როგორ დავალაგოთ სამზარეულოს ყველაზე უწესრიგო აქსესუარები

სამზარეულოში ჭურჭლის ორგანიზება საკმაოდ რთული პროცესია. საქმე გაცილებით რთულდება მაშინ, როდესაც თაროებისა და კარადების სხვადასხვა ტიპის შიგთავსის დალაგება გიწევთ. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ სამზარეულოს აქსესუარების ორგანიზების ყველაზე ეფექტურ მეთოდებს:

პირველი ნაბიჯი – გააცარიელეთ

დაცალეთ კარადები მთლიანად. ჩამოწერეთ აქსესუარების სია და მოაშორეთ სამზარეულოდან ყველა ნივთი, რომელიც საჭირო არაა.

მეორე ნაბიჯი – გადახედეთ სხვა ვარიანტებს

გადაათვალიერეთ დარჩენილი აქსესუარები და დაფიქრდით იმაზე, აჯობებს თუ არა მათი შენახვა სამზარეულოსთან ახლოს მდებარე სხვა ოთახის ცარიელ კარადაში. ასეთ ლოკაციაზე 1-2 ნივთის გადატანაც მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ.

მესამე ნაბიჯი – გაწმინდეთ და მოამზადეთ

კარადის დაცლის შემდეგ მის გასაწმენდად იდეალური დრო გექნებათ. გამოიყენეთ ამისთვის ძმარში ამოვლებული ნაჭერი და კარგად გამოწმინდეთ კარადის კუთხეები. გასუფთავების შემდეგ შეგიძლიათ კარადაში სხვადასხვა ზომის და ფერის გამყოფები და თაროები ჩაამატოთ.

მეოთხე ნაბიჯი – აქსესუარები

საორგანიზაციო აქსესუარების დამატებით თქვენ მარტივად გააუმჯობესებთ თქვენი კარადის მოცულობას და მისი გამოყენების გზებს. ამისათვის შეგიძლიათ იხმაროთ ტაფების და ქვაბების დასადები თაროები, ჭურჭლის სახურავების ჩამოსაკიდი ზოლები და ა.შ

მეხუთე ნაბიჯი – ხელნაკეთი ნივთები

ხელნაკეთი აქსესუარების დახმარებით ჭურჭლების ორგანიზების გაადვილება მარტივად შეგიძლიათ. მაგალითად თუკი თეფშების ერთმანეთზე დადებას აპირებთ, შექმენით მათ შორის მარტივი დამცავი ზოლი პლასტმასის თეფშების გამოყენებით. ამისათვის უბრალოდ საჭიროა მოათავსოთ პლასტმასის თეფში ყოველი თეფშის ან ძვირფასი ჭურჭლის ზემოდან და ქვემოდან.

საცხობი დაფების ვერტიკალურ მდგომარეობაში შენახვით ასევე დიდ ადგილს დაზოგავთ. ამისათვის საკმარისია საშრობ თაროზე თოკების ან ჯოხების დახმარებით მათი გამყოფი ზოლები დაამაგროთ. სხვადასხვა ჭურჭლის სახურავების უფრო ეფექტურად შესანახად ისინი შეგიძლიათ ჩამოკიდოთ კედელზე განთავსებულ პირსახოცის საკიდზე.

ქვაბების და მსგავსი ჭურჭლის მარტივად შენახვის კიდევ ერთ ხრიკს სახურავების ამოტრიალება წარმოადგენს. ამით მათ უფრო მარტივად შეინახავთ კომპაქტურ კარადაში და მეტ სივრცესაც დაზოგავთ.