რა აკლია სამზარეულოში გაზქურასთან მოფუსფუსე დიასახლისს

სამზარეულოს სივრცე ბევრი ოჯახისთვის საყვარელი ადგილია. აქ სტუმრები იკრიბებიან, აქ ამზადებენ გემრიელ კერძებს, აქ მოდის შთაგონება… სამზარეულოში შეგიძლიათ დაისვენოთ და იპოვოთ შინაგანი წონასწორობა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ თქვენი სამზარეულო დეტალებამდე გათვლილია, მყუდროა და მასში რამის მომზადების სურვილი გიჩნდებათ. ირგვლივ მიმოფანტული წამლის შეფუთვები, ძველი, დაბზარული ჭურჭლის არსებობა და დახეული ლინოლიუმი, სავარაუდოდ, ამაში ვერ დაგეხმარებათ.

სამზარეულოს სივრცე

როგორ უნდა მოაწყოთ სამზარეულო ცოტა ფულით? ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი შთაგონებაა. რატომ უნდა იმტვრიოთ თავი თვითონ, როდესაც ინტერნეტი სავსეა შესანიშნავი მაგალითებითა და ცხოვრებისეული ხრიკებით? დღეს ჩვენ განვიხილავთ სამზარეულოს ყველაზე განსხვავებულ ვარიანტებს, რომელთაგან ნებისმიერის ამორჩევა შეიძლება!

სამზარეულოს განსაკუთრებული დიზაინი

1. ფერი

სამზარეულოსთვის ძირითადი ფერის არჩევა ამ ოთახის გაწყობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. თანამედროვე ევროპელი დიზაინერების უმეტესობა იღებს ყველაზე ნეიტრალურ ფერს, მაგალითად, თეთრს, ნაცრისფერს ან ნაღებისფერს.

ეს არჩევანი ფანტაზიისათვის უზარმაზარ სივრცეს გაძლევთ. შეგიძლიათ, შეიძინოთ ნებისმიერი ფერის აქსესუარი და ჭურჭელი, ცვალოთ ისინი სურვილისამებრ.

მცენარეთა მოყვარულებს ვურჩევთ ყურადღება მიაქციონ ნეიტრალურ ცივ ჩრდილებს. მაგალითად, ღია ცისფერი ტონი კარგად შეეწყობა ქოთნის ყვავილებისა და ფერების უმრავლესობას.

2. ფანჯარა

ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ფანჯრის გაფორმება. სასურველია, რომ სამზარეულოს ფანჯარა ნამდვილად დიდი იყოს. თუკი თქვენ მხოლოდ საცხოვრებლის შეძენას აპირებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ამას.

ნუ გადატვირთავთ ფანჯრის რაფას ზედმეტი რაოდენობის სუვენირებით. უპოვნეთ ყველაფერს თავისი ადგილი და ნუ გადააქცევთ ფანჯრის ქვეშ არსებულ სივრცეს უადგილო ნივთების საწყობად. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე ქოთნის ყვავილი და შეიძლება კატაც.

ფანჯრების ფარდის ტენდენცია თანდათან წარსულს ბარდება და ეს სასიკეთოა, რადგანაც ფარდები უბრალოდ ფარავს დღის სინათლის ასეთ ძვირფას წყაროს და სივრცეს ვიზუალურად ამცირებს. არც კი ღირს იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ მათზე გროვდება ცხიმი და მტვერი.

3.ჩამოკიდებული ტუმბოები და ავეჯის სიმრავლე

სამზარეულოს მოწყობილობების უზარმაზარი რაოდენობის თავიდან აცილება, ჭურჭლისა და ავეჯის ჩათვლით, დიზაინს ნამდვილად წაადგება. სინამდვილეში, ჩვენ რეალურად ბევრი არაფერი გვჭირდება.

თანამედროვე ოჯახები სულ უფრო და უფრო ხშირად უკვეთავენ საკვებს ან ყიდულობენ მზა პროდუქტს და ამაში ცუდი არაფერია. რთული კერძების მომზადებას დიდი დრო სჭირდება და ყველა ინგრედიენტის შეძენა ხშირად არც ისე მომგებიანია, ამიტომაც სამზარეულოს აღჭურვილობა იმდენად აღარ გჭირდებათ.

თუ უმეტეს შემთხვევაში სამსახურში გიწევთ წახემსება, ხოლო სახლში რთულთან შედარებით მარტივ კერძებს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ ნამდვილად არ გჭირდებათ ავეჯის უმეტეს ნაკრებში შემავალი უზარმაზარი ჩამოსაკიდი ტუმბოები.

უმჯობესია რამდენიმე მინიმალისტური თარო ჩამოკიდოთ და მასზე ლამაზად დააწყოთ მცირე რაოდენობა. მერწმუნეთ, სამზარეულო მაშინვე გაცილებით დიდი გამოჩნდება!

სახლის ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილის მოწყობისას მთავარია არ იჩქაროთ. ისიამოვნეთ პროცესით და მიეცით თქვენს გონებას საკმარისი დრო და რესურსი მკაფიო გეგმის შესაქმნელად. გამოიწერეთ ინსტაგრამ და პინტერესტ პროფილები, რომლებიც მოგწონთ ფერების და თემების თვალსაზრისით. დროთა განმავლობაში, ზუსტად მიხვდებით, თუ რა აკლია თქვენს სამზარეულოს და როგორ მოაწყოთ იგი!