ბინის ინტერიერი რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს, დროთა განმავლობაში გვწყინდება. სურვილი გვიჩნდება რაიმე ცვლილება შევიტანოთ, რათა სახლში დაბრუნებისას კვლავ სასიამოვნო განწყობა შეგვიქმნას. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რამოდენიმე სასარგებლო ხრიკს, რომელიც საშუალებას მოგცემთ სახლში ყოველთვის სიმყუდროვე შეინარჩუნოთ მიუხედავად იმისა, ბოლოს რემონტი ერთი თუ ათი წლის წინ იყო.

ხერხი 1: ავეჯი გადაადგილეთ

რემონტის დასრულების მერე გვგონია, რომ ბინა პირვანდელ აღფრთოვანებას სამუდამოდ შეინარჩუნებს, თუმცა გადის რამოდენიმე თვე და განლაგება გვბეზრდება: ფანჯარასთან გაკეთებული სასადილო ოთახი ნაკლებ მყუდროდ გეჩვენებათ, კუთხეში განთავსებული დივანი კი მოსახერხებელი აღარაა და ვერც შემოსასვლელში არსებული კარადა დაიკვეხნის კომპაქტურობით. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ავეჯის გადაადგილება. ის საშუალებას გვაძლევს ინტერიერს ახლებურად შევხედოთ და ასევე რამოდენიმე სხვა პლიუსიც აქვს:

  • საშუალებას იძლევა სივრცე უკეთ შეიგრძნოთ და ყველა მეტრი ოპტიმალურად გამოიყენოთ;
  • შთაგაგონებთ ახალ იდეებს იმის შესახებ თუ როგორ გახადოთ ბინა უფრო მყუდრო და ლამაზი;
  • განაახლებს ინტერიერს და ისეთ შეგრძნებას გიქმნით, თითქოს ახალი ბინა გეყიდოთ;
  • აქცენტს ზედმეტ ნივთებზე აკეთებს, რომლებიც შეგიძლიათ თამამად მოიშოროთ.

თუმცა სანამ გადაადგილებას განახორციელებდეთ, კარგად დაფიქრდით ავეჯისა და ტექნიკის ახალი განლაგება თქვენთვის რაოდენ მოსახერხებელი აღმოჩნდება. მაგალითად თუ დივანს მეორე კედელთან გადგამთ, შესაძლოა დენქვიტასთან წვდომა აღარ გქონდეთ, ხოლო თუ ტელევიზორს ფანჯარასთან ძალიან ახლოს დადგამთ, ის მზის სინათლეს არასასიამოვნოდ აირეკლავს. იდეალური იქნება თუ ოთახის გეგმას დახატავთ და უშუალოდ პროცესის დაწყებამდე, მონახაზს გააკეთებთ თუ სად რა უნდა განთავსდეს.

ხერხი 2: ახალი სეზონი – ახალი დეკორი

თუ გადაადგილება სათქვენო ვარიანტი არაა, ამ შემთხვევაში ინტერიერის განახლებაში დეკორის ცვლილება დაგეხმარებათ. ბინის აღქმა დიდწილად დამოკიდებულია ტექსტილზე, ასე რომ ყველა სეზონზე მისი შეცვლა კარგი იდეა რატომ არ უნდა იყოს? მაგალითად, ზაფხულში მწვანე ფარდები, ზამთარში კი ყვითელი ჩამოკიდეთ. ასევე დივანზე შეგიძლიათ შესაფერისი ფერთა გამის პლედი განათავსოთ, გამოცვალოთ დეკორატიული ბალიშების გადასაკრავი, დააგოთ ახალი ხალიჩა, ხასხასა თეთრეული გამოიყენოთ. ეს ხერხი კარგად მუშაობს სკანდინავიური და მინიმალისტური სტილის ინტერიერის მქონე ბინებში. მაგალითად, კედლები და ჭერი თეთრი ფერის, ხოლო დეკორი კი სეზონიდან გამომდინარე სხვადასხვა ფერის, მაგალითად: წითელი, ლურჯი, მწვანე და ა.შ.

ხერხი 3: ავეჯის გადასაკრავის შეცვლა

ეს მიდგომა საბჭოური ავეჯის შემთხვევაშიც კი გამოგადგებათ. თუ ისინი კარგადაა შენახული და არ გსურთ მათი თანამედროვე ვარიანტებით ჩანაცვლება, საკმარისია გადასაკრავი შეცვალოთ. გადასაკრავი გაცილებით იაფი დაგიჯდებათ და ამასთანავე თქვენ ნამდვილად სასურველი ფერის ეგზემპლარი შეგხვდებათ.

როგორც წესი, ქსოვილის ვარგისიანობა დამოკიდებულია თუ რაოდენ ხშირად ხდება ავეჯის ამ ელემენტის მოხმარება და სადაა ის განთასებული. მაგალითად, მისაღებში არსებული დივნის გადასაკრავის შეცვლა 3-4წელიწადში ერთხელ მოგიწევთ, რადგანაც მას თქვენს გარდა ბავშვები და შინაური ცხოველებიც იყენებენ, შესაბამისად ცვეთაც მეტია. თუ ავეჯის მდგომარეობას ზედმიწევნით გააკონტროლებთ, გადასაკრავის ვარგისიანობა შესაძლოა 10წლამდეც კი გაიზარდოს. ზოგჯერ ავეჯის გადასაკრავის შეცვლა შესაძლოა მაშინაც გახდეს საჭირო, როცა მას არაფერი სჭირს, მაგალითად თუ სარემონტო სამუშაოებისას აღმოაჩინეთ, რომ განახლებული ინტერიერი ძველი ავეჯის ფერთა გამას არ ეწყობა.

ხერხი 4: ჭურჭლის განახლება

რევიზია არა მხოლოდ ტანსაცმლის კარადაში, არამედ სამზარეულოშიც უნდა ჩაატაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ დიასახლისს სჯერა ჭურჭლის უკვდავება, სინამდვიელში ეს ასე არაა. ხშირად ჭურჭელზე ჩნდება ნაპრალები, ნაკაწრები და ვიზუალურად ვერ ვიტყვით რომ დამახინჯდა, თუმცა მსგავსი ჭურჭლის თავიდან მოცილება დროულადაა საჭირო. ღვინისა და არყის ჭიქები, სასალათეები ასევე ჭურჭლის იმ სიას მიეკუთვნებიან, რომელიც ხშირად ტყდება და შესაბამისად მზად უნდა იყოთ, რომ მათი ასორტიმენტი პერიოდულად განახლებას საჭიროებს.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ჭურჭელი საბაზო ფორმისა და ფერის ვიყიდოთ, რათა ისინი უკვე არსებულ ნაკრებს მარტივად შეეწყოს და ამასთანავე სამზარეულოს ინტერიერიდანაც ამოვარდნილი არ აღმოჩნდეს. თუ ჭურჭლის დიზაინი სამზარეულოს ინტერიერთან ჰარმოანიაში იქნება, მათი გამოყენება დეკორის ელემეტნადაც შეგიძლიათ.

ხერხი 5. ზედმეტის გადაყრა

მეტად მნიშვნელოვანი პუნქტია ზედმეტი ნივთების მოშორება. ზოგჯერ გგვონია რომ სახლში ზედმეტი ნივთი არ მოგვეპოვება და ყველაფერი თავის ადგილას დევს, თუმცა თუ ასორტიმენტს უფრო კარგად შეისწავლით, შეამჩნევთ რომ აზრი რადიკალურად შეგეცვლებათ. საუბარია არა მხოლოდ ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, ვადაგასულ კოსმეტიკასა და საყოფაცხოვრებო ქიმიაზე, არამედ საკვებ პროდუქტბზე, რომლებიც კარადის თაროებზე ხშირად თვეობით დევს და არავინ იყენებს. თვეში გამოყავით ერთი დღე და ყველაფერი ზედმეტი მოიშორეთ, მალევე დარწმუნებით, რომ სახლს ამ მეთოდით სიმყუდროვესა და სივრცეს შეჰმატებთ. უპირველეს ყოვლისა ამ ხერხის პლიუსი ისაა, რომ აღარ მოგიწევთ გენერალური დალაგების ჩატარება და გარდა ამისა არც არასაჭირო ნივთების ოთახებში როგორღაც გადანაწილება. და ბოლოს, სახლში ვიზუალური ხმაურიც აღარ შეგაწუხებთ.

ხერხი 6: კედლის დეკორის შეცვლა

კედლის დეკორს ცოტა თუ იყენებს, თუმცა თუ გადაწყვეტილება მიღებულია, სურათებს, თაროებსა და პოსტერებს დიდი ხნის მანძილზე არჩევენ და შემდეგ კი წლობით აღარ ცვლიან. დიზაინერები გვირჩევენ რომ დეკორის ერთ სახეს არ მივეჯაჭვოთ და 2-3თვეში ერთხელ განვაახლოთ. მაგალითად თუ საძინებლის კედელზე ზღვის გამოსახულებიანი პოსტერები გეკიდათ, სექტემბერში ისინი შეგიძლიათ შემოდგომის ტყის ფოტოებით ჩაანაცვლოთ, ზამთარში კი დათოვლილი ქალაქის ხედებით. უბრალოდ ამობეჭდეთ ახალი ფოტოები და პოსტერები და უკვე არსებულ ჩარჩოებში მოათავსეთ. კიდევ ერთი ვარიანტი – დაამატეთ თარო ოთახის მცენარეებისათვის ან კიდევ კედელი გირლიანდის დახმარებით გაალამაზეთ ან პირიქით, დეკორის ნაწილი მოაცილეთ, რათა ოთახის სივრცე ვიზუალურად გაიზარდოს. ყველაფერი თქვენს ხელთაა, მთავარია ექსპერიმენტები და ცვლილებები ნუ შეგაშინებთ.

ხერხი 7: მცირე დალაგება ძილის წინ

ბევრი ფიქრობს, რომ მათთვის დასვენების დღეებში გენერალური დალაგებაც საკმარისია, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ძილის წინ სახლის მოწესრიგებას არაერთი დადებითი ხმარე აქვს. პირველ რიგში ასე თქვენ ამცირებთ გენერალური დალაგების დროს და მეორეს მხრივ კი მსგავსი რუტინული ქმედება დროებით თქვენს გონებასაც დაასვენებს სამუშაოზე ფიქრისაგან და მორალურად დასვენებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა მოწესრიგებული სახლი ხასიათზეც დადებითად მოქმედებს და რაც მთავარია დილაობით თქვენ არ მოგიწევთ ისეთ საქმეებზე დროის დაკარგვა, როგორიცაა ჭურჭლის გარეცხვა, ნივთების კარადაში შელაგება და სხვა პატარა საქმეები. ეს პუნქტი განსაკუთრებულად აქტუალურია მათთვის, ვისაც დილას ადგომა უჭირს და სამსახურში წასასვლელად ათი წუთი ემზადება.