როგორ აშენებენ კერძო სახლებს შვედეთში და რა უნდა ვისწავლოთ იქაურებისგან

შვედეთის ქუჩები კერძო სახლებით ზღაპრულ სამყაროს მოგვაგონებს.  დახვეწილი და საშუალო ზომის ნაგებობები პროვინციური ქალაქების მშვენებას წარმოადგენს. აქ ყველა სახლი ერთმანეთზე უკეთესია, შვედეთში თქვენ ვერ შეხვდებით გვერდიგვერდ განთავსებულ საგვარეულო მამულსა და ნანგრევებს. შვედებს კერძო სახლების მშენებლობის თავიანთი წესები აქვთ და, ვფიქრობ, რომ მათი გაცნობა, და მეტიც, გათვალისწინება, სხვა ქვეყნის მშენებელთათვისაც საინტერესო უნდა იყოს.

სახლები შვედეთში

შვედების უმეტესობა კერძო სახლში ცხოვრობს. ისინი თვლიან რომ მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრება უბედურებაა. თუ შვედს ეტყვით, რომ ბინაში ცხოვრობთ, ის სიბრალულით შემოგხედავთ. შვედეთი ოჯახებთან ერთად ცდილობენ ბუნებასთან ახლოს დასახლდენ, რათა ბავშვებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც ითამაშებენ და სუფთა ჰაერით სუნთქვას შეძლებენ.

ხის კარკასიანი სახლების მშენებლობას მხოლოდ რამოდენიმე დღე სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, ნაგებობის თითოეული ნაწილი უმცირესს წვრილმანამდეა გათვლილი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წინასწარ მომზადებულ ფუნდამეტზე მაგრდება ხის კარკასი, შემდეგ კი ხდება სახლის გადახურვა, გარე ფასადის დამაგრება, რომელშიც უკვე წინასწარაა ჩაშენებული ფანჯრები, ბოლოს კი მუშაობას სანტექნიკოსები და ელექტრიკოსები შეუდგებიან. შვედური სახლები ვიზუალურად საკმაოდ დახვეილი და სადაა, თუმცა მათი გამორჩეულობა სხვაგან იმალება.

სახლების მშენებლობის პრინციპები

ოთხი მთავარი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ხდება შვედეთში სახლის აშენება: ეკოლოგიური მასალები, მინიმალისტური სტილი, ენერგიის შენახვა, ღიაობა. შვედ მშენებელთა სამშენებლო მასალები ნატურალურია: ქვა, ხე, თაბაშირი. იშვიათია პლასტმასის ფანჯრები, ძირითადად გამოიყენება მყარი ხის ფანჯრები.

სახლის მშენებლობა და კეთილმოწყობა ხდება მინიმალისტურ სტილში. გარედან შვედური სახლი ჩვეულებრივ ყუთს მოგვაგონებს კარითა და ფანჯრებით, ხოლო შიგნით კი უბრალო თეთრი კედლებია. გარე ფასადს შვედები ღებავენ ლურჯ, ყვითელ და კრემისფერ ფერებში, თუმცა მათი გამორჩეულად საყვარელი ფერი წითელია. სახლის გარე ფასადს საერთოდ არ რთავენ, არც რაიმე კედლის დეკორით, არც ეზოს გნომებით. ეზოში ვერ შეამჩნევთ ვერც საბურავებისგან გაკეთებულ დეკორს.

მაღალშემოსავლიანი შვედიც კი არ აიშენებს სასახლეს, ისინი თვლიან, რომ სახლი უნდა იყოს მეზობლის სახლზე არც უკეთესი და არც უარესი. ვერც მაღალ ღობეებს შეხვდებით. შვედები ორ სართულზე მაღალ სახლებს არ აშენებენ, შვედეთში მაღალი სახლები ცუდ ტონად ითვლება. შვედთათვის ეკოლოგია პირველ ადგილზეა, ისინი ცდილობენ პლანეტას არ მიაყენონ ზიანი, სწორედ ამ მიზეზით უმრავლესობა სახლში ენერგიის წყაროდ იყენებს მზისა და ქარის ბატარეებს.

შვედები მიესალმებიან ღიაობას, ისინი არ იყენებენ ფარდებს, მათი აზრით სისულელეა დაემალო მეზობელს, ეს არც თუ ისე კარგად მოჩანს და შეიძლება სხვადასხვა ნეგატიური მოსაზრების მიზეზიც კი გახდეს. თუ თქვენ ნახავთ ფარდებს შვედურ სახლში, დიდი ალბათობით, ამ სახლში უცხოელები ცხოვრობენ.

შვედური ინტერიერი

შვედები სპეციალურად არ აშენებენ მაღალჭერიან სახლებს, მათი აზრით, რაც უფრო დაბალია ჭერი, მით უკეთესია. ზოგჯერ სახლის პატრონები ჭერს მუქ ფერებშიც კი ღებავენ, რათა ის კიდევ უფრო დაბალი გამოჩნდეს. შვედები ასე თავს ბევრად უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობენ. შვედურ ინტერიერში რომანტიკა სანთელს შეაქვს, რომლებსაც საკმაოდ ხშირად ანთებენ. შვედები საკმაოდ დიდი რაოდენობით სანთლებს მოიხმარენ.

მეტად საინტერესოა გავიგოთ თუ რა წესები და ჩვევები აქვთ სხვადასხვა ეროვნების ხალხებს. აზროვნება, პრობლემისადმი განსხვავებული მიდგომა – პოზიტიური გამოცდილება შეგვიძლია გავითავისოთ და გამოვიყენოთ ჩვენი საკუთარი ცხოვრების უფრო კომფორტულად გარდაქმნისათვის. მე დიდი სიამოვნებით გავცლიდი ქალაქის ხმაურიან ყოველდღიურობას ქალაქგარეთ საკუთარ კერძო სახლზე და თქვენ ისურვებდით შვედურ ზღაპრულ სახლში ცხოვრებას?