5 ციცქნა სახლი, რომელიც ყველა კომფორტით აღჭურვილ მოძრავ ბინად გადააკეთეს

თუ ბოლო წლებში მოძრაობის Tiny House (ციცქნა სახლი) ისტორიას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ თანამედროვე ამერიკული მოდელები უფრო დიდი და მდიდრული გახდა. როგორც ჩანს, დროა ვიწრო ფარდული და მინიატურული სალონები დაივიწყოთ, რადგან ზოგიერთი ავტოსახლის მოწყობის შემხედვარე მათი რაციონალური დაგეგმვა და კომფორტი შეგშურდებათ. ზოგს ასეთი პირობები ბინაშიც არ აქვს. ამ სიტყვებში რომ დარწმუნდეთ, Novate 5 ყველაზე დიდ და კარგად დაპროექტებულ „ციცქნა სახლს“ გთავაზობთ.

1. Canada Goose კანადური კომპანიისგან Mint Tiny House

კანადური კომპანია Mint Tiny House, რომელიც მინიმალიზმის და მოძრავი ცხოვრების მოყვარულებს ორიგინალური მოდელებით ხშირად ახარებს, ახლაც გამოირჩა. ამჯერად, საკმაოდ შთამბეჭდავი ავტოსახლი ააგო, რომლის ფართობი 30 მ² (შედარებისთვის: ერთ–ერთი პირველი ციცქნა სახლი, რომელიც ოდესღაც დიდად ითვლებოდა 9 მ² იყო).

ეს მოდელი პატარა სახლის დაგეგმარების საუკეთესო მაგალითია. სახლი ფართო და ნათელია, რაც ბევრი მინით და თეთრი ფერით მიიღწევა. სამოძრაოდ და ნივთების შესანახად დიდ ადგილსაც ყურადღება უნდა დაუთმოთ. აღსანიშნავია, რომ ინტერიერში ნატურალური ხე ჭარბობს – ასე მყუდროება და სასიამოვნო ხის არომატი გარანტირებულია.

შთამბეჭდავი ზომების გათვალისწინებით კომფორტული ცხოვრებისთვის ყველა აუცილებელი ზონა მოაწყვეს. სასტუმრო სრული ზომის დივანით, გვერდით სამეურნეო სტილში სამზარეულო ორი ნიჟარით, მაცივრით, ჩამოსაკიდი კარადით, ჩაშენებული გაზქურით, ბარის მაგიდით, სარეცხი და საშრობი მანქანით. „კანადური ბატი“ ასე შეარქვეს ამ მოდელს, რომელიც გამოირჩევა კარგად მოწყობილი სააბაზანო ოთახით, 1 საძინებლით პირველ სართულზე და 2 საძინებლით მეორე, სხვენის დონეზე, სადაც მრავალფუნქციური კიბით შეგიძლიათ მოხვდეთ.

ჩვენი მონაცემებით, ეს ფართო და კომფორტული მოდელი ეკოსასტუმროების მიერ გამოიყენება, როგორც კერძო ნომრები ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის.

2. მობილური სახლი Noyer XL კანადური მწარმოებლისგან Minimaliste Team

კანადურმა კომპანიამ Minimaliste Team, რომელიც მობილური სახლების დიზაინსა და აწყობაზე მუშაობს, ახლახანს მასშტაბური პროექტი Noyer XL დაასრულა. ეს მოდელი არც თუ ისე მინიატურულია. სამი სამბულის საფუძველზე 32 მ² ფართობის საცხოვრებელი სივრცე შექმნეს, რომელიც სხვადასხვა კლიმატურ ზონებსა და ექსტრემალურ ტემპერატურაზეა გათვლილი.

ამ სახლის საინტერესო დეტალია მაღალი პოდიუმი, რომელიც შენახვის ფართო სისტემებს მალავს, ამავდროულად შექმნილ სივრცეში განლაგებულია ფართო მისაღები, ცალკე ბარის მაგიდით. გარდა ამისა, სახლში მოწყობილია საძინებელი, სააბაზანო ოთახი სამრეცხაოთი და ულტრათანამედროვედ აღჭურვილი სამზარეულოს ტექნიკა, სადაც არა მხოლოდ სტანდარტული ავეჯის ნაკრების და მოწყობილობის, არამედ ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვისაც ადგილი მოინახა.

3. ბუქსირიანი სახლი Magnolia V5 კანადური კომპანიიდან Minimaliste Team

მობილური სახლის კიდევ ერთი მოდელი Magnolia V5, რომელიც კომპანიამ Minimaliste Team შექმნა. მფლობელებს შეზღუდვის გრძნობას ნამდვილად მოუხსნის, რადგან მისი ფართობი 37 მ²! ზოგადად პატარა ბინებს უფრო მოკრძალებული ზომები აქვთ. ეს გარემოება როგორც ამ მოდელის პლიუსი, ასევე მინუსია, რადგან ასეთი ზომის სახლის გადასაყვანად დამატებითი ნებართვის დოკუმენტები დაგჭირდებათ. საცხოვრებელი ფართის ზომა და მისი რაციონალური გამოყენება იმდენად შთამბეჭდავია, რომ ზოგიერთი დისკომფორტის დავიწყება შეიძლება.

კომპანიის დიზაინერებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მოდელი პრეზენტაბელური და მთელი ოჯახის კომფორტული ცხოვრებისთვის ყველა აუცილებლი პირობით უზრუნველყოფილი ყოფილიყო. დიდი მისაღები, კეთილმოწყობილი სამზარულო და სააბაზანო, 2 საძინებელი, ბევრი ფარული შენახვის სისტემა – ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ, რომ დასვენება კარგად დაგეგმოთ ან უბრალოდ შეზღუდვის გარეშე იცხოვროთ.

ამ სახლის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ აწყობის დროს საიზოლაციო და ჰაერგაუმტარ მასალებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს, რაც კანადური ცივი ზამთრის პირობებში სტაბილური შიდა ტემპერატურის შენარჩუნებას იძლევა. სიცხეც შემაწუხებელი არაა. გაგრილებას და გათბობას ჭერის ვენტილიატორები და 2 კონდიციონერი, ასევე ჰაერის აღმდგენი თბომიმომცვლელები უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ Magnolia V5 სტანდარტული RV სტილში მუშაობს (დამატებითი საფასურის შემთხვევაში მზის პანელების დაყენებაც შეიძლება) და SIP–ის (სტრუქტურული იზოლირებული პანელები) გამოყენებით აიწყო.

შენიშვნა: მოძრავი სახლის ფასი თითქმის ნამდვილი ვილის ღირებულებაა, 103 ათასი დოლარიდან იწყება.

4. პატარა სახლი Phoenix ამერიკული კომპანიისგან Alpine Tiny Homes

ამერიკული კომპანიის Alpine Tiny Homes მოძრავ სახლს „ფენიქსს“ მინიატურულს ვერ უწოდებთ, რადგან მისი ზომებია 12,5×3.4 მ. ამ სახლის გამორჩეული თვისებაა ის, რომ სხვენი არ აქვს, ამიტომ მაღალი ჭერი ძველ ალპურ სტილში ხის ძელებით გააკეთეს.

ასეთი დიზაინის წყალობით სახლში მოხვედრისას ვერ მიხვდებით, რომ ის მინიატურულ სახლად ითვლება. ღია განლაგება, ფანჯრები ორ დონეზე და ჩაშენებული მანსარდული ფანჯარა, ბევრი ნატურალური ხე, ორიგინალური აქსესუარები, სანათები და ჭერის ვენტილიატორი, ბუხარი, შენახვის სისტემები, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ზონები – ეს ყველაფერი კომფორტულ დასვენებას და დიდხანს ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა.

შენიშვნა: „ფენიქსი“ დამწვარი სახლის ნაცვლად შეკვეთით შეიქმნა. აი, აქედან მოდის მისი შთამბეჭდავი სახელი. ამჯერად, დამკვეთმა წინა მოდელის ყველა შეცდომა გაითვალისწინა და უფრო ადაპტირებული სივრცის ქონა ისურვა. ფენიქსი სრული კომპლექტით და მზის პანელებით 110 ათასი დოლარი დაჯდა, რაც ამერიკული სტანდარტებით მოკრძალებულ ფულზე მეტია.

5. მობილური სახლი Denali XL ალაბამის კომპანიიდან Timbercraft Tiny Homes

კიდევ ერთი ამერიკული კომპანია, რომელიც ბორბლებზე გიგანტური სახლების აწყობით გამოირჩევა. მას მომხმარებლის ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია. მისი კომფორტის, დაგეგმვის, დიზაინის და 41 მ² ფართობის შეიძლება მხოლოდ შეგვშურდეს.

ორიგინალურ მოდელს ძალიან მიმზიდველი კოტეჯის გარეგნობა აქვს, საიდინგის დაფებით, მეტალის თავსახურით და ორი შესასვლელი კარით. დიზაინერებმა ინტერიერის მოწყობისას ხის სტილს უპირატესობა მიანიჭეს, ამიტომ უხვი ხის ზედაპირით გამოირჩევა, მათი ნაწილი ღია ფერშია შეღებილი. სახლს მხოლოდ ერთი საძინებელი აქვს და ისიც მეორე დონეზე, ამიტომ შეძლეს შემდეგი ზონების მოწყობა: დიდი მისაღები მაღალი ჭერით, თანამედროვე სამზარეულო სრული ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ნაგვის დასაპრესი მოწყობილობით და ჭურჭლის სარეცხი მანქანით.

სახლს აქვს სააბაზანო ოთახიც, სადაც სამზარეულოს მიღმა მოძრავი კარიდან შეგიძლიათ შეხვიდეთ. მას დიდი ფართობი აქვს, ამიტომ სრულყოფილი საშხაპე და უნიტაზი, თაროები, სარეცხი საშუალებების შესანახი ტუმბო, ტუალეტის მაგიდა მოაწყვეს. აქვე სამრეცხაო კუთხეც გააკეთეს. სარეცხი მანქანა და ელექტროსაშრობი კედელში ჩააშენეს, რომ დიდი ადგილი არ დაეკავებინა.