სად წავიღოთ ვადაგასული კოსმეტიკა: როცა გადაგდება გენანება

ალბათ, ნებისმიერ ქალს ექნება ისეთი ძველი კრემებისა და კოსმეტიკის მარაგი, რომელთა გამოყენება ახლა აღარ შეიძლება, გადასაგდებად კი ენანებათ. სახის, ხელის, ტანის, ფეხის კრემები, კოსმეტიკური რძეები, ტონალური საშუალებები – მთელი სიმდიდრე! იმ შემთხვევისთვის, თუ არ იცით, სად წაიღოთ ეს ავლა-დიდება, ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე გზა ვადაგასული პროდუქციის ყოფაცხოვრებაში გამოსაყენებლად. რჩევები სასარგებლო იქნება არამხოლოდ ქალების, არამედ მამაკაცებისთვისაც.

რატომ არ შეიძლება ვადაგასული კოსმეტიკის გამოყენება

ზუსტად ვიცით, ვიღაცები იტყვიან, რომ ვარგისიანობის ვადა მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული სვლაა. მათი აზრით, კრემის გამოყენება შეიძლება მანამ, სანამ იგი ფერს, ტექსტურასა და სურნელს ინარჩუნებს. სამწუხაროდ, ეს მცდარი წარმოდგენაა. ვარგისიანობის ვადა განსაზღვრავს მოქმედი ნივთიერებების “შრომისუნარიანობის” ხანგრძლივობას. მართალია, ვადაგასული კრემი შეიძლება არ გაფუჭდეს, თუმცა აღარც სარგებელს მოგიტანთ.

ამასთან, ვადაგასული პროდუქტი ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მგრძნობიარე კანისთვის. თავის მოვლის საშუალებების შემადგენლობაში არსებული კომპონენტები იცვლიან თავიანთ ფიზიკურ თვისებებს და ხელს უწყობენ ქონის ჯირკვლების შეფერხებას, კომედონების გაჩენას, აკნეს, დერმატიტისა და კანის სხვა დაავადებების გამწვავებას.

რაში გამოვიყენოთ ვადაგასული კოსმეტიკა

1. სახის დამატენიანებელი კრემი

დამატენიანებელი საშუალება დაგეხმარებათ ნატურალური ტყავის ნაკეთობებისთვის პირვანდელი იერის დაბრუნებაში, იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები თუ სხვა აქსესუარები. პირველ რიგში, ჩაალბეთ ბამბის დისკი საპნიან ხსნარში და დაამუშავეთ ნივთი. შემდეგ გაამშრალეთ და წაუსვით კრემის თხელი ფენა. გააჩერეთ 20 წუთით, კარგად რომ შეიწოვოს. ახლა გაწმინდეთ ნაკეთობა მშრალი ქსოვილით და დატკბით შედეგით.

თუ პირველ ჯერზე სასურველი ეფექტი ვერ მიიღეთ, გაიმეორეთ პროცედურა. კრემი მეორე სიცოცხლეს გამომშრალ ნაკეთობებსაც აჩუქებს, დაუბრუნებს მათ ელვარებასა და თანაბარ ელფერს.

2. კოსმეტიკური რძე

აღნიშნული საშუალებაც დატენიანებისთვისაა და აქვს იგივე თვისებები, რომლებიც კრემს. განსხვავება მხოლოდ ცხიმიანობის პროცენტშია – რძე უფრო “მსუბუქია”. მისი გამოყენება ტყავის ნაკეთობებისთვის დიდ შედეგს არ გამოიღებს, თუმცა, არტ-თერაპიის მოწყობაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

ამისთვის შუშის ნაჭერი და ფანტაზია დაგჭირდებათ. უბრალოდ ჩაყავით თითები რძეში და ხატეთ, რაც გინდათ. ასეთი პრაქტიკა ხსნის სტრესს და გეხმარებათ მოდუნებაში. შედევრების შექმნა შეგიძლიათ უთვალავჯერ – არტ-თერაპიის შემდეგ, გაწმინდეთ შუშა და შეინახეთ შემდეგ სეანსამდე. შესთავაზეთ ეს იდეა ბავშვებს – მათ ძალიან გაახარებთ.

3. სახის მკვებავი კრემი

მკვებავ კრემს მაქსიმალურად ცხიმიანი ტექსტურა აქვს, ამიტომაც გამოიყენება ფეხსაცმლის დასარბილებლად და გასაწელავად. უხვად წაუსვით საშუალება ტყავის ფეხსაცმლის ან ჩექმის შიდა ზედაპირს. კარგად გადაანაწილეთ და გააჩერეთ 20 წუთით. ამ დროის შემდეგ, მოწმინდეთ ნარჩენები და მოიზომეთ ფეხსაცმელი. შიდა ზედაპირი მნიშვნელოვნად დარბილდება, რაც კოჟრებისა და ბებერების გაჩენას შეუშლის ხელს და ფეხსაცმლის ფეხზე მორგებას უზრუნველყოფს.

4. სახის მათეთრებელი კრემი

მათეთრებელი კომპონენტების შემცველი საშუალების გამოყენება არ შეიძლება ტყავის ფერად და შავ ნივთებზე, თუმცა, თეთრი ნაკეთობებისთვის შესანიშნავი გამწმენდია. თუ ღია ფერის ფეხსაცმელი, ხელთათმანი ან ჩანთა გაყვითლდა, ნუ იჩქარებთ მათ თავიდან მოშორებას. უხვად წაუსვით ნაკეთობებს მათეთრებელი კრემი და გააჩერეთ ცოტა ხნით. ტყავი შესამჩნევად გათეთრდება.

5. ნებისმიერი კრემი

თავის მოვლის საშუალებების გამოყენება შეგიძლიათ მეტალის ზედაპირების საწმენდადაც. მათ შორის: კარის ანჯამები, ელვა-შესაკრავები, კარის სახელურები და ურდულები, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ფუნქციური დეტალები…

მოქმედების პრინციპი საკმაოდ მარტივია. გამოუშვით ცოტაოდენი კრემი რბილ ქსოვილზე და გულდასმით დაამუშავეთ მეტალის ზედაპირი. ხეხეთ მანამ, სანამ ელემენტები თვალისმომჭრელად არ აელვარდება.

ხრიკი მხოლოდ იმ ზედაპირებისთვისაა, რომლებიც არ ეხება წყალს: ონკანი, შხაპის ყურმილი, შემრევები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრემი უბრალოდ ცხიმიან ფენად იქცევა და არ იელვარებს.

6. ტონალური კრემი

ნუ გადააგდებთ ტონალურსაც. ტექსტურით, იგი მსუბუქ დამატენიანებელ საშუალებას გვაგონებს, უბრალოდ სხვადასხვა ფერისაა. თუ გაქვთ მსგავსი ფერის ნაკეთობა, ტონალურით შეძლებთ ნაკაწრების დამალვას, ტყავის ფეხსაცმლის დარბილებასა და ფერის გათანაბრებას.

ტონალური კრემის ჩანთებზე, აქსესუარებსა და ტანსაცმელზე გამოყენების შემდეგ, დარწმუნდით, რომ მასა კარგად შეიწოვა. თორემ დაისვრებით და გარდერობის სხვა ნივთებსაც გადასდებთ.

კოსმეტიკური ხრიკები

  1. თუ, გარკვეული მიზეზების გამო, სახის კრემი არ მოგიხდათ, გამოიყენეთ იგი ტანისთვის.
  2. დაუმატეთ კრემს ზღვის მარილი, დაფქული ყავა ან ყავის ნალექი – ნატურალური სკრაბი მზადაა. გამოიყენეთ მხოლოდ ახალმომზადებული საშუალება.
  3. ხილის მჟავის შემცველი კრემები არამხოლოდ სახის, არამედ ფეხებისა და ქუსლებისთვისაც გამოდგება. რეგულარულად წაისვით იგი კანზე, თმების ჩაზრდა რომ აიცილოთ თავიდან. კრემი, აგრეთვე, დაგეხმარებათ ტერფების გაუხეშებული კანის დარბილებაში, თუ ყოველ საღამოს წაისვამთ.
  4. გაუხეშებული ქუსლების პრობლემას დეპილაციის კრემიც მოხსნის. წაისვით მასა დაზიანებულ მონაკვეთებზე, გაიხვიეთ საკვები ცელოფნით და გააჩერეთ 15 წუთით. შემდეგ გაიკეთეთ პრობლემური ზონების პილინგი და ქუსლები ახალშობილის კანს დაემსგავსება.

როგორ გავზარდოთ კრემების ვარგისიანობის ვადა

არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლებიც საყვარელი კოსმეტიკის დიდი ხნით შენახვაში დაგეხმარებათ:

  1. შეინახეთ საშუალებები მშრალ ადგილას. სააბაზანო ყველაზე ცუდი ვარიანტია!
  2. წაისვით პროდუქცია მხოლოდ გაწმენდილ კანზე, მხოლოდ და მხოლოდ სუფთა თითებით.
  3. ყოველი გამოყენების შემდეგ, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.

4. ქილის კრემები შეფუთვის ყველაზე ნაკლებად ჰიგიენური სახეობაა. შეიძინეთ საშუალება სპეციალური ნიჩბით, რომელსაც დაამუშავებთ ყოველ გამოყენებამდე.

5. თუ ტუბის კრემებს იყენებთ, არ შეეხოთ მის ცხვირს ხელით, მიკრობები რომ არ შეიყვანოთ.

6. შეინახეთ პროდუქცია ოთახის ტემპერატურაზე და არა მაცივარში ან მზის სხივების ქვეშ. ტემპერატურული ცვლილებებიც ნეგატიურად ისახება კრემების ხარისხზე, ამიტომ ისინი დროზე ადრე გაფუჭდება.

7. თავის მოვლის ყველა საშუალება ინდივიდუალური უნდა იყოს – მხოლოდ თქვენთვის.

8. არავითარ შემთხვევაში არ გააზავოთ ისინი წყალთან ან ნერწყვთან.

ვადაგასული კოსმეტიკაც კი შეიძლება სასარგებლო გახდეს ყოფაცხოვრებაში, ამიტომ ნუ გადაყრით ასეთ პროდუქტს, იქნებ უკეთესი, თქვენთვის ხელსაყრელი გზა იპოვოთ მათ გამოსაყენებლად.