
სახლის შერჩევისას ფანჯრიდან ხედი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ყველას როდი სურს ყოველდღიურად სიცარიელეს, ბეტონის ღობესა და ძველ მაღალსართულიან კორპუსს უყუროს. თუმცა ამ პრობლემასთან გამკლავება შიგნიდანაც შეგიძლიათ თუ ცოტაოდენ ფანტაზიასა და მოხერხებულობას გამოიჩენთ.
რჩევა 1: გადაიტანეთ ყურადღება
ფანჯარა შეგიძლიათ ოთახის მთავარ აქცენტად აქციოთ თუ მას სტანდარტული თეთრი ფერიდან ხასხასა, კაშკაშა ფერში გადაღებავთ, მაგალითად ყვითელი, ცისფერი ან მწვანე. ამ შემთხვევაში მთელ ყურადღებას დეკორი მიიქცევს, ფანჯრიდან ხედი კი მეორეხარისხოვანი გახდება. ჩანაფიქრის განსახორციელებლად დაგჭირდებათ საღებავი, ლილვაკი, სამშენებლო წებოვანი ლენტი და მცირეოდენი თავისუფალი დრო.
ყურადღება მიაქციეთ: პლასტმასის ფანჯრები, რომლებსაც თანამედროვე მწარმოებლები გვთავაზობენ, სახლის პირობებში არ იღებება. ამიტომაც მოგიწევთ პროფესიონალებს მიმართოთ ან საერთოდ უმჯობესია თავიდანვე ფერადი ვარიანტი შეუკვეთოთ.
გარდა ამისა ფანჯრის წინ შეგიძლიათ რაიმე გამოკვეთილი ნივთი განათავსოთ. რას იტყვით ელექტრობუხარის შესახებ? ამ შემთხვევაში მთელ ჩვენს ყურადღებას ცეცხლი მიიპყრობს და ფანჯრებს მიღმა არსებული პეიზაჟით ნაკლებად დავინტერესდებით.
რჩევა 2: შენიღბეთ შუშა
ფანჯრის გაფორმება და ულამაზო ხედის ჰარმონიულად დამალვა სხვადასხვა ფერის ვიტრაჟის გამოყენებით შეგიძლიათ, რომელიც ტყვიის ნაწილებისგან იკვრება. თქვენ შეგიძლიათ, ვიტრაჟი, როგორც შუშის მეორე ფენა გააკეთოთ, ან კიდევ სპეციალური ფანჯარაზე მისაკრავი შეიძინოთ. მეორე ვარიანტის დიდი უპირატესობა ისაა, რომ ის მარტივად იხსნება და თუ მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ შეცვალოთ ხოლმე.
ვიტრაჟის ნაცვლად შეგიძლიათ სხვა ალტერნატივაც გამოიყენოთ, კერძოდ კი ფარდები სხვადასხვა პრინტით. გადაუღეთ თქვენთვის სასურველ ადგილს ფოტო და დატკბით.
რჩევა 3: ჩამოკიდეთ თაროები
ამ მრავალფუნქციონალურ გადაწყვეტილებას ერთდროულად რამოდენიმე პლიუსი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ამ ხერხით თქვენ შეძლებთ ხედის გაუმჯობესებას, გარდა ამისა თაროები იმ ადგილს დაიკავებს, რომელიც ჩვეულებრივ იკარგება ხოლმე და ამასთანავე მცირე ზომის ოთახებში დამატებითი სათავსო გაჩნდება. უმჯობესია მოსახსნელი თაროები გააკეთოთ, რათა ფანჯრის წმენდაში ხელი არ შეგეშალოთ. სასურველია კლასიკური ხის ვარიანტების ნაცვლად, შუშისგან დამზადებული ვარიანტი გამოიყენოთ, რომელიც სივრცეში თითქოს შთაინთქმება. განათავსეთ მასზე იგივე მასალის ნივთები და ოთახს ულამაზესი დეკორი შეჰმატეთ.
თუ ქანდაკებებს აგროვებთ, გიყვართ ლამაზი ჭურჭელი ან ხელნაკეთ ნივთებს ამზადებთ, შეგიძლიათ ისინიც თაროებზე განათავსოთ. დაასრულეთ კომპოზიცია გამჭვირვალე შუშის ან პლასტმასის ჭურჭლით, რომელიც მზიან დღეებში სხივებს სასიამოვნოდ აირეკლავს. ხოლო იმისათვის, რომ ფანჯარა ვიზუალურად გადატვირთული არ გახდეს, ნუ განათავსებთ სხვადასხვა ფერის ნივთებს. უმჯობესია კომპოზიცია ერთი საერთო ფერით ააწყოთ, მაგალითად ქათქათა ლარნაკებით, წიგნებითა და სანთლების გამოყენებით.
რჩევა 4: გამოიყენეთ ფარდა ჟალუზი
აქ შეგიძლიათ რამოდენიმე ვარიანტი გამოიყენოთ, როგორც ჩვეულებრივი მეტალის ჟალუზი, ასევე სპეციალური ქაღალდის ფარდა ჟალუზი. ეს კარგი გადაწყვეტილებაა, როგორც იმათთვის, ვისაც ფანჯრიდან ხედი არ მოსწონს, ასევე მათთვის, ვინც პირველ სართულზე ცხოვრობს.
რჩევა 5: დაიხმარეთ ოთახის მცენარეები
დღესდღეობით არაერთ რჩევას წააწყდებით იმის შესახებ თუ როგორ უნდა განათავსოთ ოთახის მცენარეები თაროებზე, კომოდებსა და ვიტრაჟებზე, რათა ფანჯრის რაფა უფრო სასარგებლოდ იქნას გამოყენებული, თუმცა თუ ცუდი ხედის პრობლემა გაწუხებთ, ოთახის მცენარეების განთავსება ყველაზე სწორი სწორედ რომ რაფაზე იქნება.
კიდევ ერთი კარგი ვარიანტია რაფაზე ყვავილების განთავსება. ეს მიდგომა აქტუალურია იმ შემთხვევაში თუ ფანრრის რაფას სხვა მიზნებითაც იყენებთ და მასზე არც ისე დიდი ადგილია თავისუფალი. გაახარეთ ყვავილები ქოთანში, შექმენით კონტეინერული კომპოზიციები. ზაფხულობით ქოთნის ყვავილები შეგიძლიათ გარეთაც გადგათ და ერთგვარი ბაღის ილუზია შექმნათ.
რჩევა 6: ფანჯრის წინ სივრცეში რაიმე მასიური განათავსეთ
ერთის მხრივ ფანჯრის წინ შეგიძლია განათავსოთ როიალი, წიგნების ვიტრაჟი, სავარძელი, რომლის გვერდითაც ჟურნალის მაგიდა იქნება, მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ ნებისმიერი მასიური ნივთი გამოიყენოთ, რომელიც თქვენს ყურადღებას თავისკენ მიმართავს.
რჩევა 7: ეფექტურად დაფარეთ ფანჯრები
არ ვსაუბრობთ მჭიდრო ფარდებზე, რომელიც ნებისმიერ ოთახს ისე აბნელებს, რომ საკუჭნაოდ აქცევს, არამედ საუბარია ნახევრად გამჭვირვალე ვარიანტებზე, მაგალითად ჟალუზი, დეკორატიული მოჩუქურთმებული ეკრანები ან სანახეობრივი დარაბები. ისინი სივრცეში საკმარისი რაოდენობით შუქს უშვებენ, თუმცა ამასთანავე ესთეტიურ ფუნქციასაც ითავსებენ.
რჩევა 8: შექმენით ალტერნატივა
თუ პეიზაჟი თვალს არ ახარებს, თავად ბინა გარდაქმენით. შექმენით ოთახში ფოტო შპალერის გამოყენებით კედელი, რომელიც ყურადღების ცენტრად იქცევა. საუბარია თანამედროვე ვარიანტებზე, რომელიც ხარისხითა და შესრულებითაც თვალს გაახარებს.
რჩევა 9: გააკეთეთ გადაადგილება
ის თუ რაოდენ ხშირად ვიყურებით ფანჯარაში, არა მხოლოდ ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული, არამედ იმაზეც თუ როგორი განლაგება აქვს ავეჯს. დიახ, თუ მას სწორად განათავსებთ, ფანჯარა შეიძლება თვალთახედვის არიდან საერთოდ გაქრეს. მაგალითად, დადგით დივანი, საწოლი ან სავარძელი ზურგით ფანჯრის რაფისაკენ, ამ შემთხვევაში თქვენი მზერა ფანჯრიდან ოთახისაკენ გადაინაცვლებს. კიდევ ერთი კარგი ვარიანტია თუ ამ ხერხის გამოყენების დროსაც ფოტო შპალერს მიმართავთ, რათა კედელი, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, სასიამოვნო საყურებელი გახდეს.
ნუ შეგაშინებთ ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტების შეერთება, განათავსეთ ავეჯი ზურგით, ფანჯრის რაფაზე კი ყვავილები დადგით, დაკიდეთ ჟალუზი, მოკლედ მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას და შედეგად აუცილებლად იპოვით იმ ვარიაციას, რომელიც თქვენ სახლს სიმყუდროვეს შესძენს.