაზებთ. თოკი შეგიძლიათ ჰორიზონტალურ ნაწილზე წრეებად შემოახვიოთ, ფეხებს ან საზურგეს შორის, დახატოთ განსაკუთრებული ნახატი ან დაწნათ. ფიქსაციისთვის, გამოიყენეთ წებოს პისტოლეტი. ორიგინალური იქნება კვანძებად შეკრული თოკები ან სხვა მსგავსი, უთავბოლო დეტალები. თოკით გაფორმებული ავეჯი განსაკუთრებით ორგანულად გამოიყურება ღია ტერასაზე ან აგარაკზე.

4. თოკის თაროები

თოკის გამოყენებით, შეგიძლიათ მოდური და იაფფასიანი თაროები დაამზადოთ ნებისმიერი ოთახისთვის. ეს ძალიან მარტივია. აიღეთ რამდენიმე შესაფერისი დაფა და გახვრიტეთ, შემდეგ გაატარეთ ხვრელებში თოკები, დააფიქსირეთ დიდი ზომის კვანძებით, დაარეგულირეთ თაროებს შორის დაშორება თქვენი გემოვნებით და ჩამოკიდეთ. მთავარია, თოკების სიგრძე ორივე მხარეს ერთნაირი იყოს.

5. ჭაღი ეკო-სტილში

ოთახის გასაფორმებლად, ჭაღის ყიდვა საჭირო არაა. შეგიძლიათ, ძველი ჭაღი განაახლოთ ახალ სტილში, ისევ და ისევ თოკის გამოყენებით. ამისთვის, წინასწარ გადაღებეთ, შემდეგ კი შემოახვიეთ ნებისმიერი ფორმით თოკი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ რთული და მარტივი ფორმებიც, თქვენი ფანტაზიისა და ენთუზიაზმის მიხედვით.

6. მიმზიდველი ლარნაკი

ლარნაკის დამზადება ნებისმიერი ჭურჭლით შეიძლება. დეკორის სახით გამოიყენეთ ნებისმიერი სისქის თოკი ან სხვადასხვა ვარიანტის კომბინაციაც, რასაც სავსებით ორიგინალური იერი ექნება. ლამაზია ლარნაკი, რომელიც სრულად დაიფარა თოკით, აგრეთვე, შუშების კომბინაციით. თოკით დაუფარავი ნაწილის დატოვება შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას: ქვემოთ, ზემოთ ან შუაში. ასე ფორმდება საკანცელარიო თუ კოსმეტიკური ორგანაიზერები.

7. თოკის მოაჯირები

ორიგინალური და არასტანდარტული იდეა, რომელიც ინტერიერში ბუნებრიობას შემოიტანს. მთავარია, შეარჩიოთ მკვრივი, სქელი თოკი და დაამაგროთ იგი საჭირო დაჭიმვით. შეიძლება თოკების რამდენიმე რიგის დამაგრებაც, ან ერთგვარი ნაწნავების შექმნა. განსაკუთრებით მოდურია ასეთი მოაჯირები საბავშვო ოთახებში.

8. ხელნაკეთი სანათი

საკუთარი ხელით სანათები რომ დაამზადოთ, განსაკუთრებული უნარები და მასალები არ გჭირდებათ. აიღეთ სამი დაფა, რომლებიც ერთმანეთზე ლურსმნებით ან თვითმჭრელებით უნდა დაამაგროთ. შიგნიდან მიამაგრეთ ნათურა შეყვანილ სადენზე, ზემოდან კი ჩააბნელეთ თოკით. მისი გამოყენების ხარჯზე, ნათება ინტიმური, რბილი, ნახევრად დაბინდული გამოვა, რაც დაგეხმარებათ მოდუნებასა და სასიამოვნოდ დასვენებაში.

9. დასაკიდი საწოლი

თოკებით შეგიძლიათ საწოლის იერის განახლება და მისი საზღვრების გამოყოფაც. შეიძლება საწოლის მართლა დაკიდება ან უბრალოდ ამ ეფექტის იმიტაცია. მის დასამაგრებლად დაგჭირდებათ ძალიან გამძლე, სქელი თოკი და სამაგრები.

10. ოთახის გამოყოფა

ასე მარტივად, თუმცა ორიგინალურად შეიძლება ნებისმიერი სივრცის დაყოფა. თოკის კედლისთვის დაგჭირდებათ ზედა და ქვედა ფუძე. ამისთვის გამოგადგებათ ხის დაფა ან მილი, ან ბევრი პატარა სამაგრი. თოკის კედელი შეიძლება იატაკიდან ჭერამდე ან ნებისმიერ სიმაღლეზე გააკეთოთ. თოკები დამაგრდება ვერტიკალურადაც და ნებისმიერი ფორმითაც, კვანძებისა და ნაწნავების დამატებით.