როგორ გარდაისახა წყლის მიტოვებული კოშკი თანამედროვე საცხოვრებლად

ბავშვობაში ყველას განსხვავებული ოცნება გვქონდა, ზოგს სახლი უნდოდა ხეზე, სხვები წყლისქვეშ ცხოვრებაზე ფიქრობდა, სამხრეთ ჰოლანდიაში მცხოვრები ძმები კი წყლის კოშკზე ოცნებოდნენ. მართალია მათ ოცნების ასახდენად საკმაო ფინანსები, დრო და რესურსები დასჭირდათ, მაგრამ მიღწეული მიზანი ამად ნამდვილად ღირდა, მათ მიერ მიტოვებული საინჟინრო ნაგებობის ტრანსფორმაციამ კონკურსში Watertoweprize-2020 საუკეთესო გარდასახვის ნომინაციაში პირველი ადგილი დაიმსახურა.

დროება იცვლება და თუ ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ ეს წყლის კოშკები დასახლებული პუნქტის არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი გახლდათ, დღესდღეობით მათი უმეტესობა უბრალოდ მიტოვებული ან დანგრეულია. საბედნიეროდ ყველა წყლის კოშკს მსგავსი სევდიანი ბედი არ ხვდა წილად და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოიძებნენ ენთუზიასტები, რომლებმაც შეძლეს ამ ნაგებობათა ტრანსფორმაცია. მაგალითად, ნიდერნალდებში იმისათვის, რომ წყლის კოშკების გადარჩენა მოხერხებულიყო, Watertowerprize-ის კონკურსი დაფუძნდა, რომელიც ყოველწლიურად გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზებს გადასცემს. 2020წელს გარდასახვის ნომინაციაში პირველ ადგილას სამხრეთ ჰოლანდიაში მცხოვრებ ძმებს ერგოთ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯერ კიდევ ჭაბუკობისას სვენი და ლენარტი ძველებურ კოშკში დიდ დროს ატარებდნენ, ზემოთ-ქვემოთ დარბოდნენ, სხვადასხვა თამაშობებს იფიქრებდნენ. ისინი მუდამ ბჭობდნენ იმის შესახებ თუ როგორ შეეძლოთ ოჯახებითურთ ამ არაორდინალურ ადგილას დასახლებულიყვნენ. როცა მათ 21წელი შესრულდათ, უცებ საოცარი შესაძლებლობა გამოჩნდა მიტოვებული ობიექტის შეძენისა, რომელიც ჯერ კიდევ 1915წელს კომპანია Visser & Smit მიერ იქნა აგებული. ძმებმა უმალვე გადაწყვიტეს რომ ბავშვობის ოცნება აეხდინათ.

გარდასახვის ისტორია 2013წელს დაიწყო, ახალგაზრდებს სურდათ ყველაფერი თავისი ხელებით გაეკეთებინათ, თუმცა ჯერ გამოუცდელები იყვნენ და ამიტომაც საწყის ეტაპზე მათ პროფესიონალთა დახმარება ესაჭიროებოდათ, სწორედ ამ მიზნით არქიტექტურულ სტუდია RV Architectuur-ს მიმარღეს, სადაც მათ საინტერესო პროქტის შემუშავებაში დაეხმარნენ.

ყველაზე დიდ პრობლემას იატაკიდან ჭერამდე მასშტაბის მქონე ფანჯრების გაკეთება წარმოადგენდა, რადგანაც მართალია ძმებს არ სურდათ ნაგებობის იერსახის შეცვლა, თუმცა საცხოვრებელი სივრცე დღის შუქის გარეშე წარმოუდგენელი იყო. იმისათვის, რომ თავად ნაგებობის რომბული ჭრილების განმეორება არ მომხდარიყო, გადაწყდა, რომ ფანჯრების შიდა პროექტის მიხედვით გაკეთებულიყო. ნაგებობის შიდა სივრცის ზონირებაც პრობლემური აღმოჩნდა, საჭირო გახდა კოშკის 9მ დიამეტრის მქონე ექვსკუთხა ფორმისა და სივრცის საცხოვრებელ ფართად ზონირების კომბინირება, თან ამასთანავე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ გათვალისწინებული იყო ყველა ის წესი, რომელიც საცხოვრებელი სივრცის მოწყობასა და მის სამშენებებლო ნორმებს უკავშირდება.

საბოლოო ჯამში, რათა კოშკის შიგნით საცხოვრებლად კომფორტული სივრცე მოეწყოთ, ის სამ ზონად დაიყო: ქვედა ნაწილში ზამთრის ბაღი მოეწყო მაღალი ჭერით, მის ზემოთ კი ორი იზოლირებული საცხოვრებელი ზონა განთავსდა, რომელთაგანაც თითო ორი სართულისგან შედგებოდა. ეს დაპროქტება ეფუძნებოდა იმას, რომ ორივე ოჯახს საერთო(ზამთრის ბაღი და კოშკის წვერისაკენ მიმავალი სპირალური კიბე) და პირადი სივრცეც ჰქონოდა.

თითოეულ საცხოვრებელ ზონას თავისი უნიკალური დაგეგმარება და ხედი აქვს. სპეციფიკური კონსტრუქცია კარნახობდა თითოეული სართულის ორიენტირს, თუმცა ფუნქციონალურად ისინი შემდეგნაირად იყო დაყოფილი: ქვედა დონე საერთო საცხოვრებელ სივრცეებს მოიცავდა – მისაღები, სამზარეულო, სასადილო და სააბაზანო. მეორე სართულზე კი საძინლებლები იყო, როგორც მშობლების, ასევე ბავშვების და დამატებული ამას სათამაშო ოთახი.

როცა დაპროექტება დასრულდა, ძმებმა გადაწყვიტეს გარდასახვა თავად განეგრძოთ, თან ეს ვარიანტი მომგებიანი იყო იმითაც, რომ ნაკლებ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა. რასაკვირველია, ზოგიერთი ოპერაცია პროფესიონალთა მიერ სრულდებოდა, თუმცა სარემონტო სამუშაოების უდიდესი ნაწილი სწორედ რომ ძმების მხრებზე აღმოჩნდა. ძმებს 7წელი დასჭირდათ, რათა ძველებური წყლის კოშკი საცხოვრებელ აპარტამენტად გადაქცეულიყო, რომლის ფართობი 200კვ.მ და დღესდღეობით Watertower Nieuw Lekkerland-ად იწოდება.

ამ მომენტისათვის ძმები მათი ოცნების სახლში საცხოვრებლად ოჯახებთან ერთად გადავიდნენ. როგორც აღმოჩნდა, ამ პერიოდის მანძილზე ყმაწვილებმა არა მხოლოდ ცხოვრების მეგზურები ნახეს, არამედ მამებიც გახდნენ და ახლა კოშკში წინ და უკან მათი შვილები დარბიან.

იმის წყალობით, რომ წყლის კოშკი ისედაც შემაღლებულ ადგილას იყო და ამას ემატებოდა მისი სიმაღლე – 34მ, ეს ყოველივე საშუალებას იძლევა მასში მაცხოვრებელი ადამიანები გასაოცარი ხედით დატკბნენ. ერთ მხარეს მდინარეზე ხედია, მეორე მხრიდან კი ჰოლანდიური პეიზაჟია უამრავი ქარის წისქვილით.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არა მხოლოდ კოშკი, არამედ მისი მიმდებარე ტერიტორიაც სრულად იქნა ტრანსფორმირებული და ძმების გემოვნებას მორგებული. ახლა უკვე ახალგაზრდა ოჯახებს აქვს არა მხოლოდ კეთილმოწყობილი საკუთარი სახლი, არამედ ულამაზესი მოსასვენებლი ზონა, ბაღი და მდინარე მცირე ზომის ხიდიც კი. ამასთანავე ისინი ფიქრობენ, რომ კოშკის ზედა ნაწილში, სადაც ადრე წყლის რეზერვუარი იყო, საცურაო აუზის გაკეთებაზე, ეს მათი 7წლიანი შრომის კარგი დამატება იქნებოდა.

თქვენც ხომ არ გეგულებათ რაიმე მსგავსი ტიპის საინტერესო შენობა? თუ კი, კომენტარებში გაგვიზიარეთ.