დღეს საცხოვრებლის პრობლემა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მწვავე სადარდებელია. ვიღაცისთვის ბინის ქირის გადასახადი ძვირია, ვიღაცისთვის კომუნალური გადასახადები უაზრო ხარჯია, ხოლო ზოგს საერთოდ არ აქვს ჭერი. ამასთან, ბევრი ადამიანი ირჩევს მეგაპოლისებისგან შორს ცხოვრებას. რეალურად, უკვე არსებობს ავტონომიური თვითუზრუნველყოფილი ინდივიდუალური საცხოვრებლები, რომელთა მფლობელებს არ უწევთ არც ქირაზე და არც კომუნალურ გადასახადებზე ფიქრი.

Novate.ge-ს რედაქცია გაგაცნობთ თვითუზრუნველყოფილი სახლების უახლეს ვარიანტებს, რომლებიც მხოლოდ ერთხელ უნდა შეიძინოთ, ამის შემდეგ კი აღარაფრის გადახდა აღარ მოგიწევთ.

1. Ecocapsule

სადაც მოგინდებათ, იქ ცხოვრებაზე ფიქრი რეალობად იქცევა, სლოვაკური კომპანია Nice Architects-ის დამსახურებით. სლოვაკებმა შეძლეს Ecocapsule-ს შექმნა: ესაა მცირე ზომის მოძრავი სახლი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მზისა და ქარის ენერგიით იკვებება. ეს ეკო-საცხოვრებელი საშუალებას გაძლევთ, შეაგროვოთ წვიმის წყალი, ამიტომ მასში შეიძლება შხაპის მიღება და საკვები წყლის გადამუშავებაც.

ბუენბრივია, მსგავს სახლს მდიდრულ აპარტამენტს ვერ უწოდებთ, თუმცა იგი გაცილებით უკეთესია გარემოსა და მფლობელის ჯიბისთვისაც, ჩვეულებრივი სახლისგან განსხვავებით.

2. Moon Dragon

აღმოჩნდა, რომ ძალიან პატარა სახლი ლამაზიც შეიძლება იყოს. აბელ ციმერმან ზილმა შექმნა Moon Dragon – დიდებული საბურავებიანი სახლი, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან მოტანილს ჰგავს. აღსანიშნავია ისიც, რომ 7.3×2.75×4 მ სახლს თავისუფლად გადაიტანს პიკაპი, ერთტონიანი ტვირთამტანობით. აგრეთვე, მთვარის დრაკონი სრულიად თვითუზრუნველყოფილია და საშუალებას გაძლევთ, იცხოვროთ ქალაქგარეთ, კომუნიკაციური პრობლემების გარეშე.

შიგნიდან, ეს პატარა სახლი დაუჯერებლად ვრცეი ჩანს, მაღალი ჭერის დამსახურებით. 20 კვ.მ. პირველ სართულზე მოთავსებულია შეშის პატარა ღუმელი და სამზარეულო თავისი ქურით, ენერგოეფექტური მაცივარი და სარეცხი მანქანა. სამზარეულოს შემდეგ მდებარეობს სააბაზანო საშხაპით, პირსაბანითა და ბიოტუალეტით. მეორე სართულზე (11 კვ.მ.) დიდი საწოლია მოთავსებული.

3. Tentsile

თუ მჭიდროდ დასახლებული ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის სიღრმეში მოხვდებით, იპოვით ოჯახს, რომელმაც გადაწყვიტა, პარკის მაღალ ხეებზე, ჰამაკში იცხოვროს. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ დღისით ისინი “ნორმალური ადამიანებივით” ცხოვრობენ, ხოლო საღამოს “მაიმუნებივით სძინავთ”.

Tentsile პატარა, გასაოცარი სახლი-ჰამაკია, რომელსაც შეუძლია წყალგამძლეობით, მწერებისგან დაცვითა და უი-გამოსხივების საწინააღმდეგო საფრით დატრაბახება. მისი დამონტაჟება კი ძალიან მარტივია – უბრალოდ გაწელეთ ჰამაკი სამ ხეს შორის.

4. Coodo

დღეს სახლის დაყენება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება, თანაც ეს არა კარავი, არამედ კომფორტული საცხოვრებელი იქნება. Coodo ეკოლოგიურად სუფთა მოძრავი სახლია, რომელიც გერმანიაში შეიქმნა. მისი დაყენება შეიძლება ნებისმიერ ადგილას – ჩვეულებრივი ქალაქის კორპუსის სახურავით დაწყებული, რომელიმე უკაცრიელი კუნძულის პლაჟით დასრულებული. ამასთან, მისი გადატანა ძალიან მარტივია, ანუ, მფლობელს ერთი და იგივე პეიზაჟი არ მობეზრდება. სამმაგი შუშების მქონე ფანჯრები და მაღალტექნოლოგიური იზოლაცია უზრუნველყოფს სახლში ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას.

Coodo-ში ყოველთვის სუფთა ჰაერია, მიკროფილტრაციისა და ჰაერის ტენიანობის კონტროლის ჩაშენებული სისტემებით. სუფთა ჰაერზე კი ყოველთვის შეგიძლიათ დასვენება დაჩრდილულ ტერასაზე, რომელიც, სურვილისამებრ, სახლზეა მიშენებული. თითქმის ყველა ელექტრო მოწყობილობა ერთვება უსადენო ინტელექტუალურ სისტემას და მისი მართვა შესაძლებელია დისტანციურად, სმარტფონის გამოყენებით.

5. Hawk House

Hawk House – ესაა ძალიან პატარა ქოხი მწვანე სახურავით, რომელსაც ცენტრალური კალიფორნიის მაღალ მთებში იპოვით. დიზაინერმა ალექს უინდჰემმა შეიმუშავა და ააგო 2×2.75 მ ზომის სახლი ხისგან. მისი კედლები, კარგ ამინდში, ფრთებივით იშლება და სახლიც ზომებში იზრდება.

შენობა ისეა დაპროექტებული, რომ გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი განათება, გათბობა და გაგრილება, ამავდროულად, მინიმუმამდეა შემცირებული გავლენა გარემოზე. ამ პატარა სახლს აქვს მწვანე სახურავიც, რომელიც დაფარულია ადგილობრივი მინდვრის ყვავილებითა და ბალახებით.

6. თვითუზრუნველყოფილი სახლი

პატარა სახლში ცხოვრება, ქალაქის ხმაურისგან შორს, არ ნიშნავს იმას, რომ კომფორტზე უარის თქმა მოგიხდებათ. ჯეფ ჰობსმა შეიმუშავა და ააშენა დაუჯერებლად თვითუზრუნველყოფილი პატარა სახლი, რომელშიც დიდი კერძო სახლის ყველა კომფორტია, თანაც იპოთეკისა და ვალების გარეშე, არც კომუნალური გადასახადები შეგაწუხებთ.

სახლი აღჭურვილია მზის ბატარეებით, 100%-ით თვითუზრუნველყოფილია და ემაგრება საბურავებიან მისაბმელს, ანუ, საცხოვრებლის გადატანა თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ ადგილას.

სახლში ყველა ელექტრომოწყობილობა 600-ვატიანი მზის ბატარეით იკვებება, ხოლო წყლის გათბობას მზის კოლექტორი უზრუნველყოფს. სახლი 6.7×3.2 მ ზომისაა, აშენებულია 62-მილიმეტრიანი სისქის სტრუქტურული თბოიზოლაციური პანელებით (SIPS). სახლის დამონტაჟების დროს, მისი ფართობი იზრდება, დახურული ვერანდის გახსნის ხარჯზე.

7. Casa Basica 

ესაა პატარა დასაკეცი კუბი ოქროსფერი ქსოვილით. ალბათ, ეს ბაზარზე არსებულთაგან ყველაზე უფრო პორტატული ინდივიდუალური საცხოვრებელია. იგი სმარტ-მასალითაა დამზადებული, რომელიც შიგნიდან სითბოს ინარჩუნებს ცივ ამინდში, ხოლო სიცივეს – ცხელ ამინდში. კასა ბასიკა, შემქმნელების მტკიცებით, გაცილებით უფრო მარტივი და “ჭკვიანი” სახლია, ვიდრე ჩვეულებრივი კარავი.

იმის გარდა, რომ მასალა იდეალურია ნებისმიერი კლიმატური პირობისთვის, მსგავსი კუბის დაკეცვა იმდენად შეიძლება, რომ იგი ჯიბეში ჩაგეტევათ. რაც შეეხება მის გაბერვას, ეს სხეულის ან მზის სითბოს ხარჯზე ხდება.

თქვენ რომელი სახლი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი