ვიეტნამი ბევრისთვის, პირველ რიგში, ასოცირდება კონუსის ფორმის თავსაბურავთან, რომელსაც Non La ჰქვია. ვიეტნამურ ქუდს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. არქეოლოგიური გათხრებისას, ჯერ კიდევ ძვ.წ. 2500-3000 წლით დათარიღებული თავსაბურავი აღმოაჩინეს. ზოგადად, ამ ტიპის თავსაბურავის ისტორია და მისი დამზადების მეთოდები ბევრ საინტერესო მომენტთანაა დაკავშირებული.

ლეგენდის თანახმად, ნონ ლას სათავე იმ დროში ჩაეყარა, როდესაც ვიეტნამელები პირველად იწყებდნენ მიწათმოქმედებას. ხალხს არ შეეძლო საკვები პროდუქტების მოყვანა, რადგანაც მათ მუდმივი ძლიერი წვიმები ხელს უშლიდა. ერთ დღესაც მათ ნამდვილი ქალღმერთი გამოეცხადათ, რომელსაც თავზე კონუსის ფორმის ოთხი ფოთლისაგან დამზადებული თავსაბურავი ემოსა.

მან თავისი ქუდით ვიეტნამის მიწები წვიმისგან დაიცვა და ადგილობრივებს საშუალება მისცა, მიწათმოქმედებით დაკავებულიყვნენ.

მას მერე, რაც ქალღმერთმა ადამიანთა რიგები დატოვა და თავის სამყოფელს დაუბრუნდა, ვიეტნამელებმა, მისდამი პატივისცემის ნიშნად, მსგავსი თავსაბურავები დაამზადეს. მათ დასამზადებლად კი უახლოესს ტყეებში ნაპოვნი მასალა გამოიყენეს.

ამ ქუდს ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტიც უკავშირდება.

1. ხელნაკეთი

ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ მსგავსი თავსაბურავები ყოველთვის ხელნაკეთია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით იყიდება. მათი დასამზადებელი სპეციალური დაზგებიც კი არ არსებობს. არცერთ მექანიზმს არ შეუძლია საჭირო მანიპულაციების შესრულება. ვიეტნამის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში Non La-ს დამზადებით მთელი სოფლებია დაკავებული.

2. 16 რგოლი

კლასიკური თავსაბურავი სპეციალური ჩონჩხით მზადდება, რომელიც 16 რგოლისაგან შედგება. ეს ჯადოსნური რიცხვია და იდეალურია თავსაბურავის სწორი ფორმისთვის. თუმცა, ეს ერთადერთი მიზეზი არაა. ვიეტნამში 16 რიცხვი ასაკთანაა დაკავშირებული. ადგილობრივები თვლიან, რომ გოგონა ყველაზე ლამაზი სწორედ 16 წლის ასაკშია.

3. პოეტური ქუდი

სინამდვილეში, ნონ ლას მრავალი განსხვავებული ფორმა აქვს. დღეისათვის, ძირითადად, ვხვდებით პოეტურ ქუდებს, რომელთაც Non Bai Tho ეწოდება. მათი შემქნელია Bui Quang Bac. მან სახელი არაორდინალური დიზაინებით მოიხვეჭა. 60-იან წლებში, თავსაბურავის შექმნისას, მან ფენებს შორის მოათავსა ფურცლები, რომლებზეც ლექსები ეწერა, ან ლამაზი მთები და ქალაქი ხიუე იყო გამოსახული. ხელოვნების ნიმუშების ნახვა მხოლოდ სინათლეზეა შესაძლებელი.

სხვათაშორის, ნონ ლას არა მხოლოდ სოფლის მაცხოვრებლები, არამედ ქალაქელებიც ატარებენ, დღემდე.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი