8 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ მარადიულად მოდური ინტერიერის შექმნაში

ბევრი ოცნებობს ისეთი ინტერიერის შექმნაზე, რომელსაც ათი წლის შემდეგაც სუფთა, ელეგანტური და აქტუალური იერსახე ექნება, რადგანაც ბინის შეკეთებისა და გაფორმების ეტაპზე დიდი ძალისხმევა, დრო და ფულადი სახსრები იხარჯება. ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ საიდუმლოებებს, თუ როგორ უნდა აიხდინოთ ეს ოცნება და წარმატებით გაუმკლავდეთ ახალი რემონტის დაძველების გარდაუვალ პროცესებს.

სიმარტივე, სიმსუბუქე და მინიმალიზმი ნებისმიერი მარადიული ინტერიერის სამი საყრდენია. ამასთან, გარემოს სამივე მახასიათებლის პირდაპირი მნიშვნელობით გაგება არაა აუცილებელი: მაგალითად, მინიმალიზმი უსარგებლო ნივთების არარსებობა იგულისხმება, სიმსუბუქეში – სინათლისა და სივრცის სიუხვე, სიმარტივეში – გასაგები ფორმები და დიზაინი. ქვემოთ წაიკითხავთ, თუ კიდევ რაზე მოგიწევთ ყურადღების გამახვილება.

რჩევა 1: მიმართეთ თეთრ ფერს

თეთრი კედლები და ჭერი არა მოსაწყენი, არამედ ლაკონური და მარტივი. აღნიშნული ფერი ინტერიერს სიმსუბუქეს, სინათლეს, ფართოობას სძენს და ვიზუალურად ზრდის სივრცეს. გარდა ამისა, თეთრი ზედაპირები შესანიშნავ ფონს წარმოადგენს ავეჯისა და დეკორატიული ნივთებისთვის, მაგალითად, ნახატებისა და ფოტოსურათებისათვის. არც ისე რთულია ამგვარ ინტერიერში ნათელი ელემენტების მოთავსება. თეთრი ფერისაგან გადაღლისას მარტივად შეგიძლიათ ზედაპირების სხვადასხვა ფერებში გადაღებვა, კონტრასტული კედლის შექმნა და მათ ფონზე ორიგინალური ორნამენტის შექმნა.

რჩევა 2: განიხილეთ მოსახერხებელი განლაგება

როდესაც საქმე დაგეგმვას ეხება, დაუყოვნებლივ ერთი წესი იწყებს მოქმედებას: რაც უფრო მარტივია, მით უკეთესი. არ არის საჭირო ოთახის რამდენიმე ფუნქციურ ადგილად დაყოფის მცდელობის მიზნით თაბაშირ-მუყაოს კედლების განთავსება. ამგვარად შეიქმნება გადატვირთული ინტერიერი, რომელიც მოხერხებულობისა და კომფორტის მოთხოვნებს ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს. დაუყოვნებლივ გადაწყვიტეთ, თუ სად გექნებათ სასადილო ადგილი (თუ სამზარეულოში არ არის საკმარისი სივრცე სტუმრების მისაღებად ან მისაღებთანაა გაერთიანებული), კითხვისა და დასვენების ადგილი. თუ ოჯახში პატარა ბავშვები გყავთ, სათამაშო ზონის მოწყობა აუცილებელია. ზოგადად, სივრცე ოჯახის თითოეული წევრის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, იყოს ფუნქციური და ერგონომიული – ეს თვისებები ღირებული იქნება, მიუხედავად იმისა, იქნება ეს 2020 თუ 2030 წელი.

რჩევა 3: დაამატეთ მხოლოდ საჭირო დეტალები

ერთადერთი, რაც ნამდვილად აუცილებელია, არის ინტერიერთან ჰარმონიულად შერწყმული და ფუნქციონალური დეკორი. დიზაინერები გირჩევენ, რომ თავი დაანებოთ შვებულებიდან ჩამოტანილ სხვადასხვა ფიგურებს, მაგნიტები, ნიჟარებს და უპირატესობა მიანიჭოთ პატარა ვაზებს, რომელშიც შემდგომში ყვავილების, საიუველირო ყუთებისა და  წიგნების განთავსება იქნება შესაძლებელი.

ოთახის მცენარეები მარადიული დეკორაციის კიდევ ერთი მაგალითია. დიახ, ყოველწლიურად იცვლება ყვავილების მოდა, თუმცა იშვიათად თუ მისდევს ვინმე მას. მცენარე ბინის ყველაზე ნეიტრალური დეკორაციაა და დროთა განმავლობაში ვიზუალურად მობეზრების შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ ქოთანი შეცვალოთ, შემდგომ კი ოთახში სრულიად განსხვავებულ ფერებში გაბრწყინდება. ასევე შეეცადეთ აირჩიოთ დეკორი, რომლის აქტუალურით შეცვლასაც მომავალში, სინანულის გარეშეც, მარტივად შეძლებთ.

რჩევა 4: გამოიყენეთ ბუნებრივი დეკორატიული მასალები

ბუნებრივი მასალები ყოველთვის ტრენდულია, რა დროც არ უნდა გავიდეს. ბეტონის, აგურის, ქვის, ხის – მაშინაც კი, თუკი აირჩევთ დეკორაციას, რომელიც ბუნებრივის იმიტაციას ახდენს, ის მაინც ბევრად უკეთესად გამოიყურება. ხის არჩევის შემთხვევაში უკიდურესად ფრთხილად მოეპყარით ჩრდილს – წინათ ტრენდულად მოწითალო ტონი განიხილებოდა, ახლა კი უფრო პოპულარული ნეიტრალური ჩრდილებია, მაგალითად, ნაცრისფერ-ყავისფერი. ასეთი გაფორმება არა მხოლოდ ლამაზად და ეკოლოგიურად სუფთად გამოიყურება, არამედ ოთახს სიმყუდროვითა და ხელსაყრელი მიკროკლიმატით ავსებს.

კიდევ ერთი დადებითი მხარეა – ბუნებრივი მასალები ლამაზად ძველდება. დაძველებასთან ერთად ხეზე, ლითონსა და კერამიკაზე ბზარები და აბრაზიები ჩნდება. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ეს მათ საერთოდ არ აფუჭებს, პირიქით, ამ გზით ბინა განსაკუთრებულად ცოცხალი და მომხიბვლელი ხდება. ამგვარ მასალებს, ათი წლის შემდეგაც კი, არ ესაჭიროებათ სრული ჩანაცვლება – აღდგენაც საკმარისი იქნება.

რჩევა 5: შეარჩიეთ გამძლე მასალისაგან დამზადებული სამუშაო მაგიდა

კარგი იქნება, თუკი ბუნებრივ ან კვარცის ქვას, მარმარილოს შეარჩევთ. დიახ, მაგიდის ამგვარ ზედაპირზე საკმაოდ შთამბეჭდავი თანხის დახარჯვა მოგიწევთ, მაგრამ საუბარი ყველაზე გამძლე მასალაზეა, რომელიც მინიმუმ ათი წლის განმავლობაში გაგიძლებთ. წლების შემდეგაც კი შეინარჩუნებენ გამძლეობას, მიმზიდველობას და თავიანთ ფუნქციონალურობას არ დაკარგავენ.

სამზარეულოს მაგიდის სხვა მასალებს რაც შეეხება, წლების განმავლობაში მკაცრ გამოყენებას ისინიც კი ვერ უძლებენ, რომლებიც მაღაზიებში მიმზიდველად გამოიყურებიან. ინტერიერის დიზაინერისა და დეკორატორის, ირინა კრაშენინინიკოვას თქმით, ისინი თავდაპირველ იერსახეს ძალზედ სწრაფად კარგავენ.

რჩევა 6: აირჩიეთ ნეიტრალური ბუნებრივი პალიტრა

პირველი, რაც ინტერიერის გამოსახულებას ქმნის, ფერია. ბოლო რამდენიმე წელია მოდა თავისუფლებისა და სიმსუბუქის წესებს ექვემდებარება, რომლებიც საცხოვრებელ ფართებზეც ვრცელდება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აზრად  მაინც ადამიანის ბუნებისადმი სიყვარულის განმტკიცების სურვილი რჩება, ვინაიდან და რადგანაც სწორედ აქედან მოდის ბუნებრივი ჩრდილების სიყვარული: ღია მწვანე, პიტნის ფერი, ღია ვარდისფერი, მდოგვისფერი, თეთრი, ღია ლურჯი, კრემისფერი. ეს ტონები ნეიტრალურია, ისინი მარტივად ერწყმიან ერთმანეთს და ავეჯისა და დეკორის არჩევაც მარტივდება, ხოლო მსუბუქი ჩრდილები სივრცეს ყოველთვის უფრო მოცულობითს ხდის, ავსებს მას ჰაერით, რაც პატარა ბინებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რჩევა 7: განიხილეთ განათების მრავალმხრივი სცენარები

განათების გაკეთებისას შეეცადეთ ინტერიერის საგნების მოწყობისა და გადაწყობის მაქსიმალურად შესაძლო ვარიანტებზე იფიქროთ. ეს განათების სცენარების ავეჯის ყველანაირ განლაგებაზე მორგებისთვისაა აუცილებელი. ჭერზე ათეულობით ნათურის დაყენების აუცილებლობასა და იგივე რაოდენობის ნათურების კედლებზე ჩამოკიდებაზე კი არ ვსაუბრობთ. უბრალოდ ზედა და საშუალო სინათლის ნეიტრალურ და ყველაზე მისაღებ ვარიანტებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამგვარი გაფორმებისას ინტერიერის მაქსიმალური ნაწილის დაკავება მოგიწევთ.

რჩევა 8: იზრუნეთ შესანახ სისტემაზე

შესანახ სისტემაზე ფიქრი ინტერიერის დაგეგმვის ეტაპზეც კი აუცილებელია. გაინტერესებთ მიზეზი?! ჩაშენებული ავეჯი სივრცეს სრულიად უადგილო ვიზუალური ხმაურისგან ათავისუფლებს. ინტერიერის საგნებისათვის ადგილის უქონლობის შემთხვევაში ისინი ბინის გარშემო ტრიალებენ, ურევენ მას, ამის შემდეგ კი ბინის ლამაზ იერსახესთან გამომშვიდობება გიწევთ. თითეულმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ საკითხს, განსაკუთრებით მცირე ბინების მფლობელებმა. სივრცე გადატვირთულად არ უნდა გამოიყურებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოდურად და ელეგანტურად ვერასოდეს ჩაითვლება. დახვეწილი შესანახი სისტემები ასევე იმითაა მოსახერხებელი, რომ სილამაზისა და წესრიგის უპრობლემოდ შენარჩუნების საშუალებას იძლევიან. ამისათვის ასევე მოხდენილფეხებიანი კომპაქტური ავეჯიც გამოსადეგია. იგი ქმნის სიმსუბუქის ეფექტს და დროისა და ძალისხმევის დაკარგვის გარეშე არეულობის აღმოფხვრის საშუალებას იძლევა.