
ძველი ჭაღების, ავეჯის, ფანჯრის ჩარჩოების და კარების გადაგდება ყოველთვის არ ღირს. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენში შემოქმედებითი ენერგია დუღს და სახლი რაღაც დიზაინერულ ნივთს მოითხოვს, რომელიც ინტერიერს დაამშვენებს და ყოველდღიურობაში სასარგებლო აღმოჩნდება. სწორედ ასე მოიქცა ერთი მოყვარული, რომელმაც ძველი ნივთი გარდაქმნა. გოგონას სურდა გაეკეთებინა ორიგინალური კონსოლის მაგიდა სარკით, ხოლო იდეის გასახორციელებლად ძველი აივნის კარი და რამდენიმე დამატებითი დეტალი გამოიყენა.
ძველი ბინების ფანჯრის ჩარჩოებმა და კარმა (მათ შორის აივნის კარმა) თავისი დრო უკვე მოჭამა, ამიტომ ახლა მათ ჩანაცვლებას ცდილობენ. როგორც წესი, ეს არქიტექტურული ელემენტი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ხოლო მასალა შეგიძლიათ ავეჯის შესაქმენლად გამოიყენოთ.
გამოჩნდებიან ენთუზიასტები, რომლებიც ძველი აივნის კარიდან ეფექტური კონსოლის მაგიდის სარკით გაკეთებას ახერხებენ. ასეთ საქმეს შეუდგა ოლღა აგაპოვა – კრეატიული დიზაინერი, დეკორატორი და დიდი გამომგონებელი, როცა საქმე იმ ნივთებს ეხება, რომელთა უმეტესობას სანაგვეში სინანულის გარეშე ისვრიან.
როგორც ცნობილია, ნებისმიერი გარდაქმნა დეკორატიული ელემენტების, სახელურების, საკეტების და საღებავის (რომელიც წლების განმავლობაში განახლებადი რემონტის გამო საკმაოდ სქელი ფენისაა) მოშორებით იწყება. ამ მიზნით გასახეხი მანქანა დაგჭირდებათ, უფრო რთულ შემთხვევაში ელექტროშალაშინი გამოიყენეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საშუალება, რომელიც საღებავის ფენას არბილებს, და სამშენებლო ფენი, მაღალ ტემპერატურაზე საფარის დასარბილებლად.
მნიშვნელოვანია! რომელი მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, Novate შეგახსენებთ, რომ ეს მტვრიანი/ჭუჭყიანი და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროცესია. სჯობს ქუჩაში ჩაატაროთ ან ღია ფანჯარასთან. სპეციალური ტანსაცმლის, რესპირატორის, სათვალის და ხელთათმანის გაკეთება არ დაგავიწყდეთ.
ყველა ზედაპირის და ტორსის გაწმენდის შემდეგ, დეფექტების (ნათალი, ნახეთქი, ნაკაწრი, ნახვრეტი და ა.შ.) დაფარვა დაიწყეთ. ამ მიზნით ხის ავეჯის სალესი გამოიყენეთ, რომელიც დროთა განმავლობაში არ სკდება და არ ძვრება. გაშრობის შემდეგ ზუმფარას ქაღალდით ან საპრიალებელი მანქანით გააპრიალეთ. ასე ზედაპირებს და ტორსებს გაასწორებთ.
როგორც კი ზედაპირებს მტვერს საგულდაგულოდ მოაშორებთ, შეგიძლიათ ნაწარმი შეღებოთ. თუ ღია ფერის ავეჯის ქონა გსურთ, რამდენჯერმე გრუნტის წასმა მოგიწევთ. თუ შავად აპირებთ შეღებვას – ეს ეტაპი თამამად გამოტოვეთ. საღებავის ფერი და ხარისხი თავად აირჩიეთ იმის მიხედვით, თუ რა გაქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ ინტერიერის სხვა ელემენტებთან ჰარმონიული შერწყმა არ დაგავიწყდეთ.
კარიდან მაგიდა რომ გააკეთოთ, რამდენიმე დეტალი დაგჭირდებათ: 2 ხის/ლითონის ფეხი, ვიწრო დაფა (მაგალითად, საჭირო ზომის ახალი თარო) და შესაბამისი ზომის სარკე. 2 პირველი ელემენტი მთავარ ფერში შეღებეთ.
როგორც კი ყველა დეტალი გაშრება, ააწყვეთ. თავდაპირველად, ფეხები დააფიქსირეთ, შემდეგ თარო, ბოლოს სარკე თავის ადგილას დაამაგრეთ, ცარიელი სივრცე შეავსეთ. გაითვალისწინეთ, რომ ოლღას „დაძველებული“ კონსოლის მაგიდის ქონა სურდა, ამიტომ საკეტი და სახელური არ შეცვალა. ასევე ზოგიერთ ადგილას წვრილმარცვლოვანი ზუმფარას ქაღალდით გახეხა, რომ „დაძველების“ ეფექტი შეექმნა.
ეს ძველი კარის დიზაინერულ ავეჯად გარდაქმნის ერთადერთი მაგალითი არაა. თქვენთვის რამდენიმე საინტერესო ვარიანტი შევარჩიეთ, რომლებიც მათაც შთააგონებთ, ვინც მსგავს რამეზე არასდროს დაფიქრებულა.