დალაგება ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო საოჯახო ვალდებულებაა. ალბათ, ამიტომაა, რომ დიასახლისები მუდმივად სამომავლოდ იტოვებენ ამ საქმეს იმის იმედით, რომ მტვერი და გაფანტული საგნები თავისთავად ალაგდება. შესაძლებელია, მათ რომ სცოდნოდათ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაშვებული ზოგიერთი შეცდომა საზიანოა ჯანმრთელობისათვის, ბევრად ხალისით მოჰკიდებდნენ ხელს ჩვარსა და მტვერსასრუტს. ჩვენი რედაქცია უფრო დეტალურად მოგიყვებათ ამ შეცდომებზე.

შეცდომა 1: ცოცხი მტვერსასრუტის ნაცვლად

როდესაც ხელთ კომპაქტური და მოსახერხებელი ცოცხი გიპყრიათ, რომლითაც მარტივად და სწრაფად შეიძლება იატაკის გამოგვა, კარადიდან დიდი ზომის მტვერსასრუტის გამოღების სურვილი ნამდვილად არ გექნებათ, თუმცაღა, დროის ასეთი ეკონომია, როგორც წესი, კარგს არაფერს მოგიტანთ. მშრალ ცოცხს მტვრისა და ჭუჭყის შეგროვება არ შეუძლია. იგი მხოლოდ მაღლა სწევს და მთელ ოთახში ავრცელებს მათ.

ცოცხს შეუძლია, მაგალითად, ერთ ადგილას დაყრილი ბურღულის ან შაქრის ალაგება. ყველა სხვა შემთხვევაში, დალაგებისას გამოიყენეთ სველი წმენდის მეთოდი და მტვერსასრუტი. თანამედროვე სატრიალებელი იატაკის ჯოხები ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ძველი მეთოდი (ჯოხი და ჩვარი), ამიტომ იატაკის საწმენდად რამდენიმე წუთი იქნება საკმარისი.

შეცდომა 2: ნიჟარასა და უნიტაზში ცხიმის ჩასხმა

ყველამ იცის, რომ უნიტაზში აკრძალულია ისეთი უცხო საგნების ჩაყრა, როგორებიცაა ხელსახოცები, ქალური ჰიგიენის ნივთები და ა.შ. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ მილებში ცხიმი არ უნდა მოხვდეს, ეს კი არა მხოლოდ უნიტაზს, არამედ ნიჟარასაც ეხება. დიახ, ცხიმის მოშორება საპნითა და ცხელი წყლით უპრობლემოდ შეიძლება, თუმცაღა, მილის ცივ მონაკვეთამდე მიღწევისას, იგი უბრალოდ მის კედლებს ეწებება. შედეგად, ჭუჭყი თანდათან დაგროვდება და, ადრე თუ გვიან, წინაღობას შექმნის, რაც, თავის მხრივ, უსიამოვნო სუნის გაჩენას გამოიწვევს. რამდენიმე კვირაში ერთხელ სპეციალური ინსტრუმენტებით წინაღობის გარღვევა ან სანტექნიკოსის გამოძახება რომ არ მოგიხდეთ, უბრალოდ შეზღუდეთ მილში მოხვედრილი ცხიმის ოდენობა. აქ ორი ვარიანტია: დარჩენილი ზეთი პაკეტში ჩაასხათ და შემდგომ ნაგვის ურნაში მოისროლოთ, ან ტაფა გაასუფთავოთ ქაღალდის ხელსახოცით, რომელიც საჭმლის მომზადების შემდეგ დარჩენილ ცხიმს შეიწოვს.

შეცდომა 3: ჰაერის დამატენიანებელი

ტენიანობის მაღალმა დონემ (55%-ზე მეტმა) შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე პრობლემა გამოიწვიოს: შპალერები დანესტიანდეს, სოკო წარმოიქმნას, იატაკი ამოიზნიქოს, დეფორმირდეს და ჭრაჭუნი დაიწყოს, დაზიანდეს ხალიჩები. ამ თვალსაზრისით, ადამიანების დიდ ნაწილს ურჩევნია, რომ ზედმეტად აღარ გარისკოს და ჰაერის დატენიანებისაგან თავი შეიკავოს. სწორედ აქ უშვებენ დიდ შეცდომას. საქმე ისაა, რომ ტენიანობის ნაკლებობა ვნებს ორგანიზმს და ჯანმრთელობას აუარესებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, მშრალი თვალის სინდრომი, ბრონქიტი. საკუთარ თავსა და ბინას რომ გაუფრთხილდეთ, შეიძინეთ სპეციალური მოწყობილობა ან პულვერიზატორით თავად დაატენიანეთ ჰაერი.

შეცდომა 4: სანტექნიკის ხელთათმანების გარეშე გარეცხვა

უნიტაზების, ნიჟარების, სამზარეულოს ღუმელების დასასუფთავებლად, უმეტეს შემთხვევაში, გამოიყენება ძლიერი საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, კერძოდ, სადეზინფექციო და ანტიბაქტერიული საშუალებები და, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები შეფუთვაზე ხელთათმანების (ხანდახან, ნიღბისაც) გამოყენებას გვირჩევენ, ხშირად, დიასახლისები მათ უგულებელყოფენ, რაც არასწორია. მავნე აქტიური ნივთიერებების კანზე მოხვედრის შემთხვევაში, მინიმალური შედეგი გაღიზიანება ან სიწითლეა, ხოლო მაქსიმალური – ქიმიური დამწვრობა. შესუნთქვაც საშიშია ჯანმრთელობისათვის, ამიტომაც, ამგვარი საშუალებების გამოყენება მხოლოდ კარგად განიავებად ოთახებში შეიძლება.

ცხოვრებისეული ხრიკი: თუ ფიქრობთ, რომ ხელთათმანების გამოყენების შემდეგ ხელის კანი შეხებაზე მშრალი, უხეში და არასასიამოვნო გაგიხდებათ, გამოიყენეთ შემდეგი ხრიკი: დასუფთავებამდე ხელებზე დაიტანეთ დამატენიანებელი კრემი, შემდეგ გაიკეთეთ ერთჯერადი პოლიეთილენის ხელთათმანები, ზემოდან კი რეზინის ხელთათმანები. სანამ დასუფთავებით იქნებით დაკავებული, კრემი დაატენიანებს და გამოკვებავს კანს სასარგებლო ელემენტებით, რითაც რბილსა და აბრეშუმისებრს გახდის.

შეცდომა 5: ბნელი ფარდები

როდესაც ბინა მომცრო და ჩაბნელებულია, დიასახლისები ყველანაირად ცდილობენ ბინის ბუნებრივად განათებასა და ვიზუალურად გადიდებას. ნათელი ფარდები ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, არსებობს მეორე მხარეც: ფაქტია, რომ მინას შეუძლია დაბლოკოს B ტიპის ულტრაიისფერი სხივები, თუმცა, A ტიპის სხივებს, რომლებიც კანის დასხივებასა და ავეჯის გადაწვას იწვევს, დაუბრკოლებლად ატარებს. ამ შემთხვევაში, ფარდების მუდმივად დახურვა გამოსავალი არაა. ამერიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, მზის სხივები ანადგურებს ზოგიერთ ბაქტერიას, რომლებიც მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს იწვევენ, ამაღლებს განწყობას, ამიტომ, ნუ გადახვალთ ერთი უკიდურესობიდან მეორეზე – გახსენით და დახურეთ ფარდები დღის განმავლობაში.

შეცდომა 6: ხალიჩის ძალიან ხშირი რეცხვა

ბევრი დიასახლისი ამბობს უარს ხალიჩების გამოყენებაზე, რადგანაც იციან, რომ მათ გარეცხვას დიდი ძალისხმევა, ნერვები და დრო სჭირდება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ბინაში შინაური ცხოველები ჰყავთ. ამავდროულად, ხალიჩა სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის, შემოდგომაზე და ზამთარში კი ფეხებს ათბობს, რის გამოც დიასახლისთა მეორე ნაწილს მისკენ იბირებს. თუ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით და თქვენი იატაკი ცარიელ მდგომარეობაში ვერ წარმოგიდგენიათ, ჩვენი რჩევა სწორედ თქვენთვისაა ზედგამოჭრილი.

მოუარეთ ხალიჩებს, ოღონდ ზომიერად, რადგან ძალიან ხშირად რეცხვა აზიანებს მათ. ხელოვნური მასალებისგან დამზადებული იაფი ეგზემპლარები ყველაზე მარტივად ზიანდებიან. ზედმეტი სითხე იწვევს ხალიჩის დანესტიანებას, აშორებს საღებავს, რის გამოც ხალიჩა სწრაფად ფუჭდება და თავის ფუნქციებს ვეღარ ასრულებს. ხალიჩის საწყისი იერი მაქსიმალურად დიდხანს რომ შეინარჩუნოთ, არ დაასველოთ ძალიან ხშირად და სწორად გაწმინდეთ ზედაპირი: კვირაში ორჯერ გადაატარეთ მტვერსასრუტი და წელიწადში ერთხელ წაიღეთ ქიმწმენდაში.

შეცდომა 7: სარეცხი მანქანის კარის დაკეტვა

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სველი წერტილები, როგორც წესი, მცირე ზომისაა, იქ მოთავსებული სარეცხი მანქანების კარი მუდმივად დაკეტილია, რაც არასწორია. გარეცხვის შემდეგ, ბარაბანი სველი რჩება და, თუ არ გაშრება, შიგნით ბაქტერიებისა და სოკოების გასამრავლებლად შესანიშნავი პირობები შეიქმნება. მოვლენების ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად, გარეცხვის შემდეგ დაუყოვნებლივ გააღეთ მოწყობილობის კარი და დატოვეთ ასე რამდენიმე საათის ან მთელი ღამის განმავლობაში. შეგიძლიათ ბარაბანი გაშრობის მერე დახუროთ.

შეცდომა 8: არასწორად შენახული წყალბადის ზეჟანგის გამოყენება

ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ მრავალი რეცეპტი, სადაც წყალბადის ზეჟანგი, როგორც უნივერსალური საწმენდი საშუალება, გამოიყენება. მართლაც, მისი ეფექტურობა უკვე არაერთხელ დამტკიცდა, თუმცა არსებობს ერთი “მაგრამ”: თუ წამალი არასწორადაა შენახული, ის უსარგებლო ხდება. ფაქტია, რომ მზის პირდაპირი ზემოქმედებით წყალბადი შეიძლება დაიშალოს. გაცილებით ადვილია გაუმჭვირვალე პლასტმასისგან დამზადებული წამლის შუშის შეძენა ან მედიკამენტის დახურულ კარადაში შენახვა – ამ შემთხვევაში ის შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

შეცდომა 9: აკრძალული ყვავილები საძინებელში

საძინებელი სახლში საუკეთო ოთახი უნდა იყოს, რამდენადაც ჩვენი ყველა დღე აქ იწყება და მთავრდება. ოთახის მცენარეები ოთახის გამყუდროვების შესანიშნავი გზაა – მწვანე ფერი და სასიამოვნო სურნელი მყისიერად ცვლის ინტერიერის აღქმას. გარდა ამისა, მცენარე აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ასუფთავებს ჰაერს და ჟანგბადით ავსებს ოთახს. მიუხედავად ამისა, საძინებელში ყველა ყვავილის მოთავსება არ შეიძლება. მაგალითად, დიეფენბახია შხამიან მცენარეთა რიგს მიეკუთვნება და მისი ღეროს ერთმა წვეთმა წვენმაც კი შესაძლოა მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს. აყვავებული მიმოზას ფოთლები შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც თმის ფოლიკულებს ანადგურებს, ხოლო ორქიდეა იწვევს შფოთვასა და, შედეგად, ცუდ სიზმრებს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი