6 ხერხი თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ სამზარეულოში უსიამოვნო სუნს თუ გამწოვი არ გაქვთ

სამზარეულოში საჭმლის სუნი კერძის მომზადების დასრულებისთანავე როდი ქრება, პირიქით ის ხშირად მთელ სახლში ვრცელდება და ავეჯსა და ქსოვილებში შეიწოვება. თუ სამზარეულოში გამწოვი გაქვთ, პრობლემა გადაჭრილია, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში როცა ის არაა? დღევანდელ სტატიაში რამოდენიმე ეფექტური მეთოდის შესახებ გაგიზიარებთ, რომლებიც ძლიერ სუნებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
ხერხი 1: გაანიავეთ ოთახი

პირველ რიგში საჭიროა საძინებლისა და კარადების კარები დაკეტოთ, რადგანაც ქსოვილები სუნს ყველაზე მეტად იწოვს, მათი, მყარი ზედაპირებისგან განსხვავებით, გაწმენდა არც თუ ისე მარტივია. არ გსურთ ხომ ისეთ საწოლზე დაძინება, რომელსაც კოტლეტის სუნი ასდის? შემდეგ საჭიროა კერძის მომზადების დაწყებამდე ფანჯრები გააღოთ, რათა საჭმლის სუნი ოთახში კი არ დადგეს, არამედ განიავდეს. თუ ამინდი ცხელი და უქაროა, სუნებთან გამკლავების პროცესი გაიწელება. მაგრამ თუ თქვენ ვენტილიატორის იღბლიანი მფლობელი ხართ, საქმე გაცილებით სწრაფად წარიმართება. დადგით ის სამზარეულოში და ფანჯრის მხარეს მიმართეთ. 10-15წუთში თქვენ აღარც კი გაგახსენდებათ, რომ ცოტახნის წინ ოთახი კოტლეტის სუნით იყო გაჟღენთილი.

ხერხი 2: დროულად დაალაგეთ

უსიამოვნო სუნის მთავარი წყარო ის ჭურჭელია, რომელშიც საჭმელს ამზადებდით, ამიტომაც გირჩევდით ისინი ვახშმის დამთავრებისთანავე დარეცხოთ და ხვალისთვის არ გადადოთ. ეს განსაკუთრებით ცხიმისა და ზეთის ნარჩენებით დაბინძურებულ ტაფებს ეხება, თუმცა არც ქვაბებისა და თეფშების დავიწყება ღირს, რადგანაც მათზე მორჩენილი საჭმლის ნარჩენები ასევე შესაძლოა უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი გახდეს. ვინაიდან სამზარეულოში გამწოვი არ გაქვთ, მოგიწევთ ის მუდმივად იდეალურ სისუფთავეში იქონიოთ. თუ სადილზე ყველაფერი არ მიირთვით, ვახშმამდე მაგიდაზე ნუ დატოვებთ. უმჯობესია კერძი კარგად დახურულ კონტეინერებში შეინახოთ და მაცივარში მოათავსოთ.

სხვათაშორის, ცხიმის ლაქები ტაფასა და მაგიდაზე, საჭმლის ნარჩენები სანაგვე ურნაში, საჭმლის მონარჩენი რესტორანში, ასევე იწვევს უსიამოვნო სუნის გაჩენას. ყველაფერი დროულად უნდა დაალაგოთ, ხოლო სანაგვე ურნას კი ნაგვის ყველა გადაყრის შემდეგ დეზინფექცია ჩაუტაროთ.
მართალია ჭურჭლის სარეცხი მანქანა ვიზუალურად სუფთად გამოიყურება, მაგრამ ის პერიოდულად მაინც საჭიროებს მილების ნარჩენებისაგან გაწმენდას, რადგანაც უსიამოვნო სუნის წყაროდ არ იქცეს. ამ საქმეში სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმიკატები დაგეხმარებათ, რომელიც სანტექნიკისა და კანალიზაციის სისტემების გასასუფთავებლად გამოიყენება. უსიამოვნო სუნს კი ჩვეულებრივი სოდა გაუმკლავდება: ჩაყარე ის ნიჟარის წყლის ჩასასვლელში, შემდეგ კი ცხელი წყლით ჩარეცხეთ.

ხერხი 3: მოახდინეთ უსიამოვნო სუნის ნეიტრალიზება

რას ფიქრობთ იმის შესახებ, რომ უსიამოვნო სუნი სასიამოვნო არომატით ჩაანაცვლოთ? მაგალითად, შეგიძლიათ გაზქურაზე წყლით სავსე ქვაბი მოათავსოთ და თქვენი საყვარელი არომატის მქონე იგრედიენტები დაუმატოთ, მაგალითად, როგორიცაა ლიმონის ცედრა, დარიჩინის ჩხირები, ფორთოხლისა და მანდარინის ქერქი ან სანელებლები. ნარევი დუღილამდე მიიყვანეთ და ნელ ცეცხლზე 30-60წუთით დატოვეთ. ამ დროში სამზარეულო სასიამოვნო სურნელით აივსება. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ ქვაბს ყურადღება მიაქციოთ, რათა ნარევი არ ამოშრეს და მიეწვას.
ყავის მოყვარულებს კი შეუძლიათ სამზარეულოს კარი დაკეტონ და საყვარელი სასმელი ისე მოამზადონ. მას მეტად ინტესიური არომატი აქვს, რომელიც მთელ სამზარეულოს აავსებს. ისეთი შეგრძნება შეგექმნებათ თითქოს ბარისტად მუშაობდეთ. თუ ყავა არ გიყვართ, დასახმარებლად ეთერზეთებს მიმართეთ. ნებისმიერი გამოდგება, თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ: ლავანდა, დარიჩინი, ჟასმინი, ფორთოხალი და ა.შ. არ მოგეპოვებათ სპეციალური არომატული ნათურები? დააპკურეთ გახურებულ რადიატორზე, არანაკლებ ძლიერ იმოქმედებს.

კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს, რომელიც აბსოლუტურად ყველა სუნს გაუმკლავდება. ამაში ჩვეულებრივი ძმარი დაგეხმარებათ. გაზქურაზე ქვაბი დაადგით, ცოტაოდენი წყალი ჩაასხით და 3-5ჩ.კ. ძმარი ჩაუმატეთ და დუღილამდე მიიყვანეთ. მართალია, სამზარეულოში თავიდან სპეციფიკური სუნი დადგება, თუმცა შემდეგ ის გაქრება და თან სხვა ყველა უსიამოვნო სუნსაც გაიყოლებს.

ხერხი 4: მინი ბაღი შექმენით

თუ წინა პუნქტებში წარმოდგენილი მიდგომები უფრო “ექსპრეს ვარიანტებია”, ახლა დროა უფრო გრძელვადიანი მეთოდი შემოგთავაზოთ. ვინაიდან ფანჯრის გამოღება ყოველთვის საკმარისი არაა, თქვენ ოთახის მცენარეები დაგეხმარებათ. მათ აქვთ ჰაერის გაწმენდის ბუნებრივი უნარი, ამიტომაც ისინი გამწოვის არარსებობის შემთხვევაში კარგი დამხმარე გახდება. მინი ბაღის ფუნქციონალურობის გასაუმჯობესებლად, გაზარდეთ ისეთი მცენარეები, რომლებსაც საჭმლის მომზადების დროსაც გამოიყენებთ ხოლმე, მაგალითად: რეჰანი, ორეგანო და როზმარინი. მათ შესანიშნავი არომატი აქვთ, რომელიც მთელ სამზარეულოს მოედება და ამასთანავე თქვენს მომზადებულ კერძებს არაჩვეულებრივ გახდის.

ხერხი 5: გამოიყენეთ სურნელოვანი სანთლები

კერძის მომზადების დასრულებისას, სამზარეულოში რამოდენიმე სურნელოვანი სანთელი აანთეთ. თუ მსგავსი არ მოგეპოვებათ, ჩაიწერეთ – ისინი არა მხოლოდ უსიამოვნო სუნის განეიტრალებაში დაგეხმარებათ, არამედ სასიამოვნო ატმოსფეროსაც შექმნის, რომელიც მოდუნებაში დაგეხმარებათ. სწორედ ისაა, რაც საჭმლის მომზადების მერე გჭირდებათ. ყველაზე ინტენსიურია წიწვოვანი და ციტრუსოვანი ხილის არომატი, მაგრამ მათ გარდა, მაღაზიაში ნებისმიერი გემოვნების შესაფერის არაერთ ვარიანტს იხილავთ.

ხერხი 6: საყოფაცხოვრებო ტექნიკა რეგულარულად გაწმინდეთ

გაითვალისწინეთ, რომ უსიამოვნო სუნის წყარო მხოლოდ ჭურჭელი, ნაგვის ყუთი ან ნიჟარაში ჩატოვებული ნარჩენები არაა. სუნის გამომწვევი შესაძლოა საყოფაცხოვრებო ტექნიკაც გახდეს. თუ თქვენ სამზარეულოში გამწოვი არ გაქვთ, სუნი, რომელიც განიავებისას არ გაიფანტა, მაცივარზე, ყავის მადუღარაზე, მიკროტალღურ ღუმელსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე რჩება. მერე რომ არ გაგიკვირდეთ თუ რატომაა სამზარეულოში მაინც საჭმლის სუნი, არ დაგავიწყდეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის დროულად გაწმენდა.

დიასახლებს, რომლებსაც სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაქვთ, გახსოვდეთ, რომ ფილტრები დროულად უნდა გამოცვალოთ, რადგანაც სხვა შემთხვევაში ის უსიამოვნო სუნის წყარო აგხდება. რაც შეეხება მიკროტალღურ ღუმელსა და ღუმელს, ისინი ცხიმიანი ლაქების გაჩენისთანავე უნდა გაიწმინდოს. ნუ დაივიწყებთ საჭმლის ნარჩენების დროულად მოშორებას, რადგანაც სხვა შემთხვევაში მათზე ბაქტერიები დასახლდებიან და სახლშიც უსიამოვნო სუნი გაჩნდება.

ყველაზე მეტი ყურადღება მაცივარს უნდა მიაქციოთ, რადგანაც ის ყველაზე ხშირად ხდება უსიამოვნო სუნის წყარო. საქმე იმაშია, რომ ჩვენ საჭმელს ყოველთვის როდი ვინახავთ ყველა კერძს ჰერმეტიულ კონტეინერებსა და ვერც ბოსტნეულის სიჯანსაღეს ვაკონტროლებთ. სწორედ ეს იწვევს იმ უსიამოვნო სუნს, რომელიც მაცივრის გაღებისას იგრძნობა. ამიტომაც, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, გაფუჭებული საჭმელი დროულად გადაყაროთ. მეორე ხერხი კი, რაც სუნთან გამკლავებაში დაგეხმარებათ არის ის, რომ მაცივრის ერთ-ერთ თაროზე სოდით სავსე ჯამი დადოთ. და ბოლოს კიდევ ერთი და მთავარი პუნქტი არის ის, რომ არ დაგავიწყდეთ მაცივრის რეგულარულად გარეცხვა.