
პატარა ბინის მოწყობას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, რადგან ის, რაც დიდ ბინაში კარგად გამოიყურება, პატარა ბინაში შეიძლება აბსოლუტურად უადგილო იყოს. Novate გიამბობთ, რა ავიწროებს სივრცეს ვიზუალურად და არ ჯდება ხრუშჩოვის ტიპის ბინის ინტერიერში.
1. არასწორი ზომის ხალიჩა
ხალიჩა სივრცის სამართავად შესანიშნავი საშუალება, მაგრამ თუ ზომას არასწორად შეარჩევთ, მთელ დიზაინერულ ჩანაფიქრს გააფუჭებთ. ძალიან პატარა ხალიჩა სივრცეში იკარგება, ხოლო ძალიან დიდი ოთახს ვიზუალურად აპატარავებს.
გაითვალისწინეთ, რომ კარი, რომელიც ოთახის შიგნით იღება, ხალიჩას არ უნდა ეხებოდეს. რაც უფრო დიდ ფართობს იკავებს ხალიჩა, ლამინატთან მიმართებაში მით უფრო კონტრასტული ფერის უნდა იყოს და, პირიქით. შენობაში მთავარ ზონებს საშუალო სიგრძის, 2-2,5 მ ხალიჩა კარგად გამოკვეთს. პატარა, ღია ფერის ხალიჩები აქცენტისთვის გამოიყენეთ და ლოგინის წინ, სამუშაო მაგიდის ქვეშ, სასტუმრო ოთახში დასასვენებელ კუთხეში დააფინეთ. მნიშვნელოვანია, რომ დივანზე ან სავარძელში ჯდომისას ადამიანებს ფეხები ხალიჩაზე ედოთ და არა შიშველ იატაკზე. ამასთან, ხალიჩა მთლიანად უნდა ჩანდეს და უფრო აქსესუარის როლს ასრულებდეს, ვიდრე ინტერიერის ფუნქციონურ დეტალს.
2. დიდი და საშუალო ზომის ნახატები
პატარა ბინაში კედლის დეკორის შერჩევა რთული ამოცანაა, მაგრამ მასზე უარის თქმა არ ღირს. შიშველი კედლები არასრულფასოვნების შეგრძნებას იწვევს და ინტერიერი ჰარმონიულად და მთლიანად არ გამოიყურება.
დიდი, თვალსაჩინო ნახატებით ოთახის გაფორმებაზე დაუყონებლივ უარი თქვით. ხელოვნების ნიმუში მყისიერად ყურადღებას იპყრობს, ხოლო სტატიკური ხედვა ოთახის პატარა სივრცის სწრაფად შეფასებას ხელს უწყობს.
დეკორისთვის პატარა, მხატვრული დეტალები გამოიყენეთ, რომელიც ხედვას ბინაში მოგზაურობის საშუალებას მისცემს და შენობის ნამდვილი ზომების დამალვაში დაგეხმარებათ. მაგალითად, პოსტერების სერია, ფოტოები ლაკონურ ჩარჩოებში, ლამაზად გაფორმებული საკუთარი სურათები, თეფშების კოლექცია და ა.შ. სწორად დალაგებული პატარა ელემენტები პატარა ოთახებისთვის იდეალურია.
3. დიდი ავეჯი
მაღაზიაში დიდი ლოგინი როგორი რბილი და კომფორტულიც არ უნდა ჩანდეს, მის შეძენაზე უარი თქვით, თუ პატარა საძინებელი ოთახისთვის არის განკუთვნილი. ეს არა მხოლოდ საწოლს, არამედ სხვა დიდ ავეჯს ეხება, რომელიც თითქმის მთელ სივრცეს იკავებს და მობრუნების საშუალებას არ იძლევა.
ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი: კომპაქტური და მრავალფუნქციური ნივთები გამოიყენეთ. მაგალითად, საწოლი ჩაშენებული კარადით, ჟურნალების მაგიდა, რომელიც სრულყოფილ სასადილო მაგიდად იშლება და ა.შ. პატარა ოთახი გამჭვირვალე ნივთებით არ გადატვირთოთ. დასაკიდ ავეჯს და წვრილფეხიან ნიმუშებს მოერიდეთ.
შენიშვნა: ერთი კოლექციის ავეჯიც კარგი გამოსავალი არაა. ის ოთახს მარტივს, ბანალურს ხდის, ხიბლს და ინდივიდუალურობას ართმევს, ცოტა ხანში მოსაწყენი ხდება. გასაფორმებლად სხვადასხვა კოლექციის ნივთები გამოიყენეთ, რომლებიც ფორმის, ფერის, ნახატის ან სტილის მიხედვით ერთმანეთს ერწყმის.
4. მასიური ჭაღი
თუ ხრუშჩოვის ტიპის ბინაში ცხოვრობთ, არა მხოლოდ პატარა სივრცის, არამედ დაბალი ჭერის გამო დისკომფორტს განიცდით. ჭერი რომ არ გაწვებოდეთ და შენობა ვიწრო საკუჭნაოდ არ იქცეს, დეკორატიული ელემენტების მქონე მსხვილ ჭაღზე უარი თქვით. ის ჭერზე ძალიან დიდ ყურადღებას იზიდავს და მკაფიოდ კვეთს ოთახის ცენტრს, რაც ყოველთვის კარგი არაა.
პატარა ოთახებში სჯობს მსხვილი ზომის სინათლის წყაროს მოერიდოთ. უპირატესობა წერტილოვან განათებას მიანიჭეთ. თუ ბინის რომელიმე კუთხეში სინათლე არ ხვდება, დამატებით განათებაზე იზრუნეთ. მაგალითად, სამუშაო მაგიდაზე სამაგიდე ნათურა დადეთ, სავარძლის გვერდით ტორშერი მოათავსეთ, რომ საღამოს წიგნის კითხვა მოსახერხებელი იყოს, ხოლო ლოგინთან ბრა დაკიდეთ.
5. მძიმე ფარდები
ძვირადღირებული, ხარისხიანი მძიმე ფარდები დიდი ბინის ინტერიერს იდეალურად უხდება. აი, პატარა ბინაში უადგილოა. ფარდები მთელ ყურადღებას იზიდავს და სივრცეს ავიწროებს. თუ მსგავსი შედეგის მიღება არ გსურთ, მსუბუქ ტილოს ან ნახევრად გამჭვირვალე, ღია ფერის ფარდას უპირატესობა მიანიჭეთ. ასეთი ფარდა მსუბუქი, უწონოა და ნებისმიერ ინტერიერს უხდება.
სხვათა შორის, თუ ოთახის პროპორციების გასწორება გსურთ, იატაკამდე გრძელი ფარდა აირჩიეთ, ხოლო კარნიზი ჭერთან მაქსიმალურად ახლოს დაკიდეთ. ასე შენობის ვიზუალურად გაწელვას შეძლებთ და მაღალი ჭერის ილუზიას შექმნით.
6. პატარა აქსესუარები
ზოგჯერ გვეჩვენება, რომ პატარა დეტალებით (ფიგურები, დაბალი ლარნაკები, სანთლები, ხელოვნური ყვავილები პატარა ქოთნებში და ა.შ) პატარა ბინის გაფორმება უფრო ადვილია. სამწუხაროდ, მცდარი მოსაზრებაა. აქსესუარები დიდ ადგილს არ იკავებს, მაგრამ არსებულ სივრცეს „ყოფს“.
გირჩევთ, გამოიყენოთ რამდენიმე ნათელი დეტალი ან ნეიტრალური დეკორი, რომელიც თვალსაჩინო არ იქნება და ბინის საერთო დიზაინს ჰარმონიულად გააგრძელებს. მაგალითად, გრძელი, ვერტიკალური ლარნაკი. მართკუთხა სარკე ორიგინალ ჩარჩოში. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ჯდება ინტერიერში, სტილს თუ აგრძელებს. დიზაინერები გირჩევენ, რომ შეარჩიოთ არა უბრალოდ აქსესუარი, რომელიც მხოლოდ მტვერს იგროვებს, არამედ ფუნქციური აქსესუარები.
7. დიდი სარკე
ცნობილია, რომ სარკე სივრცეს ვიზუალურად აფართოებს. ნამდვილად ასეა, მაგრამ გარკვეული დეტალები აქაც გვხდება. მაგალითად, პატარა საძინებელში მთელ კედელზე სარკეზე უარი თქვით. მასიური კარადა სარკიანი კარით უადგილოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საწოლის ან სამუშაო მაგიდის პირდაპირ დგას. ბევრ ადამიანს არ მოსწონს, როცა ძილის ან მუშაობის დროს მუდმივად მისი სახე სარკეში ირეკლება. დიახ, გაღვიძებისას საკუთარმა ანარეკლმა შეიძლება შეგაშინოთ, რადგან ამას საერთოდ არ ელოდით.
საშუალო ზომის სარკე გამოიყენეთ იმ ზონებში, სადაც ნამდვილად საჭიროა. შეარჩიეთ ოვალური ან მართკუთხა ფორმის სარკე უჩვეულო ჩარჩოში და საძინებელში ან შემოსასვლელში კედელზე დაკიდეთ. თუ ფიქრობთ, რომ სარკე ძალიან მარტოსულად გამოიყურება. გვერდებზე გონივრული დეკორი დაუმატეთ. შეგიძლიათ სანათი, თაროები ან ფოტოები დაკიდოთ.