ძაღლის ჯიშები, რომლებიც არ უნდა აიყვანოთ, თუ სახლში ბავშვი გყავთ

სახლში ოთხფეხა მეგობრის მოყვანამდე, ჰკითხეთ საკუთარ თავს: “შეეფერება თუ არა ძაღლის ეს ჯიში ბავშვებიან ოჯახს?” რადგანაც ერთი შეხედვით საკმაოდ საყვარელი ძაღლის ჯიშები ბავშვებს ვერ ეწყობიან.

დღევანდელ სტატიაში იმ ჯიშთა შესახებ ვისაუბრებთ, რომელთა ყოლა ბავშვებიან ოჯახში რეკომენდირებული არაა.

ძაღლი ბავშვიანი ოჯახისთვის

აკიტა-ინუ

ეს ჯიში განსაკუთრებით პოპულარული მას მერე გახდა, რაც ტელეეკრანებზე სევდიანი და ემოციური კინოფილმი “ჰაჩიკო: ყველაზე ერთგული მეგობარი” გამოვიდა, მასში მთავარ როლს რიჩარდ გირი ასრულებს.

უკიდეგანო სიყვარულისა და ერთგულების ისტორია დაფუძნებული რეალურ ამბავზეა, თუმცა კინოლოგთა მიხედვით აკიტა-ნიუს მეორე მხარეც აქვს. ის დიდი უნდობლობით გამოირჩევა სხვათა ბავშვების მიმართ, ასევე აგრესიულად რეაგირებს სხვა ძაღლებზე. ასე რომ არაა რეკომენდირებული რომ ბავშვმა მსგავსი რთული ხასიათის ძაღლი გაასეირნოს.

დალმატინელი

კიდევ ერთი ჯიშია, რომელსაც პოპულარულობა კინოინდუსტრიამ მოუტანა. რეალურ ცხოვრებაში ამ ჯიშის წარმომადგენლები ჰიპერაქტიულობით გამოირჩევიან, რთულად ექმდებარებიან გაწვრთნას და უჭირთ ბავშვებთან შეგუება.

კინოლოგები ენერგიულ და თავისუფლების მოყვარულ დალმატინელებს გამოცდილ მეპატრონეებს ურჩევენ, რომლებსაც ეზოიანი საკუთარი სახლი აქვთ. მათი  ბინაშიბავშვებთან ერთად ყოლა მეტად რთული ამბავია.

ჩიხუახუა

მიუხედავად ბევრი პლიუსისა, ჩიხუახუას ჯიშს ერთი ისეთი მინუსი აქვს, რომ ყველა დადებითს გადაწონის. ისინი იმ დონეზე ძალიან ეჯაჭვებიან პატრონს, რომ მათ შვილებზე ეჭვიანობენ. ეს კი აგრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ბურბული

ბურბული იდეალური მცველია, ისინი სწრაფი რეაქციით ხასიათდებიან და დაუფიქრებლად ეცემიან იმას, ვინც მათი მეპატრონისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

თუმცა აღნიშნულ სახეობაში არასაკმარისმა ფიზიკურმა დატვირთამ უეცარი აგრესია შეიძლება გამოიწვიოს. ბავშვებთან მიმართებაში ბურბულები თავშეკავებულად იქცევიან, თუმცა გარისკვა მაინც არ ღირს. ასეთ ძაღლთან ცელქობა შეიძლება ცუდად დამთავრდეს.

დობერმანი

მიუხედავად თავისი არისტოკრატიული და დახვეწილი ვიზუალისა, დობერმანი ძაღლის ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი და ძლიერი სახეობაა.

დობერმანებს დომინირებისადმი ძლიერად გამოხატული მიდრეკილება აქვთ. ამ ჯიშს ძლიერი პატრონი სჭირდება, რომელშიც უპირობო ავტორიტეტს დაინახავს. ამიტომაც ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ იმისათვის, რომ დობერმანს გააგებინოთ, რომ ბავშვებიც პატრონები არიან, რომლებსაც პატივი უნდა სცეს.

ჩაუ-ჩაუ

ვიზუალურად ფუნფულა დათუნია, სინამდვილეში კი ჯიუტი, ამაყი და არადამჯერი ჯიშია. ჩაუ-ჩაუ ბავშვებთან საკმაოდ სათუთია, თუმცა მათგან ტკივილის მოყენებას ვერ აიტანს.

ბავშვები მას ვიზუალიდან გამომდინარე უმეტესად ფუნფულა სათამაშოდ აღიქვამენ, ამიტომაც დიდი ალბათობა და რისკია იმისა, რომ ზღვარს გადავლენ და ჩაუ-ჩაუს მოთმინება ამოეწურება. ერთი სიტყვით აღნიშნული ჯიშიც არ გამოადგება გამოუცდელ პატრონებსა და ოჯახებს პატარა ბავშვებით.

თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჯიში გყავთ, ნუ დამწუხრდებით. გახსოვდეთ, რომ თითოეულ ცხოველს თავისი გამორჩეული ხასიათი აქვს. ჩვენ მოვიყვანეთ ჯიშთა ზოგადი დახასიათება და აუცილებელი არაა ის კონკრეტული ძაღლისას ემთხვეოდეს. ბევრად მეტია დამოკიდებული თქვენს გამოცდილებაზე, მოთმინებასა და სიყვარულზე, რომელსაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს ჩუქნით.

რედაქციისგან

გირჩევთ, ოთხფეხა მეგობრები თავშესაფრიდან ან ქუჩიდან აიყვანოთ და შესაბამისად გაწვრთნათ – ასეთი ცხოველი არასდროს დაივიწყებს იმას, თუ სად იყო თქვენს სახლში მოხვედრამდე, და რამდენად უჭირდა ცხოვრება, სწორედ ამიტომ, იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ეცდება, გასიამოვნოთ და სიყვარულით აგავსოთ.