
ბზინვარე სამზარეულო სუფთა იატაკით, კედლებითა და მაგიდით ნებისმიერი დიასახლისის ოცნებაა, თუმცა ამ ყოველივესთვის საჭიროა ყოველდღიური შრომა. თუ თავისუფალი დროის სიმწირეს განიცდით, გამოსავალი მარტივია: მიმართეთ ისეთ დიზაინს, რომელიც იოლი მოსავლელია და ამასთანავე თუნდაც უცებ დალაგება ვერ მოასწროთ, თავისივე ნაკლოვანებებს წარმატებულად შენიღბავს. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რამოდენიმე ხრიკს, რომელიც ამ ამბავში დაგეხმარებათ.
1. სწორად შერჩეული მაგიდა
სამუშაო მაგიდა სამზარეულოს დიდ ნაწილს იკავებს, ამიტომაც მისი ფერი მთელ სივრცეზე გავლენას ახდენს. ერთგვაროვანი ფერის მაგიდას ყველაფერი ეტყობა, დაწყებული მომზადებული კერძის ლაქებითა და ნამცეცებით, დამთავრებული სხვადასხვა სამზარეულოს ხელსაწყოს კვალით. შეარჩიეთ მაგიდა უსწორმასწორო ხაზებისგან შემდგარი ნახატით, აბსტრაქციებითა და მცირე ზომის ყვავილების პრინტით. არაერთგვაროვანი ზედაპირის წყალობით მაგიდას არ დაეტყობა მტვერი, ნაკაწრები, მიმხმარი ლაქები. თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველა მასალა თავისებურ მოვლას საჭიროებს და დაზიანებისგან დაცული არაა. მაგალითად, აკრილის ზედაპირი მაღალ ტემპერატურას ცუდად იტანს, ნატურალურ ქვებს კი ნაპრალები უჩნდება. სხვადასხვა მასალების შეწებებით მიღებულ მაგიდას ფოროვანი სტრუქტურა აქვს, ხის მასალა კი კარგ მოვლას საჭიროებს.
2. პრიალას ნაცვლად მქრალი ზედაპირი
მეტად მიმზიდველად გამოიყურება სარკის, ბზინვარე და შუშის ფასადები, მაგიდები თუ სხვა ზედაპირები, თუმცა მათზე მცირეოდენი დაბინძურებაც კი მკვეთრად ჩანს, ამიტომაც უმჯობესია უპირატესობა მქრალ ზედაპირს მიანიჭოთ. ასეთ ზედაპირს არ ეტყობა თითების კვალი, ასევე შეგიძლიათ არ იდარდოთ, რომ მათზე ნადები თუ ნალექი ყურადღებას მიიქცევს. მქრალი ზედაპირის მქონე მაგიდა ყველა ამინდში კარგად გამოიყურება.
3. კონტრასტული ფილების შეერთების ადგილი
სამზარეულოს ვიზუალს მალევე აფუჭებს ფილების შეერთების ადგილას გაჩენილი ჭუჭყი. გარდა ამისა სწორედ ამ ადგილებში გროვდება უამრავი ბაქტერია და სოკოც კი. რაოდენ ხშირადაც არ უნდა წმინდოთ, ისინი მაინც მალევე ჭუჭყიანდება, ამიტომაც გირჩევთ კონტრასტის მეთოდს მიმართოთ და ეს ადგილები მაქსიმალურად მუქი გააკეთოთ. თუ ფილები ღია ფერისაა, ხოლო მათი შეერთების ადგილი მუქი, ეს ერთგვარი დეკორის ელემენტიც კი გახდება.
4. მოხატული ფილები
აქ იგივე პრინციპია, რაც მაგიდის შემთხვევაში იყო. ერთგვაროვან ფილებს ყველა ჭუჭყი მარტივად ეტყობა, განსაკუთრებით ნიჟარისა და გაზქურის სიახლოვეს. რათა სახლში სისუფთავის შენარჩუნება გამარტივდეს, შეარჩიეთ მოხატული ფილები: მსხვილი და კონტრასტული ან წვრილი და არამკვეთრი. საუკეთესო ვარიანტია კერამიკული ფილა, რომელშიც ერთმანეთს ღია და პასტელური ფერები ერწყმის. კარგად გამოიყურება მქრალი ზედაპირის მქონე ფილებიც.
5. გაზქურის სისუფთავე
თუ არ გაქვთ დრო და ძალა მთელი სამზარეულო დაალაგოთ, გაზქურას მაინც მიხედეთ. სწორედ გაზქურა ბინძურდება ყველაზე მეტად და შესაბამისად სამზარეულოს ვიზუალზეც გავლენას ახდენს. იმისათვის, რომ გაზქურა ყოველთვის სუფთა იყოს, ის ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ, ნუ დაელოდებით, სანამ ლაქები გამაგრდება.
6. დახურული ტიპის სათავსოები
სამზარეულოში, რაც უფრო ნაკლებია ღია სათავსოები, მით ნაკლები ადგილი რჩება მტვრისათვის. შეეცადეთ მაქსიმალურად დახურული ტიპის გარნიტურა შეარჩიოთ და მაგიდაზე ნაკლები ნივთები დატოვოთ. მრავალიარუსიანი კარადები, ორგანაიზერები, სექციებად დაყოფილი ყუთები დაგეხმარებათ სივრცე ისე გადაანაწილოთ, რომ სამზარეულოს მთელი აღჭურვილობა საიმედოდ და თქვენთვის მოსახერხებლად შეინახოთ.