ჩვენს პლანეტაზე ჯერ კიდევ ბევრი ისეთი ადგილია, რომლებიც ყურადრებას იმსახურებს და სადაც ყველას აინტერესებს მოხვედრა. თუმცა, ეს ყოველთვის შესაძლებელი არაა. ინდოეთის ოკეანეში არსებობს შედარებით პატარა კუნძული – ჩრდილოეთი სენტინელის კუნძული. იგი დასახლებულია, თუმცა მისი შესწავლა ჯერ ვერ მოხერხდა. ამ მიწაზე დაახლოებით 60 000 წელია, ცხოვრობს ტომი,  რომელიც უცხოების მიმართ მტრულადაა განწყობილი და გარე-სამყაროსთან ურთიერთობის დამყარებაზე არც კი ფიქრობს.

Novate.ge-ს რედაქცია ახლა მოგიყვებათ ყველაფერს, რაც ამ კუნძულის შესახებაა ცნობილი.

1. სად მდებარეობს კუნძული

კუნძული სამხრეთი ანდანამის კუნძულიდან დასავლეთით, 37 კმ მანძილზე მდებარეობს. ცივილიზაცია მისგან შორს არაა, აღმოსავლეთიდან ასეთივე დაშორებით ემეზობლება ქალაქ უონდურს. ამ შეუსწავლელი სამყაროს კოორდინატებია 11°33’21.7″N 92°14’22.7″E.

საერთო ჯამში, ესაა ხმელეთის მცირე ნაკვეთი. მისი საერთო ფართობი 60 კვ.კმ-ს შეადგენს. კუნძულის ეკოსისტემა ჯუნგლებისგან შედგება. კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 122 მეტრს შეადგენს.

თუ ფორმალური მონაცემებით ვიმსჯელებთ, მიწა ინდოეთის ანდამანისა და ნიკობარის კუნძულთა კავშირს ეკუთვნის. 1947 წლიდან, კუნძული ინდოეთს ეკუთვნის, თუმცა, ეს მხოლოდ დოკუმენტების მიხედვით. რეალურად, ჩრდილოეთი სენტინელის კუნძული სრულიად მოწყვეტილია სამყაროს დანარჩენი ნაწილისგან და თავისი შეუსწავლელი ცხოვრებით ცხოვრობს.

2. ადგილობრივი მოსახლეობა

ეს ადგილი ერთადერთი სახლია სეხნია ტომის, სენტინელესისთვის. ეს ადამიანები არავისთან ამყარებენ კონტაქტს, რამდენადაც ცივილიზაციასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს. დასახლებისა და მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ზოგიერთი შეფასებით, რომელიც მხოლოდ სავარაუდოა, კუნძულზე დასახლება, დაახლოებით, 50-60 ათასი წლის წინ გაჩნდა.

ფაქტობრივად, ტომი ენდემურია. კუნძულის ცხოვრებაში ყველაზე უმნიშვნელო ჩარევის მცდელობამაც კი მისი გადაშენება შეიძლება გამოიწვიოს. ამ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ იმუნიტეტი ჩვენი დროის დაავადებების წინააღმდეგ. სხვა ინფორმაცია არ არსებობს როგორც კუნძულის, ისე მისი მოსახლეობის შესახებ. საქმე ისაა, რომ იქ არ უყვართ უცხოელები, მათ მიმართ ძალიან მტრულად არიან განწყობილი და ნებისმიერი სახის ურთიერთობაზე უარს აცხადებენ.

3. ისტორიული ცნობები და ერთადერთი კონტაქტი

თუ ისტორიას ჩავუღრმავდებით, ამ ადგილის შესახებ ხალხმა მეცამეტე საუკუნეში გაიგო. მეზობლად არსებული კუნძულების მაცხოვრებლები ამ კუნძულს Chia daaKwokweyeh-ს უწოდებდნენ.

მარკო პოლოს ჩანაწერებში მითითებულია, რომ აქ მცხოვრები ადამიანები გამოირჩევიან სიმკაცრით და ველურ რასას მოგვაგონებს. ისინი არ ცდილობენ კონტაქტს გარე-სამყაროსთან. ნაპირთან ახლოს მისული ნავების დანახვისას, აბორიგენები იჩენენ აგრესიას – იწყებენ ისრების სროლას და გამოხატავენ, რომ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა არ სურთ.

დანარჩენ სამყაროსთან პირველი ურთიერთობა 1867 წელს შედგა და ეს დაფიქსირებული შემთხვევაა. სენტინელის კუნძულის ნაპირთან ახლოს, ხომალდ “ნინევას” კატასტროფა შეემთხვა. სულ 106 ადამიანი გადარჩა, რომლებმაც სანაპიროზე ბანაკი გაშალეს. თუმცა, სანამ მათ იპოვიდნენ და გადაარჩენდნენ, დაკარგულებს უხდებოდათ მუდმივი თავის დაცვა ადგილობრივი ტომების შეტევებისგან.

4. გამოკვლევისა და შესწავლის მცდელობები

საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში, მეცნიერებმა არაერთხელ სცადეს თუნდაც უმნიშვნელო კონტაქტის დამყარება ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. 1880 წელს, მ.ვ. პორტმანის ხელმძღვანელობით, ექსპედიცია გაემართა კუნძულის სანაპიროსკენ. ჯუნგლებში მათ იპოვეს უკვე მიტოვებული ქოხები და ბილიკები. მათ 6 ადამიანიც კი წამოიყვანეს: მოხუცი მამაკაცი და ქალბატონი და 4 მოზარდი.

აბორიგენები ჩაიყვანეს პორტ-ბლერში, სამხრეთ ანდამანზე, თუმცა, მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ შედეგი ვერ გამოიღო. მოხუცები ძალიან სწრაფად დაიღუპნენ რაღაც დაავადებით. ამ ადამიანების საუბრის გაგებაც შეუძლებელი იყო. მათი ენა მსოფლიოში არც ერთ არსებულს არ ჰგავს. რაც შეეხება მოზარდებს, ისინი არ შეაყოვნეს და მშობლიურ კუნძულზე დააბრუნეს.

კონტაქტის დამყარების მცდელობა ჰქონდათ მოგვიანებითაც: 1883, 1885 და 1887 წლებში. თუმცა, არც ერთ მცდელობას წარმატებით არ ჩაუვლია. კუნძული დღემდე ყველასთვის დახურულად ითვლება.

შემდეგი მცდელობა ინდურ ხელისუფლებას 1967 წელს ჰქონდა, თუმცა, არც ამას გამოუღია შედეგი. როგორც კი ნავები ნაპირს უახლოვდებოდნენ, მაშინვე ისრებისა და ქვების წვიმას იწვნიდნენ.

5. პირველი და დღეისათვის ერთადერთი უმნიშვნელო კონტაქტი

მთელი ამ წლების მანძილზე, ძალიან უმნიშვნელო და შედარებით მშვიდობიანი კონტაქტი შედგა. ეს 1991 წლის იანვრის დასაწყისში მოხდა. წარმატებას მიაღწია თ. პანდიტმა, რომელიც კუნძულსა და მის მოსახლეობას შორიდან ოცი წლის მანძილზე აკვირდებოდა. 1990 წლის დასაწყისიდან, იგი რეგულარულად ტოვებდა საჩუქრებს ადგილობრივებისთვის სანაპიროზე.

იანვრის დასაწყისში კი ტომის წარმომადგენელთა მცირე ჯგუფი მიუახლოვდა ნავს, ერთ-ერთმა მათგანმა კი მასში ჩაჯდომაც კი გაბედა. ეს სულ ცოტა ხანს გაგრძელდა. შემდეგ, აბორიგენები ისევ აგრესიულად და მტრულად განეწყვნენ უცხოების მიმართ.

მოგვიანებით, კიდევ რამდენჯერმე სცადეს ადგილობრივებთან ურთიერთობის აწყობა, თუმცა ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. რაც შეეხება უკანასკნელ შემთხვევას, ეს 2018 წელს მოხდა. სწორედ მაშინ, ტომთან დაახლოება სცადა დ.ა. ჩაუმ, აშშ-ს მისიონერმა. მცდელობა ადგილობრივების მხრიდან ისრების სროლით დასრულდა.

6. რა ხდება ახლა კუნძულზე

1956 წელს გაჩნდა დოკუმენტი ტომის დაცვის შესახებ. ეს დადგენილება მათი ხელშეუხებლობის გარანტია. 2005 წლიდან დაწყებული, ანდამანის კუნძულების ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ არ ჩაერეოდა კუნძულის მაცხოვრებლების ცხოვრებაში და შეწყვიტეს ნაბიჯების გადადგა მათთან ნებისმიერი სახის ურთიერთობის დასამყარებლად.

რაც შეეხება ინდოეთს, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ აკრძალა კუნძულის სტუმრობა 1997 წლიდან.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი