
იმისათვის, რომ სამზარეულოში სამუშაო მაგიდასთან არსებული კედელი ნაკლებ დაბინძურდეს, ხშირად მას კერამიკული ფილებით ფარავენ. ფილა მარტივი გასაკეთებელია, დიდხანს ძლებს და მოსავლელადაც მარტივია: არ ფუჭდება ტენისგან, მარტივად იწმინდება და არ ზიანდება ტემპერატურის ცვლილებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის ზემოქმედებით. თუმცა დროთა განმავლობაში ყველა მასალა ცვეთას განიცდის, მაგრამ ის, რომ ფილა ნაკლებ მიმზიდველად გამოიყურება, არ ნიშნავს იმას, რომ მისი შეცვლის დროა. თავდაპირველად სცადეთ 9 ხრიკი, რომლებსაც დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ.
1. განააახლეთ შეერთების ადგილები
თუ ზედაპირმა მიმზიდველობა დაკარგა, მაგრამ ფილები ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია, განაახლეთ შეერთების ადგილები. ამისათვის შეერთების ადგილი სპეციალური დანით ამოფხიკეთ და კარგად გაწმინდეთ. დაელოდეთ სრულად გაშრეს, შემდეგ კი შეერთების ადგილები თავიდან ამოავსეთ. უმჯობესია მასალა ფილების ტონალობის იყოს, თუმცა სურვილის შემთხვევაშიც, ექსპერიმენტებიც არ იქნება ურიგო. აუცილებლად გააპრიალეთ, რათა ისინი აკურატულად გამოიყურებოდეს. იმოქმედეთ ნელა და ყურადღებით, რათა ფილები არ დააზიანოთ. თუ ფილა დაგესვრებათ, უმალვე გაწმინდეთ.
2. შეღებეთ
უფრო რადიკალური ცვლილებები გსურთ? შეღებეთ ფილა, განაახლეთ ფერთა გამა. ნუ იდარდებთ, რომ საღებავი ფილაზე ცუდად დაჯდება ან აქა-იქ ლანდავდეს იქნება, შეგიძლიათ ასეც დატოვოთ და ამ ყოველივესგან ახლებური დიზაინი შექმნათ. მეორე ვარიანტია ისიც, რომ ფილებს შორის შეერთების ადგილები ისე ამოავსოთ, რომ ერთგვაროვანი სწორი ზედაპირი მიიღოთ და უკვე ის შეღებოთ. ფილაზე კარგად დაჯდება ეპოქსიდური, ზეთოვანი, ალკიდის, ლატექსის მინანქარისა და სპეციალური კერამიკული ფილებისათვის განკუთვნილი საღებავი.
3. ხელით მოხატეთ
ორიგინალური გადაწყვეტილება, რომელიც განსაკუთრებულ უნარებს სავსებით არ მოითხოვს. მოიფიქრეთ საერთო კონცეფცია, მოიძიეთ შესაფერისი ნახატი და დაბეჭდეთ. მოიმარჯვეთ რბილი ფანქარი და ფურცლის მეორე მხარე კარგად დაშტრიხეთ. მიადეთ ფურცელი ფილას და კონტურზე კალამი გადაუსვით. ამგვარად ფილაზე ნახატის ძირითადი ხაზები დარჩება, თქვენ კი მხოლოდ ისღა მოგიწევთ, რომ კონტური ფერებით ამოავსოთ. უფრო მარტივი ვარიანტია იყიდოთ ტრაფარეტი ან სპეციალური მისაკრავები გამოიყენოთ.
4. გახადეთ ფილა მოცულობითი
ეს ხრიკი გამოადგება იმათ, ვისაც ხელოვნებისადმი მიდრეკილება აქვს, რადგანაც მეთოდი არც თუ ისე მარტივია. პირველ რიგში კარგად გარეცხეთ და ცხიმისაგან გაწმინდეთ ფილები, შემდეგ კი ზედაპირს გრუნტი გადაუსვით და ტრაფარეტები წებოვანი ლენტით მიამაგრეთ. გამოიყენეთ ფითხი, წაუსვით აკრილის პასტის სქელი ფენა, შექმენით მოცულობითი დეკორი. დაელოდეთ, სანამ ზედაპირი ბოლომდე არ გაშრება, შემდეგ კი რამოდენიმე ფენა დაამატეთ. შემდგომ შეღებეთ ფილა, ბოლოს კი ლაქით ან ცვილით დაფარეთ.
5. გამოიყენეთ წებოვანი ფირი
წებოვანი ფირი ბიუჯეტური ვარიანტია. შეგიძლიათ ნებისმიერი ფერისა და ფაქტურის მასალა შეარჩიოთ, მათ შორის 3D ეფექტით, რომელიც აგურის კედელს ან ხის ზედაპირს იმიტირებს. წებოვან ფირს არაერთი უპირატესობა აქვს: უძლებს ტენს, ორთქლს, ტემპერატურულ ცვლილებებსა და სხვადასხვა საწმენდ საშუალებებს. ფირი მარტივად ეწებება და დიზაინს მომენტალურად ანახლებს. მთავარია დარწმუნდეთ, რომ მასალა სწორედ ამ ზონისთვისაა განკუთვნილი და შესაბამისი მახასიათებლების მქონეა. დაწებებამდე საჭიროა ფილები კარგად გარეცხოთ და ცხიმისაგან გაწმინდოთ. მუშაობის პროცესში გამოიყენეთ რეზინის ფირთხი, რათა წებოვანი ფირიდან ჰაერი გამოდევნოთ. ამ ტიპის ინსტრუმენტი დაგეხმარებათ დაიცვათ ფირი დაზიანებისაგან. თუ ჰაერის ბუშტუკები მაინც წარმოიშვა, ნემსით ჩაჩხვლიტეთ და გაასწორეთ ფირი.
6. გამოიყენეთ დეკუპაჟი
კიდევ ერთი მარტივი ვარიანტი ხელოვნებისა და ჩხირკედელაობის მოყვარულთათვის. მოიმარჯვეთ ნახატი (დაბეჭდილი გამოსახულება, სქელი ხელსახოცი) და თბილ წყალში ჩაალბეთ. სპეციალური წებოს გამოყენებით ქაღალდი ფილას მიაკარით და ზემოდან იგივე წებოთივე დაფარეთ. დაელოდეთ, სანამ მასალა გაშრება და ლაქი გადაუსვით.
7. მოაპირკეთეთ
თუ გსურთ სამზარეულოს სიმკაცრე და ლაკონურობა შეჰმატოთ, ფილები მოსაპირკეთებელი მასალით ჩაანაცვლეთ, მაგალითად, გამოიყენეთ ორგალიტი ან ხის ბოჭკოვანი ფირფიტა. მეტალი კარგად მოუხდება უჟანგავ ნიჟარას, ხოლო ხის ბოჭკოვანი ფირფიტა კი ხის ტექსტურას.
8. დააყენეთ სკინალი
სკინალი ეს დეკორატიული შუშის პანელია ფოტო გამოსახულებით. მისი მონტაჟი საკმაოდ მარტივია და თან ამასთანავე ძველი ფილების მოხსნაც არაა საჭირო. სკინალი შესაძლოა ერთ ტონალობაში იყოს, ასევე რაიმე ნახატით ან უბრალოდ გამჭვირვალე. ბოლო ვარიანტი კარგი იდეაა თუ ფილები ჯერ კიდევ ვიზუალურად ვარგისს მდგომარეობაშია. სკინალის უპირატესობა ისაა, რომ მისი მოვლა მარტივია და ის ასევე შეგიძლიათ გაზქურასთანაც განათავსოთ. მინუსად კი ალბათ ის უნდა განიხილოთ, რომ დაყენების შემდეგ დენცქვიტას ვერ დაამატებთ, რადგანაც ამ მასალის ამოჭრა არ შეიძლება.
9. ფილები ნაწილობრივ შეცვალეთ
თუ ფილა საერთო ჯამში ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ ზოგიერთ ადგილას დაზიანებულია, მხოლოდ დეფექტური ფილები ჩაანაცვლოთ. შეგიძლიათ მსგავსივე მოიძიოთ ან კონტრასტული ფილა გამოიყენოთ და ერთგვარი დეკორი შექმნათ.