ქსოვილიდან მელნის ამოყვანა და ფეხსაცმლის გაპრიალება: 12 პრობლემა, რომლებსაც აცეტონი გაუმკლავდება

აცეტონზე დამზადებული სითხე არამხოლოდ ფრჩხილის ლაქის მოსაშორებლად, არამედ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვისაც გამოდგება. ლაქის მოსაშორებლის გამოყენებით შეიძლება კომპიუტერის კლავიატური გაწმენდა, ქსოვილიდან მელნის ლაქების ამოყვანა და სამართებლის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებაც კი. საკვანძო კომპონენტი, რომელიც ამ ყველაფრის საშუალებას გვაძლევს, აცეტონი გახლავთ. შეიარაღდით შემდეგი ხრიკებით:

1. ჭუჭყის მოშორება სამზარეულოს იატაკიდან

სამზარეულოს იატაკზე უჩვეულო წარმოშობის ჭუჭყი შენიშნეთ? ამ ლაქების მოსაშორებლად, საგულდაგულოდ გაწმინდეთ ისინი აცეტონიან სითხეში ამოვლებული ბამბით. შემდეგ გარეცხეთ ეს ადგილი საპნის თბილი ხსნარით და გაამშრალეთ. ხის იატაკზე ეს ხრიკი არ გამოდგება – აცეტონი საფრის ტექსტურას დააზიანებს. კერამიკული ზედაპირებისთვის, ეს იდეალური ვარიანტია.

2. მარკერის კვალის მოშორება

თუ შემთხვევით რამე ზედაპირი მარკერით მოხატეთ, ჩაალბეთ ბამბის დისკი ლაქის მოსაშორებელ საშუალებაში და დაამუშავეთ ლაქა. ფლომასტერის კვალი მაშინვე მოშორდება კედლებს, ტყავის ნაკეთობას თუ ავტომობილის დეტალებს. ბოლოს მოწმინდეთ მონაკვეთი სველი ჩვრით ან ხელსახოცით.

ასეთი წმენდა მხოლოდ შუშის, ტყავის, ლამინირებული ზედაპირისა და ზოგიერთი ტიპის ქსოვილზეა დასაშვები. პირველ რიგში, გამოსცადეთ აცეტონი ნაკეთობის შეუმჩნეველ ადგილას. წაუსვით ცოტაოდენი სითხე მცირე მონაკვეთს და დაელოდეთ 1-2 წუთით. თუ ფერი და სტრუქტურა არ შეიცვალა, გაწმინდეთ მარკერის ლაქები.

3. სამართებლის დეზინფექცია

სამართებლები საკმაოდ სწრაფად ბასრდება და, ხშირად, მათი ექსპლუატაციის ვადის გაზრდა გვინდა ხოლმე. ჩაასხით ჭურჭელში ცოტაოდენი აცეტონი და ჩაალბეთ მასში სამართებელი 1-2 წუთით. აცეტონი ადეზინფიცირებს სამართებელს და უბრუნებს მას პირვანდელ ელვარებასა და სიბასრეს. ამის შემდეგ, გარეცხეთ მოწყობილობა საპნის ხსნარით, გააშრეთ ხელსახოცით და გამოიყენეთ. ასეთივე ეფექტით შეიძლება არაყის ან სპირტის გამოყენებაც.

4. ფანჯრებიდან საღებავის მოშორება

თუ ფანჯრის შუშაზე საღებავის ლაქები ან შხეფებია, დაალბეთ ისინი აცეტონით. გააჩერეთ რამდენიმე წუთით და მარტივად მოწმინდეთ ნებისმიერი ხელსაწყოთი.

5. გალაქული ფეხსაცმლის გაპრიალება

თუ გალაქულმა ფეხსაცმელმა თავისი პრიალა იერი დაკარგა, დაამუშავეთ აცეტონით, შემდეგ კი გაწმინდეთ სველი ქსოვილით. ასეთი ხრიკი გალაქული ტყავის სხვა ნაკეთობაზე, მაგალითად, ჩანთაზეც ეფექტურია. ნივთის ასეთი წმენდის დროს, თქვენ აშორებთ ყველა იმ ჭუჭყს, რომელმაც ზედაპირი გააუფერულა.

6. მელნის ლაქების ამოყვანა

კალმის მელანი წინა ჯიბეში გაიჟონა? სანამ ტანსაცმელს გადააგდებდეთ, სცადეთ ლაქის ჩალბობა აცეტონით, რომელიც ჭუჭყს ამოიყვანს. ამის შემდეგ, გარეცხეთ ტანსაცმელი ჩვეულებრივად.

7. სუპერწებოს მოშორება

ნუ ჩავარდებით პანიკაში, თუ შემთხვევით თითები მიგეწებათ. მიმოიხედეთ, ახლოს ლაქის მოსაშორებელი საშუალება ხომ არ გაქვთ? წაისვით ხსნარი კანზე, წებო თანდათან გაიხსნება. აცეტონის გამოყენება შეიძლება მაშინაც, თუ წებოს ტუბს თავსახური მიეწება და ვერ ხსნით.

8. დამდნარი პლასტმასის მოშორება

თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ან მეტალის სხვა ცხელ ნივთზე შემთხვევით ცელოფანი დაგიდნათ, გამოიყენეთ გამხსნელი. გამორთეთ მოწყობილობა ელექტრობიდან და დაელოდეთ მის გაგრილებას. შემდეგ დაამუშავეთ დაზიანებული მონაკვეთი აცეტონით ჩალბობილი რბილი ქსოვილით. ისღა დაგრჩენიათ, გაწმინდოთ სველი ხელსახოცით და გააშროთ. ტექნიკა მზადაა სამომავლო გამოყენებისთვის.

9. წებოვანი ლაქების მოშორება ტყავის, შუშისა და მეტალის ზედაპირებიდან

მარტივი ვარიანტი, რომელიც სტიკერების, წებოსა თუ სკოჩის წებოვან ლაქებს მოაშორებს: გაწმინდეთ ზედაპირი ჯერ აცეტონით, შემდეგ სველი ხელსახოცით.

10. კომპიუტერის კლავიატურის წმენდა

რა არ ემართება კლავიატურას. მასში გროვდება ჭუჭყი, ნამცეცები, წებოვანი ლაქები ჩნდება… ჭუჭყი არამხოლოდ კლავიატურის იერზე, არამედ მისი მუშაობის ხარისხზეც აისახება. მოწყობილობა ისევ ლამაზად რომ გამოიყურებოდეს და სათანადოდ მუშაობდეს, გამოიყენეთ აცეტონის ხსნარი. შეიარაღდით კბილის ჯაგრისითა და ბამბის ტამპონებით, გაწმინდეთ ყველა ღილაკი და მათ შორის არსებული ინტერვალები.

11. ჩაის ნადების მოშორება

ჩაის მირთმევის შემდეგ, ხშირად, ჭურჭელში ჩნდება ლაქები, რომელთა ამოყვაანა არც ისეთი მარტივია. ფიქრობენ, რომ ფინჯანზე არსებული ნადები მხოლოდ აუმჯობესებს შემდეგი ჩაის გემოს, თუმცა, ჭურჭელს ეს ნამდვილად არ უხდება. ლაქების მოშორებაში აცეტონი დაგეხმარებათ. დაამუშავეთ ჭურჭელი ლაქის მოსაშორებელი ხსნარით და გამორეცხეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. ამ ხრიკს ხშირად იყენებენ ლაბორატორიებში, შუშის ჭურჭლის გასაწმენდად.

12. სანტექნიკის გაწმენდა

შხაპის მიღების ან აბაზანაში ნებივრობის შემდეგ, სააბაზანოს ჭურჭელში ჩნდება ნადები საპნისა თუ შხაპ-გელისგან. უბრალოდ გააზავეთ აცეტონი წყალთან და გაწმინდეთ ზედაპირები. ლაქებისგან კვალიც კი აღარ დარჩება.

ეძებთ ხრიკებს ყოფაცხოვრების გასამარტივებლად? იცოდით, რომ ჭურჭლის სარეცხ ღრუბელსაც 12 საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარება შეუძლია?

თქვენ როგორ გეხმარებათ აცეტონი სახლის საქმეებში? გაგვიზიარეთ ხრიკები და გამოცდილება.