ჩვენ გარშემო უამრავი ნივთია და გამოგონებებიც უკვე ხიბლს კარგავენ. თუმცა, ასობით და ათასობით წლის წინ, ქაღალდი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კალენდარი სენსაციური გამოგონებები გახლდათ. იცოდით, რომ ჩვენ დღემდე ვიყენებთ ნივთებს, რომლებიც მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ ტექნოლოგიურად განუვითარებელმა წინაპრებმა შექმნეს?

Novate.ge-ის რედაქცია ახლა ამ ნივთებს გაგაცნობთ.

უძველესი გამოგონებები

1. კალენდარი

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება კალენდარის გარეშე წარმოუდგენელია. მისი გამოყენებისათვის ყველა საჭირო ფორმა არსებობს: დღიური, სმარტფონის ელექტრონული ვარიანტი და ძველებური ქაღალდის კალენდარი. აი, ჩვენს წინაპრებს კი დიდი დრო და მონდომება სჭირდებოდათ განთიადების, მზის ჩასვლის, მთვარი ფაზებისა და ვარსკვლავების დახმარებით, დღის ხანგრძლივობის გამოსათვლელად. პირველი კალენდარი ეგვიპტეში, ბაბილონსა და ამერიკელ ინდიელთა განვითარებულ ტომებში გაჩნდა. თუმცა, ისინი მხოლოდ სეზონთა ცვლილებისა და მოსავლის დათესვის ხელსაყრელი პერიოდის გამოსათვლელად გამოიყენებოდა. უფრო ზუსტი კალენდარი რომაელებმა შექმნეს, იულიუს ცეზარის დროს. მას იულიუსის კალენდარი ეწოდა. შემდეგი «კალენდარული რეფორმა» მე-15 საუკუნეში განხორციელდა, როცა გრიგორიანული კალენდარი შეიქმნა. ადამიანთა უმეტესობა დღემდე ამ უკანასკნელს იყენებს.

2. ბოქლომები

ადამიანი ყოველთვის ცდილობდა თავისი ქონების დაცვას. ეგვიპტის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს საკეტები, რომლებიც ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულით თარიღდება. ძველ ეგვიპტში საკეტები, თანამედროვესთან შედარებით, საკმაოდ დიდი ზომისა იყო, თუმცა, მუშაობის პრინციპი შეუცვლელი დარჩა. საკეტი მყარი ხისგან მზადდებოდა, გასაღებს კი უნიკალური ფორმის პირი ჰქონდა, რათა ის მხოლოდ ერთი სახის საკეტს მორგებოდა. ეგვიპტელების მერე საკეტების გამოყენება სხვა აღმოსავლურ ქვეყნებშიც დაიწყეს. მეტალის დამუშავების ახლებური ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, უფრო კომპაქტური და გამძლე საკეტები დავამზადოთ.

3. ქაღალდი

ქაღალდი ჩინელთა ერთ-ერთ უდიდეს გამოგონებად ითვლება. მისი შექმნა ჩვ.წ.აღ-მდე 105 წლის ჩინელი იმპერატორის მრჩეველის, ცაი ლუნის სახელს უკავშირდება. მან თუთის ბოჭკოების, ხის ქერქისა და ნაჭრებისგან თხელი და გამძლე ტილოს დამზადება მოახერხა. ქაღალდის გამოგონების წყალობით, მსოფლიოში წიგნების ბეჭდვა დაიწყო.  ქაღალდის გარეშე თანამედროვეობის წარმოდგენა კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

4. პიტნის საწუწნი კანფეტები

პიტნის საწუწნი კანფეტები, რომლებსაც სუნთქვის გასაახლებლად ან ყელის ტკივილისას ვიყენებთ, ძალიან ძველი გამოგონებაა. ძველ დროში კანფეტებს სხვადასხვა ბალახისგან ამზადებდნენ. პიტნასა და სხვა ბალახებს ხარშავდნენ, ასხამდნენ ფორმებში და ელოდნენ გამაგრებას. ის განსაკუთრებული პოპულარულობით ძველ ეგვიპტელთა შორის სარგებლობდა.

5. ქუსლიანი ფეხსაცმელი

დღეს მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ქალები მიმზიდველობისთვის იყენებენ, ძველად კი მას მრავალფეროვანი დანიშნულება ჰქონდა. განთქმული პართიელი მეომრები ქუსლებს უნაგირის ფეხსაყრელში ფეხების უკეთ დასაფიქსირებლად იცვამდნენ. აღმოსავლელი ვაჭრების წყალობით, ქუსლებმა ძველ რომსა და საბერძნეთშიც ჩააღწია, თუმცა აქ უკვე ისინი მოდის ელემენტად იქცა. შუა საუკუნეებში ქუსლიანი ფეხსაცმელი არისტოკრატიის ნიშნად ითვლებოდა და მას მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები, მათთან დაახლოებული პირები და მდიდრები ატარებდნენ. მათ ნამდვილად შეშურდებოდათ ფეხსაცმელთა იმ მრავალფეროვნების, რომელსაც თანამედროვე მოდის მიმდევრები ირგებენ.

6. კოსმეტიკა

ქალებს ყველა დროში სურდათ მიმზიდველები ყოფილიყვნენ, რისთვისაც ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას იყენებდნენ. ეგვიპტისა და მესოპოტამიის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს კოსმეტიკა, რომელიც ძვ.წ. პირველი ათასწლეულით თარიღდებ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველ დროში კოსმეტიკას მამაკაცებიც იყენებდნენ, რიტუალების ჩასატარებლად. მალევე, კოსმეტიკის გამოყენება დაიწყეს ძველმა რომაელებმა და ბერძნებმა, ამ პერიოდიდან კი სილამაზის ინდუსტრია განვითარებას სწრაფად განაგრძნობს. თანამედროვე კოსმეტიკისგან განსხვავებით, ძველ ვარიანტებში შეხვდებოდით ძმარს, ნავთობპროდუქტებს, ცხოველთა ფეკალიებსა და ვერცხლისწყალსაც კი. რთული არაა იმის წარმოდგენა, თუ რა შედეგს გამოიწვევდა მსგავსი საშუალებების მოხმარება.