ადამიანს, რომელსაც არაფრის გაკეთება არ სურს და სხვის ხარჯზე ცხოვრობს, მუქთახორას, უნესტრო ფუტკარს ეძახიან. ამაში გარკვეული ლოგიკა ნამდვილად არის, უნესტრო მამალი ფუტკრები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არ მუშაობენ. მიუხედავად ამისა, მათ მაინც მეტად მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ, ამიტომაც მათ აბსოლუტურ უსარგებლობაზე საუბარი არასწორია.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის ფუტკარი მამრობითი სქესისაა და მას ნესტარი არ აქვს, რის გამოც ვერც საკვების მოპოვებაში იღებს მონაწილეობას და არც ახალგაზრდა მანდილოსან ფუტკართა ყურადღებას იმსახურებს. გარდა ამისა, ის გაცილებით მეტს ჭამს, ვიდრე ჩვეულებრივი მუშა ფუტკარი, რაც მის ზომებზე კარგად აისახა და საშუალო ზომის მწერზე ფაქტიურად ორჯერ დიდია. საინტერესოა ისიც, რომ არა მხოლოდ სისქეში, არამედ სიგრძეშიც იზრდება. თუმცა ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. ამ ტიპის ფუტკარს არც კბენა არ შეუძლია და შესაბამისად ვერც სკას დაიცავს.

უნესტრო მამალი ფუტკრის ფუნქცია

პირველ რიგში უნდა გავერკვიოთ მის უნარებში, რომელიც აღნიშნულ მწერს ნამდვილად აქვს. მას აქვს არაჩვეულებრივი ყნოსვა, მხედველობა და ამასთანავე კარგად დაფრინავს. ამ თვისებებით ის დედა ბუნებამ გამრავლებისთვის აღჭურვა. საქმე იმაშია, რომ დედოფლის მოძიება არც ისე მარტივი საქმეა. სკაში ასობით მამრი ფუტკარი ცხოვრობს და ყველა მათგანი დედოფლის ყურადღების მიქცევას ცდილობს.

თვითონ დედოფალი კი თაყვანისმცემელთა ამხელა არმიით თავს კომფორტულად გრძნობს, რადგანაც მათი არსებობა მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შეჯვარების პერიოდში უნესტრო ფუტკრები მისთვის ფარის ფუნქციას ასრულებენ და დედოფალი მტაცებლებისათვის უხილავი რჩება.

უნესტრო მამალი ფუტკრის მთავარი მიზანი, რომელიც მისი ცხოვრების ოთხ წელიწადს გრძელდება, შთამომავლობის უზრუნველყოფა და დედოფალთან ერთად სიკვდილია. სხვათაშორის, ადგილობრივ უნესტრო ფუტკრებს ზოგჯერ სხვა სკის მსგავსი ფუტკრებიც უერთდებიან. დედოფლისათვის ეს დამატებითი დაცვაა.

აღსანიშნავია, რომ მათთვის ბუნებრივ პირობებში სიკვდილი არც ისე საშიში პროცესია. ბევრად უარესია, როცა სხვა ფუტკრები მათ წინააღმდეგ ამხედრდებიან და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თაფლის ჭამის გარდა არაფერს აკეთებენ, მათ სკიდან განდევდნიან. საბოლოო ჯამში უნესტრო ფუტკრები ოდნავი სიცივისა თუ შიმშილის პირობებში უმალვე იღუპებიან.