როგორ გავუმკლავდეთ ლაქებს, ძვირადღირებული საშუალებების გარეშე

ერთი მოუხერხებელი მოძრაობა და კაბასა თუ შარვალზე შესაძლოა ცხიმის ლაქა გაჩნდეს. კარგია თუ მას მალევე შეამჩნევთ, ასე ლაქასთან გამკლავება ბევრად მარტივი იქნება, მაგრამ თუ მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მას მერე შეიტყობთ, როდესაც უკვე გაშრება, ამ შემთხვევაში საქმე ნამდვილად გართულდება. საბედნიეროდ, თუ ძალიან მოინდომებთ, ტანსაცმლის გადარჩენა შესაძლებელია. მთავარია გამოიყენოთ ხელთ არსებული სწორი საშუალებები და სწრაფად იმოქმედოთ. დღევანდელ სტატიაში ცხიმის ლაქებთან გასამკლავებელ ეფექტურ მეთოდებს შემოგთავაზებთ.

რეკომენდაცია ლაქების მოცილებასთან დაკავშირებით

ტანსაცმელზე მოხვედრისას ცხიმის ლაქა მის ბოჭკოებში მალევე აღწევს, შრება და ძაფებს ძლიერ ეკვრის. მონაკვეთზე ხვდება მტვერი და სხვა ჭუჭყი, რომელიც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ცხიმს კი მეტად აფიქსირებს. ყველაზე მარტივია იმ ლაქების მოცილება, რომელთა არსებობის ხანგრძლოვობა სამ საათზე ნაკლებია. ცხიმის ლაქა ამ პერიოდში ჯერ კიდევ ვერ ასწრებს ბოჭკოში ბოლომდე შესვლას და გამაგრებას. თუმცა თუნდაც მეტი დრო იყოს გასული, დაბინძურებასთან გამკლავების შანსები კვლავ გაქვთ.

როგორ ვიმუშაოთ ლაქებთან:

1. რეცხვამდე აუცილებელია დაბინძურებული მონაკვეთის დამუშავება. საწინააღმდეგო შემთხვევაში ლაქა კიდევ უფრო გამკვრივდება და მას ვერც სარეცხი ფხვნილის დამატება და ვერც ტემპერატურის გაზრდა უშველის.

2. თავდაპირველად საჭიროა ქსოვილი მტვრისაგან გაწმინდოთ. საკმარისია ნივთი კარგად დაფერთხოთ, მშრალი ჭუჭყი კი ჯაგრისით მოაცილოთ.

3. ნივთი ერთგვაროვან ზედაპირზე მოათავსეთ. თუ ქსოვილი დელიკატურია, მის ქვეშ რამოდენიმე ფენად დაკეცილი ტრიკოტაჟის ქსოვილი მოათავსეთ. უხეში და სქელი მასალის ქვეშ კი უმჯობესია ტანსაცმლის საწმენდი ჯაგრისის განთავსება.

4. სანამ უშუალოდ ლაქის ამოყვანას დაიწყებდეთ, შერჩეული საშუალება ნივთის ნაკლებ შესამჩნევ ადგილას შიგნითა მხრიდან დატესტეთ. მასალა საწმენდ საშუალებასთან რეაქციაში არ უნდა შევიდეს, სხვა შემთხვევაში ნივთი გაფუჭდება.

5. ლაქების დამუშავება კიდეებიდან ცენტრისაკენ უნდა მოხდეს. ამგვარად თქვენ ცხიმს დაბინძურებული მონაკვეთის შიგნით შეაგროვებთ და ქსოვილზე მის გავრცელებას ხელს შეუშლით.

6. დამუშავების შემდეგ ნივთი გაავლეთ ისე რომ სარეცხი საშუალება ბოლომდე მოშორდეს. შემდეგ კი შეგიძლიათ ის სარეცხ მანქანაში გარეცხოთ.

ახალი დაბინძურებებთან გასამკლავებელი ხრიკები

1. ჭურჭლის სარეცხი საშუალება

ჭურჭლის სარეცხი გელი ცხიმის დამშლელ კომპონენტებს შეიცავს. სწორედ მსგავსი შემადგენლობის წყალობით მას შეუძლია ცხიმის ლაქებს ყველა ზედაპირზე გაუმკლავდეს. გამოიყენეთ უფერული საშუალება, რათა ტანსაცმელი შემთხვევით არ შეღებოთ, გელის წვეთი წაუსვით დალაქავებულ ადგილს და ოდნავ ჩააზილეთ. თუ ქსოვილი დელიკატური არაა, მისი ჩამორეცხვა მარტივად შეგიძლიათ. შემდეგ დაელოდეთ 15-20წუთი და გაავლეთ. მანიპულაცია შეგიძლიათ გაიმეოროთ იქამდე, სანამ ლაქა ბოლომდე არ გაქრება.

2. საშრობი ქაღალდი

გამოიყენეთ საშრობი ან ნებისმიერი სხვა იგივე თვისებების მქონე ქაღალდი. ფურცელი განათავსეთ ლაქის ზევით და ქვევით, შემდეგ კი ეს ადგილი გააუთოვეთ. მაღალი ტემპერატურა ცხიმს გაადნობს, ქაღალდი კი მას შეიწოვს. გამოცვალეთ ფურცლები და განაგრძეთ პროცესი იქამდე, სანამ ქაღალზე ლაქის კვალი აღარ იქნება. მნიშვნელოვანია: მეთოდი გამოყენებადია მხოლოდ იმ ნივთების შემთხვევაში, რომელთა გაუთოებაც მაღალ ტემპერატურაზე დაშვებულია.

3. შამპუნი

გამოიყენეთ საშუალება ცხიმიანი თმისთვის, რადგანაც ის ცხიმის ნაწილაკებს ხლეჩს. დაასველეთ ლაქა და მას მცირეოდენი შამპუნი წაუსვით. აკურატულად შეაზილეთ და 30წუთი დაელოდეთ. ნაზად მოწმინდეთ ლაქა და გაავლეთ. ეს მეთოდი დელიკატური ქსოვილის ნივთების შემთხვევაშიც გამოსადგებია.

4. მარილი

ახალი ლაქა უმალვე სუფრის მარილით უნდა დაფაროთ და ის მსუბუქად შეაზილოთ. პროდუქტი ცხიმს შთანთქავს, ბოჭკოებიდან გამოაქვს. დაელოდეთ 20-30წუთი, შემდეგ კი მარილი ჯაგრისით მოწმინდეთ. თუ ლაქა პირველივე ჯერზე გაქრა, ნივთი გარეცხეთ. თუ პროცედურა ერთჯერადად საკმარისი არ აღმოჩნდა, კვლავ გაიმეორეთ ის. სუფრის მარილის ნაცვლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის საწმენდი ფხვნილი, ტალკი, ცარცი და სახამებელი.

რა მოვიმოქმედოთ ძველი და ჩამჯდარი ლაქების შემთხვევაში

1. საყოფაცხოვრებო საპონი

ეფექტური საშუალებაა, როგორც ფერადი, ასევე თეთრი ქსოვილების შემთხვევაში. დაასველეთ დალაქავებული მონაკვეთი და საპნით კარგად დაამუშავეთ, ისე რომ მასზე საპნის სქელი ფენა წარმოიშვას. დაელოდეთ რამოდენიმე საათი და უმჯობესია მთელი ღამეც, შემდეგ კვლავ დაამუშავეთ ლაქა, გარეცხეთ ნივთი და გაავლეთ. ეფექტის გასაძლიერებლად, საპნით დაფარულ ზედაპირს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და ის ოდნავ შეაზილეთ.

2. სკიპიდარი და ნიშადურის სპირტი

შეურიეთ კომპონენტები თანაბარი რაოდენობით და ლაქა მისი საშუალებით დაამუშავეთ. დატოვეთ ნივთი სამი საათით, შემდეგ კი გაავლეთ. ერთადერთი ნიუანსი: სკიპიდარ-ნიშადურის ხსნარით ქსოვილის დამუშავება უმჯობესია ქუჩაში ან ვენტილირების კარგი სისტემის მქონე ოთახში მოახდინოთ.

3. სახამებელი

გახურებული ფხვნილი დაარბილებს ცხიმს და უმალვე შეიწოვს მას. სახამებელი შეეფერება ისეთ ტანსაცმელს, რომლიც გარეცხვაც არ შეიძლება, ასევე შეგიძლიათ დელიკატურ ქსოვილებთანაც გამოიყენოთ. სახამებელი ჭურჭელში მოათავსეთ და ცეცხლზე გააცხელეთ, ამასთანავე რეგულარულად ურიეთ. გაშალეთ სუფთა ხელსახოცი და მასზე ტანსაცმელი მოათავსეთ, შემდეგ კი ლაქაზე ცხელი სახამებელი წაუსვით და დაჭუჭყიანებულ მონაკვეთზე თანაბრად გადაანაწილეთ. ცვალეთ ფხვნილი, როცა უკვე არსებული გაცივდება და განაგრძეთ იქამდე, სანამ ლაქა ბოლომდე არ მოცილდება.

4. ბენზინი

ხრიკი გამოგადგებათ მუქი და სქელი ქსოვილების დასამუშავებლად. უმჯობესია გაფილტრული საშუალება გამოიყენოთ, რადგანაც ჩვეულებრივში ბევრი მინარევია. ლაქის ქვეშ ხელსახოცი მოაქციეთ, შემდეგ კი ბენზინში დასველებული ბამბის დისკოთი ლაქა კიდეებიდან ცენტრისკენ წმინდეთ. ცხიმის გალღობასთან ერთად ბამბის დისკო დაბინძურდება, საჭიროებიდან გამომდინარე ის პერიოდულად ცვალეთ. დაბინძურების მოცილების შემდეგ ნივთი სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. თუ ნივთის გარეცხვა არ შეიძლება, ბენზინს სახამებელი დაუმატეთ, რომ ფაფის მაგვარი მასა მიიღოთ. წაუსვით ის დაჭუჭყიანებულ მონაკვეთს და ბოლომდე გაშრობას დაელოდეთ. ამის შემდეგ ნარჩენები ჯაგრისით მოწმინდეთ და საჭიროების შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.

5. გლიცერინი

სათუთი საშუალება, რომელიც ბოჭკოებს არ აზიანებს. გამოსადეგია დელიკატურ ქსოვილებთან. ლაქები გლიცერინით დაამუშავეთ და 30წუთი დაელოდეთ, შემდეგ კი გაჭუჭყიანებული მონაკვეთი სველი ხელსახოცით გაწმინდეთ. მეორე ვარიანტია უფრო «აქტიური» საშუალებით. შეურიეთ გლიცერინი წყალსა და ნიშადურს თანაბარი პროპორციებით და წაუსვით დაბინძურებულ მონაკვეთს. დაელოდეთ 10წუთი და მორეცხეთ.

საყოფაცხოვრებო ქიმია

დასახმარებლად მოვლენ სპეციალური ლაქის ამომყანები, მაგალითად თხევადი საშუალება Vanish და Bagi, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ლაქებს შემდეგნაირად გაუმკლავდეთ: სარეცხი მანქანის ფხვნილის განყოფილებაში სწორედ რომ ლაქების ამომყვანი გელი ჩაასხათ და უკვე შემდგომ დაიწყოთ რეცხვა. იგივე მეთოდით მუშაობს ფხვნილის სახით არსებული საშუალებებიც(Dr.Bakmann, «ბოსი», «ტაიფუნი»). კიდევ ერთი ვარიანტია – ლაქების ამომყვანი საპონი. დაამუშავეთ დალაქავებული მონაკვეთები Sarma-ს გამოყენებით, დაელოდეთ 30წუთი, შემდგომ კი ნივთს გაავლეთ. ასევე არსებობს სპეციალური სპრეი და როლერი.

ამა თუ იმ საშუალების ამორჩევა დამოკიდებულია ლაქის არსებობის ხანგრძლოვობასა და დაბინძურების ხარისხზე. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მალე შეუდგებით ლაქებთან ბრძოლას, მათთან გამკლავებას მით მეტად მარტივად და ეფექტურად შეძლებთ.