დედამიწის სასარგებლოდ: ბრიტანელმა ქალმა ნაგვისგან ვაგონი ააგო და სასტუმროდ აქცია

ქალაქ ჰაროგაიტის (დიდი ბრიტანეთი) ფერმაში საინტერესო ნაგებობა გამოჩნდა. ბრიტანელმა მასაჟისტმა გადაწყვიტა მის ადგილთან ახლოს გამავალ დაკონსერვებული რკინიგზის ხაზისკენ ყურადღება ორიგინალური გზით მიექცია. სულ რაღაც 3 თვეში კრეატიულმა ქალბატონმა გადამუშავებული მასალებისგან თავად შექმნა ვაგონის ასლი და მინი-სასტუმროდ გადააქცია. და რაც ყველაზე საინტერესოა, აღნიშნული მშენებლობა მისი პირველი გამოცდილება იყო, რადგანაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ ინსტრუმენტებით როგორ უნდა ემუშავა, რომ აღარაფერი ვთქვათ ძველებური ვაგონების დაპროექტებაზე.

შემოქმედებითი ადამიანები ყოველთვის პოულობენ შინაგანი სამყაროს გამოხატვის საშუალებას, მაშინაც კი, თუკი მანამდე საკუთარი ხელით ქმნიდნენ სრულიად განსხვავებულ შედევრებს. მაგალითად, ემა ჰამონდმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და მასაჟი კი პროფესიის დონეზე ჰყავდა აყვანილი, ორიგინალური სასტუმროს აშენება გადაწყვიტა. მან თავდაპირველად მას რკინიგზის შემადგენლობის ძველმოდური ვაგონის სახე მისცა, რომელიც 1924 წლის ლონდონ-ედინბურგის მარშრუტს მიჰყვებოდა. აღნიშნულმა სამგზავრო მატარებელმა ძალზედ სწრაფად მიიღო სახელწოდება “მფრინავი შოტლანდიელი” (Flying Scotsman) და ანალოგიურად, შემოქმედებითმა ბრიტანელმა ქალმა შექმნა თავისი პირველი ვაგონი – სასტუმროს ნომერი,  რომელსაც “მფრინავი იორკშირელი” (“Flying Yorkshireman”) უწოდა.

ამგვარი იდეა ევას თავში უმიზეზოდ არ მოსვლია. როგორც აღმოჩნდა, ჩრდილოეთ იორკშირში, საკურორტო ქალაქ ჰაროგეიტის განაპირას, მისი ტერიტორიის ახლომახლო რკინიგზის ფილიალი მდებარეობდა. მას ბავშვობიდან ხიბლავდა მატარებლების მოძრაობის ყურება, ხოლო შემდგომ ხშირად სტუმრობდა ადგილობრივ რკინიგზის მუზეუმს, რადგან საგრაფოს ხელისუფლებამ ეს მარშრუტი წამგებიანად მიიჩნია და ხაზი უბრალოდ დააკონსერვეს. ქალმა ასეთი უცნაური გზით გადაწყვიტა არა მხოლოდ ორიგინალი უძრავი ქონების შეძენა, არამედ ოფიციალურ პირთათვის იმის შეხსენება, თუ რამდენად უკეთესი დრო იყო ძველად, იქნებ მოულოდნელად მატარებლების მოძრაობის განახლებაზეც მიეღოთ გადაწყვეტილება.

ვინტაჟური ვაგონის იერსახის მქონე სასტუმროს ოთახის შექმნის დაგეგმვისას ემამ გადაწყვიტა იგი არამარტო მოდური DIY ფორმატით (Do It Yourself) შეექმნა, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს “გააკეთე ეს თავად“, არამედ სამშენებლოდ გადამუშავებადი მასალები გამოეყენებინა. ამის  წყალობით არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შემცირდა პროცესის ღირებულება, არამედ “Flying Yorkshireman”-ის შექმნისას არც ერთი ხე არ დაზიანებულა.

ერთადერთი, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ოჯახის ბიუჯეტი, იყო ის ფაქტი, რომ ინტერიერის გაფორმებისთვის ქალი მხოლოდ ორიგინალ ვინტაჟურ ნივთებს იყენებდა, რომელთა შეძენაც სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო შესაძლებელი. შედეგად, სასტუმროს ნომერმა, რომელსაც გააჩნია საძინებელი, სამზარეულო-მისაღები ოთახი და აბაზანა, ნამდვილი რეტრო ვაგონის ჭეშმარიტი სახე შეიძინა.

ვაგონში შეგიძლიათ იხილოთ ორიგინალური სკამები, ბარგის თაროები, მატარებელში გამოყენებადი კარის სახელურები, სხვადასხვა აბრები და ფარნები. ვაგონის გარეთ გაბედულმა მეპატრონემ მოაწყო ღია ტერასა თავისი დასაჯდომი ადგილით, შეზლონგებითა და ხით თბობადი ჰიდრომასაჟის აბაზანით, ამიტომაც სტუმრებს შეუძლიათ განიტვირთონ და იორკშირის ხეობის ხედითაც დატკბნენ.

ჩვენი რედაქციის აზრით, არაფრიდან ვაგონის ასლის შექმნაზე დაიხარჯა დაახლოებით 9000 დოლარზე ოდნავ მეტი და ამასთან, 3 თვის შრომაც. უფრო მეტიც, დროის ჩასწორებაც შეიძლება, ვინაიდან და რადგანაც ქალბატონი “სიმაღლეზე” მუშაობის დროს კიბიდან გადმოვარდა და ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც ორი კვირა საავადმყოფოში გაატარა. ძველმა დაზიანებამაც არასწორ დროს შეახსენეს თავი და ოპერაციის გაკეთება აიძულეს, ამიტომაც მხრის ოპერაციიდან გამომდინარე პრაქტიკულად ერთი ხელით მოუწია პროექტის დასრულება.

თავად ემას თქმით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ორი უსიამოვნო პრობლემის შემდეგ, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, „თითქოს მატარებელმა გადაუარა“, თუმცა ამის მიუხედავად რეკლამა თავისი მინი-სასტუმროს გახსნის შესახებ მაინც გამოაქვეყნა. არაორდინალური დასვენების მოყვარულები მალევე გამოეუცნაურნენ და დაუყოვნებლივვე მიაკითხეს ფერმაში. საბედნიეროდ, მათ ჩამოსვლამდე 30 წუთით ადრე ქალს უკვე სრულად ჰქონდა დასრულებული სტუმრების დახვედრის სამზადისი.

სასარგებლო ინფორმაცია: რამდენიმე საყვარელი ადამიანის თანხლებთ რეტრო ვაგონში ყველანაირი კომფორტით ღამის გატარება დაახლოებით 110 დოლარი ჯდება. ღია ცის ქვეშ ჯაკუზში წუწაობის დაუვიწყარი სიამოვნება კი მსურველებს დამატებითი 30 დოლარი დაუჯდებათ.

გაბედული ემა ჰამონდი უკვე სრულად გამოჯანმრთელებულია და ახლა მსგავსი კაბინება-ვაგონებისაგან შემდგარი სასტუმრო კომპლექსის შექმნას გეგმავს. და რამდენადაც ვიზიტორებს ბოლო არ უჩანთ, მოკლე ხანში იორკშირის ველებს შორის იმპროვიზირებული ვაგონები გამოჩნდება, მით უმეტეს, რომ ქალის აზრით, მატარებლების მოძრაობა აუცილებლად განახლდება და მოქმედი რკინიგზის ფონზე, მისი რეტრო ვაგონები ძალიან ორიგინალურად გამოიყურება.