7 გადაწყვეტილება სამზარეულოში, რომლებიც ლამაზი, მაგრამ არაპრაქტიკულია

სამზარეულო ოთახთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც პირველ რიგში კომფორტული და ფუნქციონალური უნდა იყოს, ასევე ლამაზიც. თუმცა ამას ყველა ვერ იგებს. რემონტისას არაერთი მეპატრონე ცდილობს სამზარეულოს დიზაინი ფოტოში ნანახს მიამსგავსოს, ამის გამო კი არაერთ შეცდომას უშვებს, მაგალითად სპილენძის ნიჟარებს ყიდულობს ან გამწოვს არ აყენებს. დღევანდელ სტატიაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ ვისაუბრებთ.

შეცდომა 1: გამწოვზე უარის თქმა

სამზარეულოში რემონტი, როგორც წესი, საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, ამიტომაც მეპატრონეები ცდილობენ ყველაფერში, რაც კი არასაჭირო ან არააქტუალურად ეჩვენებათ, ეკონომია გააკეთონ. ამ სიაში ხშირად გამწოვით ხვდება. მეპატრონეები თავის პოზიციას ამართლებენ იმით, რომ ისინი სახლში იშვიათად ჭამენ, ცოტას ამზადებენ, პრაქტიკულად არაფერს წვავენ, კერძების მომზადებისას უპირატესობას ღუმელს ანიჭებენ და საერთოდაც გამწოვი ზედმეტი ხარჯია. თუმცა ხვალ გემოვნება შეიძლება შეიცვალოს ან ოჯახში მატება მოხდეს, მაშინ როგორღა უნდა გაუმკლავდნენ სიტუაციას?

სინამდვილეში გამწოვი არასდროსაა ზედმეტი ან არასაჭირო. ის სამზარეულოში ჰაერს წმენდს, რითაც უსიამოვნო სუნის მთელ ბინაში გავრცელებას ხელს უშლის, ავეჯს, კედლებს, ჭერსა და სხვა ზედაპირებს კი ჩამჯდარი ცხიმის გაჩენისგან იცავს. გამწოვი განსაკუთრებით საჭიროა სტუდიოს ტიპის სახლებისათვის, სადაც სამზარეულო და მისაღები გაერთიანებულია.

შეცდომა 2: სათავსოების მცირე რაოდენობა

ნათელი ფართე სამზარეულო, ცარიელი მაგიდა, ზედა კარადების არარსებობა – ეს ყოველივე ლამაზად, მოდურად და აკურატულად გამოიყურება… ოღონდ მხოლოდ სურათებზე. ცხოვრებაში ასე არ ხდება, მით უფრო თუ პატარა ზომის ბინაში ცხოვრობთ, სადაც სამზარეულოს ფართობი 5-6კმ²-ს წარმოადგენს. ამიტომაც ჯერ კიდევ რემონტის ეტაპზე სასურველია იფიქროთ იმის შესახებ თუ სად შეინახავთ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ჭურჭელს, სარეცხ საშუალებებსა და სხვას, რაც სამზარეულოში აუცილებლად დაგჭირდებათ. უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ შუშის კარიან კარადებზე, რამოდენიმე ღია თაროსა, რომელზეც სანელებლები იქნება განთავსებული და ჭურჭლისა, მიქსერის, ყავის მადუღარასა და ბლენდერისთვის შესანახად კი კუთხის სტელაჟზე.

სამზარეულოს მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს თუ თქვენ უპირატესობას მინიმალიზმს არა მხოლოდ დიზაინში, არამედ ცხოვრებისეულადაც ანიჭებთ, არ ყიდულობთ არასაჭირო ნივთებს, რომლებიც სივრცეს ზედმეტად ტვირთავს. სხვა შემთხვევაში სათავსოების არარსებობა მხოლოდ დისკომფორტს მოგიტანთ.

შეცდომა 3: რელიეფური ავეჯის შეძენა

თუ სამზარეულოს გაფორმება თანამედროვე ან კლასიკურ სტულში გადაწყვიტეთ, რელიეფურ ავეჯს აუცილებლად შეამჩნევდით. დიახ, ეს ლამაზია, მაგრამ უკიდურესად არაპრაქტიკული. მსგავსი დეკორატიული ელემენტების მტვრისგან გაწმენდა რთულია, ხოლო თუ მათზე ცხიმის ლაქები ან თითების კვალი დარჩება, მათთან გამკლავდება ძალიან გაგიჭირდებათ. უმჯობესია შეარჩიოთ კარადების ის ვარიანტი, რომელიც ან საერთოდ არაა გაფორმებული ან მისი დეკორი მინიმალურია.

შეცდომა 4: სადღესასწაულო ჭურჭლის ღია თაროებზე განთავსება

ბოლო ხანებში შენახვის ღია სისტემა პოპულარულობას იძენს. ის ლამაზია, მინიმალურ ადგილს იკავებს, ოთახში სივრცეს ვიზუალურად არ ამცირებს და საჭირო ნივთი ყოველთვის ხელთ გაქვთ, მაგრამ სამზარეულოში შენახვის ეს მეთოდი მხოლოდ იმ ნივთებისთვისაა შესაფერისი, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ: ქილები სანელებლებით, სასურსათო კონტეინერები, საჭმლის მოსამზადებელი დევაისები, ჩვეულებრივი ჭიქები და თეფშები. დამეთანხმდებით, რომ ბევრად უფრო კომფორტულია გაიწვდინოთ ხელი და საჭირო ნივთი აიღოთ, ვიდრე რამოდენიმე წუთი დახარჯოთ იმაზე, რომ ის კარადის უჯრებში მოიძიოთ.

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ღია თაროები აბსოლუტურად არ შეეფერება სადღესასწაულო ჭურჭელს: ჭურჭლის სპეციალურ ნაკრებებს, ღვინის ჭიქებსა და ბროლის სასალათეებს. შენახვის ღია ტიპის გამო მათზე დიდი რაოდენობით მტვერი დაგროვდება, ეს კი ვიზუალურად ლამაზი ნამდვილად აღარ იქნება, სადღესასწაულო ჭურჭელი პრეზენტაბელურობას დაკარგვას. პლიუს ამას თქვენ მათი რეგულარულად გარეცხვა მოგიწევთ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს პროცესი არც ისე მარტივია – ღვინის ჭიქების გარეცხვა და მათი ისე გაწმენდა, რომ წყლის წვეთებისგან ლაქები არ დარჩეს.

რჩევა: თუ თქვენ ამაყობთ საკუთარი სადღესასწაულო ჭურჭლით და გსურთ, რომ ის სტუმრებმა აუცილებლად იხილონ, ამისათვის შეგიძლიათ გამჭვირვალე ვიტრინა ან შუშის კარიანი კარადა გამოიყენოთ. ასე თქვენ ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერთ: ჭურჭელს მტვრისგან დაიცავთ და მეგობრებსაც აჩვენებთ.

შეცდომა 5: დიდი რაოდენობით რეილინგების დაყენება

რეილინგი დიდი პოპულარულობით სარგებლობს, როგორც პროფესიონალურ სამზარეულოებში, ასევე დიასახლისთა შორის. მასზე ასეთი მოთხოვნა მისი მრავალფუნციონალურობითაა გამოწვეული: მასზე შეგიძლიათ აბსოლუტურად განსხვავებული ნივთები განათავსოთ, დაწყებული სამზარეულოს სტანდარტული საჭიროებებით დამთავრებული კულინარიული წიგნით, სამზარეულოს სხვადასხვა ხელსაწყოთი და ღვინის ჭიქებით. თუ თქვენ ყველაზე ჩვეულებრივ რეილინგს კაუჭებით შეიძენთ, ერთდოულად რამოდენიმე პრობლემას გადაწყვეტთ: სამზარეულოს კარადებში ადგილს გამოათავისუფლებთ, მუდმივად ახლოს იქონიებთ დევაისებს, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ და გაალამაზებთ ინტერიერს(თუ შეარჩევთ ისეთ რეილინგს, რომელიც თქვენი სამზარეულოს დიზაინს მოუხდება).

თუმცა აქაც თავისი ნიაუნსებია. რეილინგი – არაჩვეულებრივი ნივთია იმ შემთხვევაში თუ ის ზედმეტად დიდი რაოდენობით არაა. თუ აღნიშნული მომენტი ყურადღებიდან გამოგეპარებათ, სამზარეულოს ვიზუალური ხმაურის ეფექტს შესძენთ და სივრცე არაკომფორტული გახდება. ამიტომაც კარგად დააკვირდით თუ რაოდენ ჯდება რეილინგი კონკრეტულად თქვენი სამზარეულოს დიზაინში. თუ თქვენი მზერა ხელსაწყოთა გადამეტებულ მოზღვავებას შეამჩნევს, მათი ნაწილი კარადებში დააბრუნეთ, ხოლო ზედმეტი რეილინგები კი მოხსენით.

შეცდომა 6: კერამიკული ნიჟარის დაყენება

სამზარეულოსთვის ყველაზე აქტუალურ და პრაქტიკულ ვარიანტად უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ნიჟარა ითვლება. თუმცა ზოგი დიასახლისი, მას მერე, რაც ინტერნეტ სივრცეში მოდური დიზაინის სამზარეულოებს წააწყდება, უპირატესობას კერამიკულ მოდელს ანიჭებს. უდავოა, ვიზუალურად მსგავსი ნიჟარა ნამდვილად ლამაზია, თუმცა მას მთელი რიგი მინუსები გააჩნია. კერამიკულ ნიჟარაზე უმცირესი ლაქაც კი მკვეთრად ჩანს და პლიუს ამას არც სიმყარით გამოირჩევა: თუ ნიჟარაში რაიმე მძიმე ნივთი ჩაგივარდებათ, მასზე ნაპრალი გაჩნდება. რასაკვირველია, შეძლებთ ახლით ჩანაცვლებას, თუმცა ეს საკმაო ხარჯებთანაა კავშირში. მაღალი ფასი – კერამიკული ნიჟარების კიდევ ერთი მინუსია.

შეცდომა 7: სპილენძის სანტექნიკის არჩევა

სპილენძის სანტექნიკა საკმაოდ მოდურად და თანამედროვედ გამოიყურება, სამზარეულოს დიზაინში გამოკვეთილ აქცენტს სვამს, თუმცა ამასთანავე ის მალევე ბინძურდება, ხოლო მის წესრიგში მოყვანას კი საკმაო დრო და ძალისხმევა სჭირდება. მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ სპილენძის სანტექნიკა საკმაოდ მგრძნობიარეა: მის გასაწმენდად არ შეიძლება მჟავას გამოყენება, მაგალითად ლიმონმჟავა, აბრაზიული ნაწილაკები, რადგანაც მათ შეუძლიათ ზედაპირი დააზიანონ. ჭურჭლის რეცხვის შემდეგ დარჩენილი წყლის წვეთებიც კი შესაძლოა სპილენძის ნიჟარაზე ულამაზო მუქი ლაქების მიზეზი გახდეს. როგორც ხედავთ სილამაზე პრაქტიკულობის სინონიმი არაა.