როდესაც ერთი ოთახი ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს, თავს იჩენს გარკვეული დაბნეულობა და კომფორტის განცდა იკარგება. ზონირება ხელს უწყობს ცალკეულ ადგილებში სივრცის გამოყოფას და ეს ოთახს უფრო კომფორტულად, ხოლო ინტერიერს უფრო ელეგანტურად აქცევს. ოთახის გასაყოფად რამდენიმე ხერხი არსებობს, ჩვენ კი გიამბობთ ყველაზე პოპულარული იდეების შესახებ, რომელთა განხორციელებაც დიდ ძალისხმევასა და ხარჯებთან ნამდვილად არაა დაკავშირებული.

1. ფარდები

სივრცის გაყოფის უმარტივესი და ხელმისაწვდომი გზა ფარდების ჩამოკიდებაა. დასამაგრებლად ყველაზე უბრალო კარნიზიც გამოდგება და შეგიძლიათ ან უბრალოდ ჭერის ნიშაში დამალოთ, ანდაც გააფორმოთ, რათა ინტერიერის ელემენტად იქცეს. რაც შეეხება ქსოვილს, იგი საყიდლად და დასამონტაჟებლად დიდ ფინანსურ ხარჯებს არ საჭიროებს, რაც ფარდების შეცვლით ოთახის იერსახის სწრაფი ცვლილების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, იგი ფართობის დაფარვის ხარისხის შესაცვლელადაც ზედგამოჭრილია. შეგიძლიათ ყოველთვის ღია მდგომარეობაში გქონდეთ და მხოლოდ სტუმრების მოსვლისას დახუროთ.

ფარდების ზონირება დიდ სივრცეს არ საჭიროებს და ინტერიერის ნებისმიერ სტილს კარგად ერგება, მთავარია ფარდებისათვის სწორი მასალა და სტილი შეარჩიოთ. მაგალითად, ყვავილიანი ორნამენტების მქონე ტილოები ორგანულად ეხამება თანამედროვეობას. ჟალუზები და შუშისა თუ მეტალის მძივებისაგან დამზადებული ფარდები მაღალტექნოლოგიური სივრცისათვის შესაფერისია, ხოლო ტაფტისა და ჟაკარდის ერთობლიობა ოთახის გაფორმების ნებისმიერ მიმართულებას ერგება.

სასარგებლო რჩევა ჩვენი რედაქციისაგან: ფარდების ზონირებისას გაითვალისწინეთ, რომ დაკუჭული ფარდები ნებისმიერი ოთახის, განსაკუთრებით ზომიერ მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილ ინტერიერზე უარყოფითად იმოქმედებს, ამიტომაც ქსოვილის არჩევისას ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რამდენად ადვილია მისი დაუთოება და რამდენი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს მიმზიდველ იერს.

2. სტელაჟი

ზონირების შემდეგი ყველაზე პოპულარული და მარტივი ვარიანტია სტელაჟების გამოყენება. ისინი უპრობლემოდ მონტაჟდება სასურველ ადგილას და ასევე იხსნება, როდესაც სივრცის გაყოფის საჭიროება აღარ დგას. ზონირების აღნიშნული ვარიანტი ერთის მხრივ იმითაა მოსახერხებელი, რომ ნივთების შესანახად დამატებითი ადგილის ფუნქციასაც ითავსებს. მეორეს მხრივ, წარმოადგენს დამატებით ზედაპირს, რომლიდანაც მტვრის გადაწმენდაც აუცილებელი ხდება. თუ იდეა მოგწონთ, მაგრამ არ გსურთ დალაგებას ზედმეტი დრო მოანდომოთ, შეგიძლიათ თაროებისა და დახურული კარადებისაგან შემდგარი სტელაჟით ისარგებლოთ. მისი საშუალებით შეძლებთ გახსნილობასა და კონფიდენციალურობას შორის ოპტიმალური ბალანსის მოძიებას. თაროებიანი სტელაჟის ტერიტორია სინათლის შემოშვებას უზრუნველყოფს, ხოლო კარადის მონაკვეთი ნაწილობრივ ფარავს ხედს.

3. გარდერობი

ზონირების შემდგომი ტექნიკა ოთახის გარდერობით გაყოფაა. ძალზედ რთულია სტერეოტიპების გადალახვა და ავეჯის შუა ოთახში გატანა, თუმცა ეს მოსახერხებელი და პრაქტიკული გამოსავალია. გარდერობი შესანიშნავად გამოიყურება ყველაზე მრავალფეროვან დიზაინშიც კი, ხოლო მოძრავი კარებები “მკვდარი” ზონის გაჩენის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მართალია, აღნიშნულ მეთოდს ერთი უარყოფითი მხარეც გააჩნია:გარდერობის უსიამოვნო უკანა კედელი, ამიტომაც აუცილებლად უნდა იპოვოთ მისი გალამაზების გზები, მაგალითად, შპალერით დაფარვა.

როგორც წესი, სივრცის გასაყოფად ჭერის სიმაღლის მოდელები გამოიყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერიერი დაუმთავრებლად გამოიყურება, ხოლო თუ ზონირებას მუდმივად გეგმავთ და ფიქრობთ, რომ დიდხანს დაგჭირდებათ, უმჯობესია კარგად გაეცნოთ ორმხრივ კაბინეტებს როგორც წინა, ისე უკანა კარებით. ჩვეულებრივი კედლის მიმართ ასეთი სტრუქტურის უპირატესობა აშკარაა, რადგანაც შენახვის დამატებით სისტემას წარმოადგენს.

4. რეიკები

რეიკებით ზონირება არათუ არახალი, არამედ კვლავაც ტრენდული და თანამედროვე ინტერიერში ფართოდ გამოყენებადი ტექნიკაა. ასეთი პოპულარობა გასაკვირიც არაა. რეიკები შესანიშნავად უმკლავდება სივრცის ვიზუალურ დაყოფას და ნებისმიერ ოთახში გამოსაყენებლად შესაფერისია. ამგვარი ღობის დაყენება მარტივია და ჩვეულებრივი ხის ბლოკებისაგან მათი დამზადება თავადაც შეგიძლიათ. ამავდროულად აღნიშნული მასალა ესთეტიკური ვარიაციებისათვის უამრავ შესაძლებლობას იძლევა. შეგიძლიათ ცვალოთ ხის ფერის ჩრდილები, რეიკების სისქე და სიგანე, მათი განთავსების სიხშირე და ელემენტების კონფიგურაცია. შემოქმედებითი მიდგომით შეგიძლიათ მიიღოთ საავტორო დიზაინის ორიგინალური განყოფილება, რომელიც ინტერიერის საინტერესო აქცენტად იქცევა.

5. პერფორირებული მდფ-პანელები

ზონების გამოყოფის პროცესში მდფ-პანელებისაგან დამზადებული ტიხრების ჩართვაც შეგიძლიათ. იგი შედარებით იაფ და ფართო დეკორატიული შესაძლებლობებით დატვირთულ გადაწყვეტას წარმოადგენს. ინდივიდუალური ნიმუშის შესაბამისად პერფორაციით შესაძლებელია  საჭირო ზომის პანელების შეკვეთა. ამგვარი საოცარი განყოფილება ინტერიერს განსაკუთრებული მიმზიდველობით აღავსებს და led-განათებით ბევრად უფრო მომხიბლავი იქნება.

ასევე მარტივია პანელის დაყენება და შესაძლებელია მისი როგორც ჭერზე ჩამოკიდება, ასევე იატაკზე მიმაგრებაც კი. ისინი შესანიშნავად ართმევენ თავს ზონირების დამოუკიდებელი ელემენტისა და სხვა ვარიანტებთან სწორად შერწყმადობის ფუნქციებს, მაგალითად, სტელაჟის დამატებისა.

6. შირმები

შირმა ზონირების სრულიად უნიკალური, თუმცა იშვიათად გამოყენებადი ტექნიკაა. ამგვარი გადაწყვეტის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მობილურობაა. შირმის დაყენება მარტივია და არც მისი გადაადგილება ან მოხსნა გაგიჭირდებათ. ოდნავ შეიცვალა სივრცე-ინტერიერზეა აქცენტი გადატანილი, მოვიდნენ სტუმრები-დასასვენებელი ადგილი შირმითაა დახურული, ხოლო ამ ყველაფრის მერე უბრალოდ მოიხსნება ან კედელზე ჩამოეკიდება და ყოველ ჯერზე ოთახის გარეგნული იერსახე იცვლება. შირმები გამოსადეგია თითქმის ყველანაირი სტილის ინტერიერისათვის და სხვადასხვა დიზაინის ფართო ასორტიმენტით იყიდება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თავად გააკეთოთ იგი ანდაც პროფესიონალს დაუკვეთოთ მისი აწყობა ინდივიდუალური პროექტის მიხედვით.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი