რა იმალება იდუმალ ისლამურ სიწმინდეში – ქააბაში

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ, ყველას უნახავს უზარმაზარი შავი “ქვა” მექქაში, თუნდაც ფოტოებითა და ვიდეოებით. ამ ამოუცნობ ობიექტს ქააბა ეწოდება და ისლამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდეს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ამ სიწმინდის შიგნით რაღაც ინახება. საბედნიეროდ, ქააბაში შეხედვა შესაძლებელია, რამდენადაც იგი მასიური ქვა არ გახლავთ.

“პატივცემულ ქააბას” აქვს სიმბოლური სახელწოდებაც – “ალ-ბეით ალ-ჰარამ”, რაც არაბულად “წმინდა სახლს” ნიშნავს. ქააბა მექქაში, საუდის არაბეთში მდებარეობს. დღეისათვის, იგი ისლამის მთავარ სიწმინდედ ითვლება. ქააბის ისტორიის მანძილზე, მას რამდენჯერმე შეუცვალეს ადგილი და გაუკეთეს რესტავრაცია. ვინ ააგო ეს “ქვა” პირველად? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე უცნობია. წმინდა ტექსტების მიხედვით, პირველი ქააბა სეთმა, ადამისა და ევას მესამე ვაჟმა ააგო.

ისლამამდელ ეპოქაში, “წმინდა სახლი” არაბული ღმერთის კერპად ითვლებოდა, რომელშიც კიდევ 300 უმცროსი ღმერთის კერპი იყო მოთავსებული. თავად ქააბაში სრულდებოდა მსხვერპლთშეწირვის რიტუალი. ამასთან, ადგილი წმინდად ითვლებოდა.

სიწმინდესთან ახლოს კამათი აკრძალული იყო, დაუშვებელი იყო ქააბას შემოგარენში სისხლის დაღვრაც. ითვლება, რომ მექქაში დაბადებულმა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა ბრძანა, ქააბაში არსებული ყველა წარმართი კერპი გაენადგურებინათ. საბოლოოდ, შავი ქვის გარშემო დაცული მეჩეთი აშენდა.

ქააბა მარმარილოს საფუძველზე გრანიტისგანაა ჩამოსხმული. გარე კედლები დაფარულია კისვათი – ჩვეულებრივი შავი აბრეშუმით, რომელიც წელიწადში ერთხელ იცვლება. ქააბას პარამეტრებია 13.1х11.03х12.86 მეტრი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ შენობას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზომები ჰქონდა. ნაგებობა რესტავრირდა 605, 638, 693, 1629 და 1996 წლებში (ეს მხოლოდ დაზუსტებული შემთხვევებია). შენობაში შევყავართ ურთხელის მძიმე კარს.

ქააბაში არც ფანჯარაა და არც განათება, ამიტომ იქ ყოველთვის ნახევრად ბნელა. პირველი, რაც შესვლისას თვალში მოგხვდებათ, ესენია დახვეწილი სვეტები, რომლებიც ჭერს ამაგრებს. სვეტებს შორის, ჩვეულებრივ, ხის მაგიდები დგას საკმევლისა და ზეთებისთვის. კედლებზე შეგხვდებათ იმ მმართველთა და მოღვაწეთა სახელები, რომლებსაც ოდესღაც მონაწილეობა მიუღიათ ქააბას გარემონტებასა და რესტავრაციაში. შიდა კედლების ზედა ნაწილზე გაჭიმულია მწვანე აბრეშუმის ქსოვილი. იატაკზე იპოვით მხოლოდ ერთ წითელ ფილას. მას მუსლიმებისთვის განსაკუთრებული ფასეულობა აქვს, რამდენადაც თავის დროს იქ თავად მუჰამედი ლოცულობდა. გარდა ზემოხსენებულისა, ქააბაში დგას ხის პატარა კიბეც, რომელსაც მის სახურავზე ავყავართ. იქ ასვლა მხოლოდ ხის სარქველის გადაწევის შემდეგ შეგეძლებათ.

ალბათ, ბევრს გაუგია იმის შესახებ, რომ ქააბაშია მოთავსებული ამოუცნობი ქვაც. დიახ, იგი არსებობს, თუმცა, ტრაქტატების მწერალთა შეცდომების გამო, მის შესახებ მცდარი შეხედულებები და მითები გაჩნდა. საქმე ისაა, რომ ოდესღაც, შენობის ადგილას უზარმაზარი შავ-წითელი ქვა იდო. თუმცა, იგი ჩვენს დრომდე, რა თქმა უნდა, სრულყოფილად ვერ შემოინახებოდა. ცნობილი ქვის ფრაგმენტი ვერცხლის ჩარჩოშია ჩასმული და ქააბის აღმოსავლეთ კუთხეში, 1.5 მეტრის სიმაღლეზეა მოთავსებული.