კერძო სახლის მეპატრონეები მუდმივად ცდილობენ ეზოს მოწესრიგებას, რათა იქ დასვენება და სუფთა ჰაერზე საქმიანობა სასიამოვნო პროცესად იქცეს. განსაკუთრებით კრეატიული მეპატრონეები იქ ორიგინალური კომპოზიციებისა და განსაკუთრებული ლანდშაფრის მოწყობას ახერხებენ, რაც მეზობლებს შურით ავსებს. მაგალითად, სამხრეთი კალიფორნიის მოუვლელი ეზოს მფლობელებმა, როგორც იქნა, გამონახეს დრო მის გარდასაქმნელად. სულ რაღაც რვა საათში, უკანა ეზო იქცა ადგილად, რომელიც ღამით ზღაპრულ იერს იძენს.

შვებულება მხოლოდ დასვენებისთვის როდია – მას შესანიშნავი იდეებიც მოაქვს, საცხოვრებლის გარდასაქმნელად. სამუშაო თვეების განმავლობაში, შემოქმედებითი ექსპერიმენტებისათვის საჭირო ენერგია და დრო არასდროსაა საკმარისი. რაც შეეხება შვებულებას, ამ დროს შეგიძლიათ პირდაპირ მოქმედებაზე გადახვიდეთ. სწორედ ასე მოიქცა სამხრეთ კალიფორნიაში მცხოვრები ამერიკული ოჯახიც. მას უბრალოდ მოსწყინდა ერთფეროვანი, ლამის გაუკაცრიელებული უკანა ეზოს ცქერა, რომელიც მეზობლების ათიოდე კატის თავშეყრის ადგილად ქცეულიყო და მეპატრონეებს შვებულებით ტკბობის სურვილს ართმევდა.

განსაკუთრებულ ცვლილებებს დიდი ხარჯი მოჰყვებოდა, რისი საშუალებაც ოჯახს ნამდვილად არ ჰქონდა, ამიტომაც გადაწყდა “მთვარის პეიზაჟის” მთლიანად ხელთ არსებული მასალებით აწყობა. სიძვირიდან გამომდინარე, იდეის მთავარმა ავტორმა, დიასახლისმა ტიფანიმ, უარი თქვა სიმწვანეში ჩაფლული ეგზოტიკური ბაღის მოწყობაზე. რადიკალურ ცვლილებებს ხელი მათმა საცხოვრებელმა რეგიონმაც შეუშალა, სადაც, მშრალი კლიმატის გამო, მცენარეები მუდმივ მორწყვასა და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

პირველ რიგში, შეისწავლეს ფართობი და გააანალიზეს მათ ხელთ არსებული შესაძლებლობები, შემდეგ კი შეთანხმდნენ კომპოზიციაზე და საყიდლებზე გაეშურნენ. საბოლოოდ, მათ შეიძინეს საშუალო ზომის ხრეში, კენჭები, შავი პვქ ჰიდროსაიზოლაციო საფენის რულონი, მზის ფარნების სხვადასხვა მოდელები და მცენარეები: კაქტუსები და სუკულენტები, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლასა და უხვ მორწყვას არ საჭიროებენ.

გარდაქმნის დასაწყებად საჭირო იყო უკანა ეზოს ნარჩენების, ბუჩქებისა და სარეველებისაგან გასუფთავება და ნიადაგის მაქსიმალურად მოსწორება. ამ საკითხზე იზრუნეს მამაკაცებმა – ქმარმა და ზრდასრულმა ვაჟმა. რამდენადაც საჭირო იყო არა მთლიანი ეზოს, არამედ მხოლოდ მისი ცენტრის გარდასახვა, ჯერ წინა მფლობელებისგან დატოვებული ფილაქნებით შემოღობეს იგი, მიმდებარე სივრცე კი სხვადასხვა ზომის კენჭებით დაფარეს. ამის შემდეგ, პირდაპირ კომპოზიციის გაწყობაზე გადავიდნენ.

სამომავლოდ, ბალახის ამოცენება და მცენარეების უკონტროლო ზრდა თავიდან რომ აეცილებინათ, გამოყოფილი ადგილი სარეველებისაგან დამცავი სპეციალური ხსნარით მორწყეს და შავი საფენით გადახურეს. ამის შემდეგ, ცენტრში დაამონტაჟეს კოცონის თასი, რომელიც მანამდე მეზობლისაგან 5 დოლარად ჰქონდათ შეძენილი. მთელი ტერიტორია ხრეშით სავსე ტომრებით დაფარეს, რამაც შემდგომი სამუშაოები გაამარტივა. საქმის დასასრულებლად, მათი გახსნა და შიგთავსის საფენზე გადმოპირქვავებაღა იყო საჭირო.

შემოსაზღვრული ტერიტორიის ზედაპირის მოსწორების შემდგომ, მეზობლისაგან უსასყიდლოდ გადაცემული კენჭებისა და უზარმაზარი რიყის ქვების დალაგება დაიწყეს. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, “მთვარის პეიზაჟი” ძალიან სწრაფად შეიქმნა. სანამ მამაკაცები ქვების დალაგებით იყვნენ დაკავებული, დიასახლისმა შეძენილი მცენარეები დარგო. მათი ნაწილი კოცონის თასში ჩაალაგა. ასე გაჩნდა კაქტუს-სუკულენტების მცირე ბაღი. ყვავილნარს მიმზიდველი იერსახე რომ მიეღო, კონსტრუქციის დამწვარი მხარეები და დაჟანგებული ფეხები სხვადასხვა ფერის საღებავით შეიღება, რითაც საინტერესო გეომეტრიული ნიმუში შეიქმნა.

კრეატიულმა ქალბატონმა დარჩენილი მოზრდილი კაქტუსები მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად ჩამოამწკრივა. ეზოს გარშემო დარგო ხვიარა მცენარეები, რომლებიც გაზაფხულზე ტერიტორიას ხასხახა მწვანე, ხოლო შემოდგომაზე ყვითელი ფერებით გაანებივრებს. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დარნების დაყენებაღა დარჩა.

საინტერესო ფაქტი: ეზოს მთლიანი გარდასახვისთვის ოჯახს სულ რაღაც 420 დოლარი და, რა თქმა უნდა, მოსაწყენი უკანა ეზოდან მაგიურ სამყაროში შემავალი კარის შეღების დაუძლეველი სურვილი დასჭირდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ოჯახის ბიუჯეტიდან ამ თანხის ამოსაღებად ყოჩაღმა დიასახლისმა მისთვის უსარგებლო ნივთები გაყიდა,  საბოლოოდ კი მხოლოდ 2 დოლარის დამატება მოუხდა.

ასეთი გარდასახვით სახლის მეპატრონეები ნამდვილად კმაყოფილები დარჩნენ, ამიტომაც, მოუსვენარმა დიასახლისმა უკანა ეზოში დასვენების ზონის მოწყობა და კომპოზიციის ოდნავი გაფართოებაც კი გადაწყვიტა. საჭირო იყო მხოლოდ რამდენიმე უქმე დღე, მინიმალური ძალისხმევა და ძველი მაღაზია, ასევე, რკინის კომფორტული სავარძლები და, სულ ცოტა ხანში, ეზო იმდენად გარდაისახა, რომ მეორე დილით ტიფანის თავი სხვის ეზოში ეგონა. თავად დიასახლისის თქმით, იგი ხელსაქმისა და გარდასახვის დიდი მოყვარულია. მეტიც, ამ ყველაფერს ქმნიდა ხელთ არსებული მასალებითა და საკომისიო მაღაზიაში შეძენილი იაფფასიანი საინტერესო საგნებით. სწორედ ასე გამოჩნდა ეზოში უზარმაზარი ფეხებიანი თეფში, რიყისქვისმაგვარი შუშის მძივები, ხოლო, რაც შეეხება ბაღის სკამებს, ქალბატონმა ისინი დიდი სიხარულით აჩუქა დაქალს.

მაგიდა კი ნამდვილად განსაკუთრებულად გამოიყურება, ბოლოს და ბოლოს, დედების დღეზე, როდესაც უკვე ზრდასრულმა შვილებმა დედას ჰკითხეს, თუ რა უნდოდა საჩუქრად, კრეატიულმა ქალბატონმა განაცხადა, რომ სურდა ხელთ ჰქონოდა ოჯახის თითოეული წევრის ხელის ანაბეჭდი. ტიფანიმ სანუკვარი დღისათვის შეიძინა მინის მაგიდა, ფერადი საღებავები და ლაქი. როდესაც მთელი ოჯახი შეიკრიბა, მან ხელის გულები შეუღება და მინის მაგიდის ზედაპირზე ყველამ სიამოვნებით დატოვა ანაბეჭდი.

ამ პროცესში მონაწილეობდნენ ტიფანი, მისი ქმარი და შვილები, მეორე ნახევრებთან ერთად. ფერადი ავტოგრაფების შეგროვების შემდგომ, როდესაც საღებავი გაშრა, დიასახლისმა აეროზოლით მაგიდა თეთრი მინანქრითა და ლაქით დაფარა, რათა უამინდობას მისი შედევრი ვერასდროს დაეზიანებინა.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი